...

ბაიერნის საუკეთესო "დაბრუნებები" ჩემპიონთა ლიგაზე

საფეხბურთო სამყაროში არსებობს ასეთი ინგლისური ტერმინი - "Comeback", რომელიც ქართულად როგორც დარუნება ისე ითარგმნება. სწორედ ეს სჭირდება ხვალ საღამოს მიუნხენის "ბაიერნს" იმისათვის, რომ მადრიდის "რეალი" გასვლაზე დაამარცხოს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდეს.

მიუნხენში კარლო ანჩელოტის გუნდმა 1:2 წააგო და საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ "ბაიერნისთვის" შეუძლებელი არაფერია, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ რობერტ ლევანდოვსკი ბრუნდება. "რეკორდმაისტერს", რომელსაც ფანტასტიკური შეტევითი პოტენციალი აქვს, მადრიდში ორი ბურთის გატანა შეუძლია, ამიტომ ჩვენ უნდა გვჯეროდეს, იმედი ვიქონიოთ და უბრალოდ დაველოდოთ მოვლენების რეალურად განვითარებას.

ახლა კი კარგი განწყობის შესაქმნელად ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენური კლუბის საუკეთესო დაბრუნებებს შემოგთავაზებთ და ამის შემდეგ "რეალთან" საპასუხო მატჩის წინ უფრო იმედიანად იქნებით. ჩვენი გუნდი აქამდეც არაერთხელ ყოფილა გამოუვალ სიტუაციაში, მაგრამ არაერთხელ გადაულახავს რთული ბარიერი.

თავიდანვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგა და მისი ფლეი-ოფის ეტაპი ის ტურნირია, სადაც ყველაფერს პატარა დეტალები წყვეტს. სწორედ ამიტომ ჩვენს ამ სიახლეშიც ბევრი ისეთი დაბრუნება იქნება, რომლებიც პატარა-პატარა დეტალებად, ნაწილებად არის დაყოფილი და არა ცალკეულ მატჩებად. პრინციპში ორმატჩიანი დუელშიც საბოლოო შედეგი სწორედ 180 წუთის შემდეგ მიიღება და არა 90.

კიევის დინამო 3:3 ბაიერნი - ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალი (1998/99)



1998/99 წლების სეზონი მიუნხენური კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, თანაც ეს ლეგენდარული ოტმარ ჰიტცფელდის სადებიუტო სეზონია, რომელმაც "ბაიერნში" თავისი მოღვაწეობა თავიდანვე იდეალურად დაიწყო. "რეკორდმაისტერმა" ფლეი-ოფის პირველ სტადიაზე "კაიზერსლაუტერნი" ორი მატჩის ჯამში 6:0 გაანადგურა, შემდეგ კი ვალერი ლაბანოვსკის ფანტასტიკურ კიევის "დინამოს" დაუპირისპირდა. უკრაინელებმა მეოთხედფინალში ტურნირის მოქმედი გამარჯვებული მადრიდის "რეალი" დაამარცხეს (3:1 ორი მატჩის ჯამში) და რა თქმა უნდა, საოცრად თავდაჯერებულები იყვნენ. მაშინდელ "დინამოში" ისეთი დიდებული ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც სერგეი რებროვი, ანდრეი გუსინი და ანდრეი შევჩენკო იყვნენ. აგრეთვე კიეველთა ღირსებას ქართველი ლეგენდა კახა კალაძეც იცავდა.

პირველი თამაში უკრაინის დედაქალაქში გაიმართა და მიუხედავად გერმანელების ენერგიული სტარტისა, ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. ვალენტინ ბელკევიჩის ფანტასტიკური პასის შემდეგ ახალგაზრდა შევჩენკო ოლივერ კანთან პირისპირ დარჩა და შორეულ კუთხეში მარტივად შეაგდო - 1:0! "ბაიერნმა" მოუმატა და საპასუხო ბურთის გატანა მალევე შეეძლო, მაგრამ საბოლოოდ ტაიმის ბოლოს თავად მიიღო. სტანდარტიდან შექმნილი არეულობით კვლავ შევამ ისარგებლა და დუბლი გაიფორმა. ძალიან მალე "დინამოს" მესამე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ "ბაიერნი" ოლივერ კანმა იხსნა და პირველი ნახევრის ბოლო წამებზე მიხაელ ტარნატმა შორეული საჯარიმო დარტმით კიეველებს გოლი გასახდელში გაატანა. მეორე ტაიმი "დინამომ" საოცრად დაიწყო, რამდენიმე მომენტი შექმნა და მიზანსაც მიაღწია - ვიტალი კოსოვსკიმ ოსტატური დარტყმით უკრაინული გრანდის ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა, "ბაიერნი" კი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.



ოტმარ ჰიტცფელდის გუნდი მთელი ძალებით წინ წავიდა და მეტოქეს კონტრშეტევებისთვის კარგი სივრცეები დაუტოვა. "დინამო" თავს კარგად იცავდა, ხოლო სწრაფ კონტრიერიშებზე მომენტებსაც ქმნიდა. ერთ-ერთ ეპიზოდში "ბაიერნის" მოთამაშეებმა ბურთი ცარიელი კარიდანაც კი გამოიტანეს, მაგრამ მიუნხენური გრანდი არ დანებდა, ზეწოლა გააძლიერა და საბოლოოდ მეტოქე მაინც გატეხა. 78-ე წუთზე კიეველთა კარში სახიფათო ჯარიმა დაინიშნა და ბურთთან შტეფან ეფენბერგი მივიდა. ეფესგან ყველა ჩაწოდებას მოელოდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ყველა მოატყუა, ახლო კუთხეში ლამაზად ჩაახვია და ალექსანდრ შოვკოვსკის შანსები არ დაუტოვა. 10 წუთში კი კარსტენ იანკერმა "დინამოს" მცველები ფიზიკურად დაჯაბნა და საერთოდ ანგარიში გაათანაბრა - 3:3. მაშინ, როდესაც კიევის "დინამო" ორჯერ იგებდა ორი ბურთით და მეორე ტაიმის შუაწელს მე-4 ბურთის გატანაც შეეძლო, "რეკორდმაისტერმა" დიდებული დაბრუნება შემოგვთავაზა და ბოლო 12 წუთში ორმატჩიანი რაუნდის ბედი შეცვალა.

საპასუხო შეხვედრაში ფავორიტი უკვე გერმანული გრანდი იყო, რომელმაც ოლიმპიურ სტადიონზე ქომაგები პირველ ტაიმში ძალიან ანერვიულა, მაგრამ მაინც იმარჯვა. უკრაინულმა კლუბმა გერმანიაში საოცრად დაიწყო, პირველი რეალური მომენტები სწორედ კიეველებმა შექმნეს და რომ არა ოლივერ კანის ფანტასტიკური თამაში "დინამო" მინიმუმ ორ-სამ ბურთს გაიტანდა. ამის შემდეგ კი "რეკორდმაიტერმა" უპირატესობა მოიპოვა და მარიო ბასლერმა 35-ე წუთზე ულამაზეს სტილში (დაახლოებით არიენ რობენის სტილში) ერთადერთი გოლი გაიტანა. "ბაიერნმა" კიევში სუპერ დაბრუნების წყალობით ფინალში გააღწია, სადაც თავადაც კარგად იცით რა მოხდა..."ბაიერნმა" "მანჩესტერ იუნაიტედთან" დასანანად სამ წუთში ყველაფერი დაკარგა.

რეალი 3:2 ბაიერნი - ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი (2006/07)


2006/07 წლების სეზონში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ორრაუნდიანი "ევროპული კლასიკო" გაიმართა. იმ დროისთვის "სამეფო კლუბს" ფანტასტიკური შემადგენლობა ჰყავდა, რომელსაც ლეგენდარული ფაბიო კაპელო წვრთნიდა და ფავორიტად სწორედ ესპანელები ითვლებოდნენ. მადრიდული თამაშის პირველმა ტაიმმა ეს მხოლოდ დაადასტურა. ფელიქს მაგათის "ბაიერნი" არც თუ ისე კარგად იყო მომზადებული, ამიტომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" პირველი 45 წუთი ნამდვილი კოშმარი იყო. ანგარიში უკვე მატჩის მე-10 წუთზე რაულ გონსალეს ბლანკომ გახსნა. საბედნიეროდ, "რეკორდმაისტერმა" სტანდარტი გამოიყენა და ლუსიომ წონასწორობა აღადგინა. თუმცა 5 წუთში რაულმა დუბლი გაიფორმა, კიდევ 6 წუთში კი უკვე რუდ ვან ნისტელროიმ გაიტანა. დარჩენილ დროში "რეალს" კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ არ გაუმართლა და საბოლოოდ პირველი ნახევარი მადრიდელებმა 3:1 მოიგეს. ბევრმა ჩათვალა, რომ "ბაიერნის" საქმე წასულია, მაგრამ არა...

...მეორე ტაიმი გერმანელებმა სულ სხვა მონდომებითა და შემართებით დაიწყეს. მართალია დევიდ ბექჰემმა ოლივერ კანს ფენომენალური სეივით "ბაიერნის" გადარჩენა აიძულა, მაგრამ მეორე ნახევარი უკვე "რეკორდმაისტერის" იყო, რომელიც ბევრს უტევდა და რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი შექმნა. მატჩის მიწურულს კი, როდესაც იკერ კასილასი ფანტასტიკურად თამაშობდა, ესპანელების წინააღმდეგობა გუნდის ერთ-ერთმა სულიერმა ლიდერმა, მარკ ვან ბომელმა, გატეხა. ჰოლანდიელმა საჯარიმოს მახლობლად შორიდან უძლიერესი და უზუსტესი დარტყმა განახორციელა, რომელმაც "ბაიერნს" საპასუხო მატჩის წინ ძალიან კარგი შანსები დაუტოვა. ვან ბომელმა ეს გოლი 88-ე წუთზე გაიტანა.

მიუნხენში "ბაიერნმა" საოცრად დაიწყო და "რეალის" კარი უკვე მე-11 წამზე აიღო. რობერტო კარლოსის შეცდომით ჰასან სალიჰამიჯიჩმა ისარგებლა და გოლი როი მაკაიმ გაიტანა. მეორე ტაიმში ლუსიომ "სამეფო კლუბს" კვლავ გაუტანა, საბოლოოდ კი "ბაიერნმა" 2:1 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. თუმცა რომ არა ვან ბომელის გოლი და "ბაიერნის" სასწაულებრივი დაბრუნება მეორე ტაიმში, არავინ იცის რა მოხდებოდა.

მანჩესტერ იუნაიტედი 3:2 ბაიერნი - ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი (2009/10)


2009/10 წლების სეზონში მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგაზე საოცრად დრამატული და ნერვიული გზა გაიარა. ლუი ვან გაალის გუნდმა მერვედფინალში "ფიორენტინა" არიენ რობენის შედევრისა და სტუმრად მეტი გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა. ზუსტად იგივე სცენარი განმეორდა მომდევნო ეტაპზე, მაგრამ ამჯერად დიდი სერ ალექსის "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ, რომელიც ტურნირის ბოლო ორგზის ფინალისტი იყო. პირველი თამაში "ალიანს არენაზე" "ბაიერნმა" ასევე დაბრუნებით და ბოლო 15 წუთში გატანილი ორი ბურთით მოიგო. უეინ რუნის სწრაფი გოლით ინგლისელები დიდი ხანი იგებდნენ, მაგრამ 77-ე წუთზე ფრანკ რიბერიმ ჯარიმა გაიტანა, ბოლო წუთზე კი ივიცა ოლიჩმა მეტოქე გუნდის მცველებს ბურთი მოპარა და გამარჯვების გოლი შეაგდო - 2:1.

"ოლდ ტრაფორდზე" კი ყველაფერი კატასტროფულად დაიწყო. "წითელმა ეშმაკებმა" მიუნხენური კლუბის სუსტი დაცვის ხაზი მარტივ მამრავლებად დაშალეს და უკვე 7 წუთში თითქმის ყველაფერი დაასრულეს. დარონ გიბსონმა შორეული დარტყმით ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა, 4 წუთში კი ლუიშ ნანიმ ქუსლით ლამაზი ბურთი გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა. "ბაიერნის" დაცვის ხაზი სრულიად დემორალიზებული იყო და ტაიმის ბოლოს, 41-ე წუთზე, ერთი სახიფათო კონტრშეტევაც გაეპარა, რომელიც ნანის გოლით დასრულდა და "მანჩესტერის" საბოლოო გამარჯვებაში ეჭვი უვკე აღარავის ეპარებოდა. თუმცა მაშინ, როდესაც "ბაიერნი" ყველამ გაწირა და გუნდი რეალურად ნადგურდებოდა, ივიცა ოლიჩმა მკერდით ურთულესი ბურთი დაამუშავა და მახვილი კუთხიდან ედვინ ვან დერ სარს უბრალოდ ფენომენალურად შეუსრულა - 3:1. ხორვატმა "იუნაიტედს" გოლი გასახდელში გაატანა, "ოლდ ტრაფორდი" დაადუმა და ინტრიგა დააბრუნა.


მეორე ნახევარი "ბაიერნმა" ძალიან აქტიურად დაიწყო და უკვე მატჩის 50-ე წუთზე "მანჩესტერ იუნაიტედი" 10 კაცით დარჩა, რადგან რაფაელმა მეტოქის სახიფათო კონტრშეტევა ჩაშალა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. ამის შემდეგ კი მოხდა ის, რაც უბრალოდ ჩემპიონთა ლიგის კლასიკა და არიენ რობენის გმირობის ნაწილია. 74-ე წუთზე ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გავიდა და ეს შევედრი "ოცნებების თეატრში" რიბერისა და რობენის გენიალურმა თანდემმა შექმნა. ფრანგმა ბურთი კუთხურის ალამთან გაასწორა და როდესაც ყველა ჩაწოდებას ელოდებოდა, რიბერიმ მოულოდნელად ბურთი ჰაერში მოჭრა და პირდაპირ არიენ რობენს დაასვა, რომელმაც საჯარიმოს ხაზთან კორპუსი ჩადგა, მარცხენა ფეხი ასწია და ჰაერიდანვე შორეულ დაბალ კუთხეში გაუშვა - 3:2, არიენი ემოციებს ვერ მალავდა, ვან გაალი ეიფორიაში იყო, ფერგიუსონი შოკში, ხოლო "ოცნებების თეატრში" ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური, დრამატული სპექტაკლი დაიდგა.


"ბაიერნმა" დაამტკიცა, რომ არასოდეს უნდა დანებდე და ნამდვილი სასწაული შემოგვთავაზა. საბოლოოდ, არიენ რობენისა და ივიცა ოლიჩის გოლებით ლუი ვან გაალმა "რეკორდმაისტერი" ფინალში გაიყვანა, იქ კი უკვე ჟოზე მოურინიოს უძლიერესმა "ინტერმა" შანსები აღარ დაგვიტოვა - 0:2.

ბაიერნი 3:1 მანჩესტერ იუნაიტედი - ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი (2013/14)


პეპ გვარდიოლას პირველ სეზონში ფლეი-ოფის საწყის სტადიებზე ინგლისური კლუბების დამარცხება მოუწია. მერვედფინალში "ბაიერნმა" ლონდონის "არსენალი" გამოაგდო, შემდეგი კი დევიდ მოიესის "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო, რომელმაც პირველი თამაში საკუთარ კედლებში კარგად ჩაატარა და არც თუ ისე ცუდ შედეგს მიაღწია - 1:1.

მიუნხენში კი "ბაიერნი" თავიდანვე უდიდეს უპირატესობას დაეუფლა, მაგრამ გოლის გატანას ვერაფრით ახერხებდა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი მოხდა ის, რასაც არავინ მოელოდა, მაგრამ ალბათ ყველას ეშინოდა - "წითელ ეშმაკებს" ძალიან გაუმართლათ და პატრის ევრამ შორიდან არანორმალური გოლი გაიტანა. 0:1 და თამაშის დასრულებამდე 30 წუთი იყო დარჩენილი. ალბათ "ბაიერნის" ქომაგები მცირე პანიკაში ჩავარდნენ, მაგრამ მიუნხენური გრანდი მომენტალურად გამოცოცხლდა და დიდებული დაბრუნება გააკეთა. ევრას გოლის შემდეგ მიუნხენელები ცენტრში ბურთი გაითამაშეს, მარცხენა ფრთიდან შეტავაში წავიდნენ, საჯარიმოში ჩააწოდეს და მარიო მანჯუკიჩმა თავით ყველა დაამშვიდა - 1:1. დაახლოებით 10 წუთში კი რობენის პასით თომას მიულერმა "ბაიერნი" წინ გაიყვანა, კიდევ 10 წუთში კი ჰოლანდიელმა თავის სტილში "იუნაიტედს" კვლავ გაუტანა - 3:1!

აი ასე დაბრუნდა პეპ გვარდიოლას გუნდი და ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. რაც შემდეგ მოხდა ესეც ძალიან მტკივნეული თემაა და დარწმუნებული ვარ, "ბაიერნის" ყველა ქომაგს კარგად ახსოვს, ამიტომ მოდი ამას გადავახტეთ.


ბაიერნი 6:1 პორტუ - ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი (2014/15)


ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური თამაში მიუნხენურმა გრანდმა "პორტუსთან" გასვლაზე სენსაციურად 1:3 წააგო და თავი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო. თუმცა "დრაგაოზე" შემთხვევითობის ფაქტორიც იყო, რადგან ხაბი ალონსომ მატჩის მე-3 წუთზე უაზრო შეცდომა დაუშვა, მოგვიანებით სისულელე უკვე დანტემ გააკეთა და საბოლოოდ "ბაიერნი" საკუთარი უყურადღებობის გამო დაისაჯა. თუმცა ანგარიში 1:3 საკმაოდ სერიოზულია, ამიტომ "ბაიერნის" მომდევნო ეტაპზე გასვლაში ბევრს სერიოზული ეჭვი შეეპარა.

თუმცა "ალიანს არენაზე" მიუნხენური გრანდი თავის ჩვეულ სტილში დაბრუნდა და ფენომენალური პირველი ტაიმი ჩაატარა. ბერნატის ჩაწოდების შემდეგ ტიაგო ალკანტარამ თავით სწრაფი გოლი გაიტანა, რასაც 8 წუთში ჟერომ ბოატენგის მორიგი თავური მოჰყვა და "ბაიერნი" უკვე ნახევარფინალში იყო. თუმცა გვარდიოლას გუნდმა მეტოქის დარბევა განაგრძო და 13 წუთიან ინტერვალში 3 ბურთი კიდევ გაიტანა. რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა, შუაში კი თავისი გოლი მიულერმაც გაიტანა. "პორტუს" შინ მოპოვებული თავხედური გამარჯვება ძვირად დაუჯდა და მიუნხენში უკვე 45 წუთის შემდეგ 0:5 "იწვოდა." "ბაიერნი" გახდა პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც მეოთხედფინალურ ეტაპზე ერთ ტაიმში 5 გოლის გატანა მოახერხა. მეორე ნახევარში ჯექსონ მარტინესმა თითქოს პატარა ინტრიგა დააბრუნა, მაგრამ ხაბი ალონსომ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 6:1!

მაშინ, როდესაც "რეკორდმაისტერის" სენსაციური გამოვარდნა ბევრმა დაიჯერა, "ბაიერნი" სწორედ მაშინ დაბრუნდა და ფანტასტიკური თამაში ჩაატარა. მას კი ნახევარფინალში "ბარსელონასთან" მარცხი მოჰყვა.

ბაიერნი 4:2 იუვენტუსი - ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი (2015/16)


ეს კი ბოლო და ყველაზე ტკბილი, ნამდვილი "ბავარიული" დაბრუნება იყო. გასულ სეზონში ფლეი-ოფის ეტაპი "ბაიერნმა" ტურინის "იუვენტუსთან" ჯახით დაიწყო. იტალიაში გერმანელებმა დიდებულად დაიწყეს, პირველი ტაიმი მიულერის გოლით მოიგეს, მეორეს დასაწყისში კი რობენმა მეორე ბურთიც გაიტანა. მიუხედავად ამისა, მასიმილიანო ალეგრის გუნდი არ დანებდა და საბოლოოდ ფრეს მიაღწია. პაულო დიბალამ და სტეფანო სტურარომ "ბაიერნს" შეახსენეს, რომ მატჩი არა 60, არამედ 90 წუთის განმავლობაში გრძელდება.

მიუნხენში კი ყველაფერი საშინლად დაიწყო - ნოიერისა და ალაბას შეუთანხმებელი მოქმედების წყალობით პოლ პოგბამ ანგარიში დებიუტშივე გახსნა, რასაც მალევე მორატას ფანტასტიკური სოლორეიდი, ხუან კუადრადოს მიერ ფილიპ ლამის გასრიალება და მეორე გოლის გატანა მოჰყვა. ტურინულმა გრანდმა 2:0 წაიყვანა და ტაიმის ბოლოს ყველაფრის დასრულება შეეძლო, მაგრამ კუადრადოს დაახლოებით 2 მეტრიდან არანორმალურმა მანუ ნოიერმა აუღო. მეორე ნახევარიც "იუვეს" შეტევებით დაიწყო და "ბაიერნს" რამდენიმეჯერ ძალიან გაუმართლა. მატჩის დასრულებამდე 20 წუთი იყო დარჩენილი, უძლიერესი დაცვის მქონე "ბებერი ქალბატონი" კი უკან ჩადგა, რაც თითქმის გამოწერილი მარცხი იყო.


თუმცა არასოდეს დანებდე! მოდი ცოტას გადავუხვევ და ორიოდ სიტყვით მოტივაციას აგიმაღლებთ. მაშინ, როდესაც ტაბლოზე 0:2 ციმციმებდა და "ბაიერნს" შეტევაში ძალიან უჭირდა, ტელევიზორის წინ ბოლთას ვცემდი და ჩემთვის ვფიქრობდი: "ნუთუ მერვედფინალში სრულდება ყველაფერი? ნუთუ გვარდიოლა ყველაფერს ასე მარტივად წაშლის? არა, არა რაღაც არ მჯერა...ასე მარტივად არა..." სწორედ ამ დროს კადრში გამოჩნდა არტურო ვიდალი, რომელიც საკუთარი ჟესტებით სტადიონს მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდებდა და თანაგუნდელებს ამხნევებდა. ამან მეც გამომაფხიზლა და მივხვდი, რომ ახლა წაგებაზე ფიქრის დრო არ იყო, მხოლოდ ბრძოლა იყო საჭირო, ბრძოლა! რამდენიმე წუთში კი დუგლას კოშტამ გაისწორა, ჩააწოდა და რობერტ ლევანდოვსკიმ თავით "ბაიერნი" ბრძოლაში დააბრუნა. მატჩის ბოლო წუთებზე კი იმავე ვიდალმა ევრას ბურთი აართვა და მარჯვნივ კომანს გადააწოდა. ფრანგმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მიულერმა თავით ჯიჯი ბუფონს მეორე გოლი გაუტანა - 2:2, "ბაიერნმა" ეს შეძლო!



დამატებით დროში კი "იუვენტუსი" უკვე მორალურად დაუძლურებული იყო. ტიაგო ალკანტარამ ჩინებული კომბინაციის შედეგად მესამე ბურთი გაიტანა, რასაც "ბაიერნის" სახიფათო კონტრშეტევა და კომანის ლამაზი გოლი მოჰყვა - 4:2, მომდევნო ეტაპზე გვარდიოლას უნიკალური გუნდი გავიდა. საბოლოო გაჩერება ისევ ნახევარფინალი იყო, მაგრამ ეს დაბრუნება სეზონის მთავარი ჰაილაითი გამოდგა, რომელმაც ესპანელის სამწლიანი ეპოქა დააგვირგვინა. დიახ, ზოგი გვარდიოლას იმას აბრალებს, რომ მან "ბაიერნს" გერმანული ხასიათი წაართვა, რეალურად კი ყველაზე მეტი "გერმანული" და სახასიათო გამარჯვება მიუნხენელებმა სწორედ ესპანელის დროს მოიპოვეს. ვფიქრობ, ეს უბრალოდ ბედის ირონიაა და მეტი არაფერი...

ესეც ასე. ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში "ბაიერნის" გამორჩეული დაბრუნებები სწორედ ასეთია, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამინდელი სიტუაცია უფრო განსხვავებულია. "რეკორდმაისტერმა" პირველი თამაში შინ წააგო, თანაც საპასუხოს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ატარებს. შინ "რეკორდმაისტერს" ფლეი-ოფის პირველი შეხვედრა არასოდეს (!) არ წაუგია. მადრიდის "რეალმა" ეს პირველად გააკეთა, მაგრამ ჯერ არაფერია დასრულებული. დიახ, მისია ძალიან რთულია, მაგრამ როგორც ზევით დარწმუნდით, "ბაიერნს" ბოლომდე ბრძოლა და გამოუვალი სიტუაციებიდან გამოსვლა სჩვევია. ასე, რომ რწმენა და იმედი არ დავკარგოთ არცერთი წამით!

დავით მაღრაძე, სპეციალურად BAYERN.GE-სთვის
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბლოგი ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა