...

ბაიერნი 3:0 შალკე: მატჩის ანალიზი

გერმანიის თასის მეოთხედფინალში მიუნხენურმა გრანდმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა და შინ "შალკე" უშანსოდ გაანადგურა - 3:0.

რობერტ ლევანდოვსკიმ მორიგი გოლები გაიტანა, ფრანკ რიბერი წარმატებით დაბრუნდა და "ბაიერნი" ტურნირის ნახევარფინალში ზედიზედ მერვედ გავიდა! ეს დიდებული საღამო იყო, რომლის დეტალურ განხილვას ახლა გთავაზობთ.

მატჩის მსვლელობა

მიუნხენური კლუბი საქმეში თავიდანვე ჩაერთო და საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო. "ბაიერნმა" ეგრევე მაღალი პრესინგი განახორციელა და მეტოქეს აგრესიულად შეუტია. ამან კი თავისი შედეგი უკვე მესამე წუთზე გამოიღო, როდესაც ტიაგოს პასის შემდეგ ბენდიკტ ჰიოვედესი შეცდა და ბურთი ვერ შეიმაგრა. ფრანკ რიბერი კი წინ დაიძრა და საჯარიმოში რობერტ ლევანდოვსკის შეუგორა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და ლამაზი აგდებით ბურთი შორეულ კუთხეში ოსტატურად ჩასვა - 1:0! ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ "რეკორდმაისტერი" არ ხუმრობდა და მალევე "წითლებმა" მეორე ბურთი გაიტანეს. რიბერიმ რობერტს საჯარიმოში კვლავ შეუყოლა, მაგრამ ამჯერად ცოტათი ძლიერად, რის გამოც პოლონელს ფლანგზე გადასვლა მოუწია, მაგრამ მეკარე რალფ ფიარმანიც გაიყოლა. ამასობაში რობერტი მოტრიალდა და საჯარიმოში რბილად ჩააწოდა, იქ კი თავით ტიაგო ალკანტარამ ივარგა და კარისკენ მორბენალ ფიარმანს შანსი აღარ დაუტოვა. ესპანელმა მიმდინარე სეზონში თავისი მეექვსე გოლი გაიტანა, რაც მისთვის კარიერული რეკორდია.


მეორე გოლიდან ერთ წუთში ძალიან კარგი შანსი უკვე გელზენკირხენულ კლუბს ჰქონდა, როდესაც საჯარიმოში ბურთი ლეონ გორეცკამ მიიღო და ცხრიანისკენ ჩაჭრა, მაგრამ სულ ცოტათი ააცილა მიზანს. პირველი ნახევრის შუაწელს კი "შალკემ" საკუთარ ნახევარზე ბურთი კიდევ ერთხელ დაკარგა, ლევანდოვსკიმ რიბერის გაატანა, რომელიც საჯარიმოში შევიდა, მაგრამ იმის მაგივრად, რომ მარცხნივ წამოსულიყო და შორეულ კუთხეში დაერტყა, გონივრულად იმოქმედა და უკან თავისუფალ ზონაში რობერტს დაუბრუნა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და რიბერი-ლევის თანდემი კიდევ ერთხელ შეიკრა. "ბაიერნმა" სამი ბურთი გაიტანა, საქმე მოითავა და საწყისი 45 წუთი მშვიდად ჩაამთავრა. "შალკეს" მიზერული შანსიც კი არ ჰქონია.

შესვენების შემდეგ "რეკორდმაისტერმა" ძალების დაზოგვა გადაწყვიტა, თამაშის ტემპი დააგდო და ბურთის კონტროლი დააწესა. კარლო ანჩელოტის გუნდი თამაშს იდეალურად აკონტროლებდა და უკანა ხაზზე ორგანიზებულად მოქმედებდა. მეორე ტაიმში მინდორზე ხუან ბერნატი გამოჩნდა, რომელსაც დებიუტში კარგი შანსი ჰქონდა, როდესაც რიბერის პასით საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ მას ფიარმანმა აჯობა. "შალკე" კი ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მიუნხენურმა კლუბმა ძალიან დამაჯერებლად ითამაშა და საქმე ბოლომდე მიიყვანა.

შეხვედრის ბოლოს კი მოედნიდან ჰოლგერ ბადშტუბერი გააძევეს, რომელიც "ბაიერნის" კუთვნილებაა. ჰოლგერმა ჯერ არიენ რობენის სახიფათო გარღვევა შეაჩერა, შემდეგ კი ფლანგზე ხავი მარტინესს მიარტყა ფეხი, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ორივე ყვითელი ბარათი სამართლიანად მიიღო. აი ასე ესტუმრა ჰოლგერი "ალიანს არენას" მეორედ. საკუთარი გუნდის წინააღმდეგ, საკუთარ საშინაო არენაზე, ბადშტუბერი მოედნიდან გააძევეს.

კეთილი იყოს შენი დაბრუნება მისიე ფრანკი!

გუშინდელი მატჩის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა და პოზიტივი ლეგენდარული ფრანგი ვინგერის, ფრანკ რიბერის, დაბრუნება იყო, რომელსაც კუნთის დაზიანების გამო დაახლოებით სამი კვირა გაუცდა. რიბომ ბრაზილიელი დუგლას კოშტა შეცვალა და მიმდინარე სეზონში მორიგი ნაყოფიერი მატჩი ჩაატარა. 2017 წელს ვეტერან ფრანგს ასეთი კარგი შანსი ჯერ არ ჰქონია და ფრანკმა ეს შესაძლებლობა კარგად გამოიყენა. რიბერიმ რობერტ ლევანდოვსკის ორი საგოლე გადაცემა გაუკეთა და საკუთარ ფლანგზე ძალიან აქტიური იყო. აშკარაა, რომ რობენის მსგავსად, ასაკი რიბერის კლასსაც ჯერ ვერაფერს აკლებს და ეს ორი ფანტასტიკური მოთამაშე გუნდისათვის კვლავ სასარგებლოა. ამის შესახებ უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ და კიდევ ბევრჯერ ვისაუბრებთ, რადგან ძალიან სასიამოვნოა - მაშინ, როდესაც ყველა ფიქრობს, რობენისა და რიბერის დრო წავიდაო, ისინი ყოველ შეხვედრაში საპირისპიროს ამტკიცებენ და "ბაიერნის" თამაშში დიდ როლს ასრულებენ.

ძალიან სასიხარულოა, რომ რიბერიმ ის კარგი ფორმა, რომელიც პირველ წრეში ჰქონდა აკრეფილი, არ დაკარგა და მიუხედავად მცირე პაუზისა კვლავ ჩინებულ კონდინციებშია. ზოგადად, გამოცდილი ფრანგის პლიუსი სწორედ ეს არის - მას დაბრუნებისთანავე შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და ამისათვის დროს არ კარგავს. გავიხსენოთ თუნდაც გასული სეზონი, როდესაც რიბერი მიუნხენგლადბახის "ბორუსიასთან" გასვლით შეხვედრაში მთელი 8-9 თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ეგრევე გოლი გაიტანა. ეს მისი სტილია და იმედია, რიბერი სეზონის ბოლომდე ისეთი სასარგებლო იქნება, როგორც ახლა. კეთილი იყოს შენი დაბრუნება მისიე, "ბაიერნის" ქომაგებს შენი იმედი ყოველთვის ექნებათ!

"ფრანკმა ძალიან კარგად ითამაშა. მან თითოეულ გოლში მიიღო მონაწილეობა. რიბერის გამო ძალიან ბედნიერი ვარ", - ასე შეაფასა 33 წლის ფრანგის დაბრუნება კარლო ანჩელოტიმ.

ტიაგოს როლი

პირველ რიგში, ტიაგო ალკანტარას უნდა მივულოცოთ, რადგან მან გუშინ მიმდნარე კამპანიაში თავისი მეექვსე ბურთი გაიტანა და კარიერაში ყველაზე შედეგიან სეზონს ატარებს. ყველაზე საინტერესო კი მისი სათამაშო როლი იყო, რომელიც კითხვებს აჩენდა. "ბაიერნის" ტაქტიკა 4-2-3-1 იყო თუ 4-3-3? ამის ზუსტად თქმა ცოტათი რთულია, რადგან ესპანელი ცენტრი გუშინ სიღრმეშიც ჩადიოდა და შეტევასაც აქტიურად ამარაგებდა. რიბერი და რობენი ფლანგებზე მოქმედებდნენ, რობერტ ლევანდოვსკი თავდასხმის ცენტრში, ტიაგო კი უბრალოდ ცენტრში, თუმცა გამთამაშებლის თუ საყრდენის პოზიციაზე ? ალბათ, ორივეზე, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის დიდ სამუშაოს ასრულებდა, უკან იხევდა, ალონსოსა და ვიდალს შავი სამუშაოს შესრულებაში ეხმარებოდა, ამავდროულად, შემტევებსაც ამარაგებდა და გოლიც გაიტანა. შეიძლება ითქვას, რომ ტიაგო ათიანისა და ექვსიანის როლს ერთდროულად ითავსებდა და რაღაც საშუალო გამოდიოდა (თუ საშუალო არითმეტიკულს ავიღებთ მაშინ ალკანტარას როლი რვიანად შეგვიძლია მოვიაზროთ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით...).

ფაქტია, რომ ესპანელი საუცხოო ფორმაშია და თუ კარლო ანჩელოტის "მილანს" გავიხსენებთ, ეს ანდრეა პირლოს პროტოტიპია, რომელიც ასევე ორმაგ სამუშაოს ასრულებდა და როგორც ცენტრს, ისე თავდასხმას ეხმარებოდა. თუკი თავის დროზე "როსონერის" მაესტრო ანდრეა ჰყავდა, ჩვენ ახლა მაესტრო ალკანტარა გვყავს, რომელსაც მიუხედავად დაბალი სიმაღლისა თავითაც გააქვს და ამ მომენტისათვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი, დახვეწილი ცენტრალური ნახევარმცველია. გვარდიოლას სისტემაში ტიაგოს ტაქტიკური როლი არ ჩანდა, ანჩელოტიმ კი მისი როლი უფრო გამოკვეთა და ალკანტარას ეტყობა, რომ გუნდისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა.

"ბაიერნი" ჩაირთო?

მთელი სეზონია ვსაუბრობთ, რომ მიუნხენური კლუბი ბუნდესლიგაში ძალებს ზოგავს, მხოლოდ კლასისა და მენტალიტეტის ხარჯზე იგებს, ხოლო თავის საუკეთესო ფეხბურთს ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში აჩვენებს. ახლა უკვე გაზაფხული დაიწყო და ნუთუ დროა, რომ "ბაიერნის" რეალური სახე ვიხილოთ? ფაქტია, რომ ბოლო კვირეებში "რეკორდმაისტერმა" სამ სხვადასხვა ტურნირზე სამი უმაღლესი კლასის მატჩი ჩაატარა. ჯერ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "არსენალი" გაანადგურა (5:1), შემდეგ იყო ჩავარდნა ბერლინში და რეაბილიტაცია "ჰამბურგთან" არანორმალურ შეხვედრაში (8:0) და გუშინდელი ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება. ბუნდესლიგაში "შალკეს" წინააღმდეგ "რეკორდმაისტერმა" დაახლოებით რამდენიმე კვირის წინ ძალიან უსუსურად ითამაშა და ახლა იგივე გუნდი უშანსოდ დაამარცხა. აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს იმის უფლება, რომ "ბაიერნის" ძალების დაზოგვასა და სტრატეგიულ მიდგომაზე ვისაუბროთ. მაშინ "რეკორდმაისტერს" არ სჭირდებოდა, ახლა კი დასჭირდა და გელზენკირხენული კლუბი უპრობლემოდ დაამარცხა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ანჩელოტის საკუთარი გუნდები ფორმის პიკში სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში გაჰყავს და "ბაიერნი" ახლა ასეთ მდგომარეობასთან ძალიან ახლოსაა. თუ "ჰერტასთან" თამაშს არ ჩავთვლით, ბოლო შეხვედრებში გუნდმა უნაკლოდ იასპარეზა, 16 გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი გაუშვა. იქნებ მოვიდა დრო, რომ "რეკორდმაისტერი" სრულიად ჩაირთოს? ამას უახლოესი შეხვედრები გვიჩვენებს, მაგრამ რეალურად მნიშვნელოვანი მატჩები "ბაიერნს" უკვე აპრილამდე აღარ ექნება. ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური შეხვედრა უფრო ფორმალობაა, ამიტომ თუ მიუნხენელები ასე გააგრძელებენ ესეიგი ისინი უკვე გაჩარებას აღარ აპირებენ და ფორმის პიკზე სწორედ ახლა გადიან.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
მატჩის ანალიზი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა