ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული მცველი  ლუკა ერნანდესის პროფილი

ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული მცველი ლუკა ერნანდესის პროფილი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2019 წლის 27 მარტი მიუნხენის "ბაიერნისთვის" ისტორიული თარიღია - გუშინწინ "რეკორდმაისტერმა" ოფიციალურად დაადასტურა ლუკა ერნანდესის ტრანსფერი და გადაუხვია თავის "მკაცრ" სატრანსფერო პოლიტიკას.

წლების განმავლობაში მიუნხენური გრანდის მიდგომას ბევრი დასცინოდა, მაგრამ ახლა შეგიძლიათ გაჩუმდეთ - გუშინ "ბაიერნმა" ლუკა ერნანდესი მადრიდის "ატლეტიკოდან" 80 მილიონ ევროდ გაიფორმა და 23 წლის უნივერსალური ფრანგი ყველა დროის მეორე ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა!

ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მცველი, "ბაიერნისა" და ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე - ვინ არის ლუკა ერნანდესი? მოგვყევით და ერთად გავიცნოთ მიუნხენური გრანდის ახალწვეული მსოფლიო ჩემპიონი.

ბავშვობა

ლუკა ერნანდესი წმინდა ვალენტინის ხსენების დღეს დაიბადა - 1996 წლის 14 თებერვალს, მარსელში. მისი სრული სახელი და გვარია - ლუკა ფრანსუა ბერნარ ერნანდესი. ლუკა - მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველის, თეო ერნანდესის, უფროსი ძმაა.

ლუკა ერნანდესის მამა - პროფესიონალი ფეხბურთელი ჟან-ფრანსუა ერნანდესი, რომელმაც კარიერა 2002 წელს დაასრულა. კარიერის განმავლობაში მას ნათამაშები აქვს "ტულუზაში", "სოშოში", "მარსელში", "რაიო ვალეკანოსა" და მადრიდის "ატლეტიკოში".

ბავშვობა, ლუკამ და მისმა ძმა თეომ, მარსელში გაატარეს. მამა მარსელის "ოლიმპიკის" ღირსებას იცავდა. მოგვიანებით, ჟან-ფრანსუა ერნანდესი ესპანურ "რაიო ვალეკანოში" გადავიდა, მაგრამ ლუკას დედამ, პი ლოურენსმა, ბავშვებთან ერთად საფრანგეთში დარჩენა გადაწყვიტა, ვინაიდან თვლიდა, რომ ეს ქვეყანა უფრო კარგი იყო საცხოვრებლად. რამდენიმე წლის შემდეგ ძმები ერნანდესები დედასთან ერთად ესპანეთში გადაბარგდნენ, ვინაიდან მამამ ესპანეთის მოქალაქეობა აიღო და საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ საფრანგეთში დაბრუნება აღარ ისურვა.

პირველი ნაბიჯები ფეხბურთში

პი ლოურენსი ბავშვებს მარტო ზრდიდა, ვინაიდან ერნანდესების მამა ოჯახიდან წავიდა და ესპანელ მოდელ სონე მოლდესზე დაქორწინდა. ლუკას უმცროსი ძმა - თეო უფრო ნიჭიერ და ფეხბურთისთვის შესაფერის ტალანტად ითვლებოდა. სწორედ ამიტომ, 9 წლის თეო მადრიდის "ატლეტიკოში" სინჯებზე დაპატიჟეს. გამომდინარე იქიდან, რომ ლუკა მაშინ მხოლოდ 10 წლის იყო, დედამ ის თან წაიყვანა, ვინაიდან უბრალოდ ვერავის დაუტოვებდა. თეოს სინჯების მიმდინარეობისას ლუკა დედის გვერდით იდგა და "ატლეტიკოს" თანამშრომელს ბურთი სთხოვა. თეოს მთელი სინჯების განმავლობაში ლუკა თავისთვის თამაშობდა ბურთით. საბოლოო ჯამში, ყველაფერი იდეალურად დასრულდა - მწვრთნელს არც ლუკას შესაძლებლობები გამოპარვია და აკადემიაში ორივე ძმა აიყვანა.

ასე დაიწყო ძმები ერნანდესების ისტორია, რომელთაგანაც უფროსი - მსოფლიო ჩემპიონი და ევროპა ლიგის გამარჯვებულია, ხოლო უმცროსი - ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი.

დებიუტი პროფესიონალურ ფეხბურთში

"ატლეტიკოს" ყველა ასაკობრივ გუნდში თამაშის შემდეგ ლუკას პირველ გუნდში გამოძახება დაიწყეს, ხოლო მისმა ძმა თეომ ცოტათი მოუკლო და "დეპორტივო ალავესში" გაუშვეს იჯარით. სწორედ "ალავესში" წარმატებული თამაშის წყალობით აღმოჩნდა თეო მოგვიანებით მადრიდის "რეალში". 2017 წელს "სამეფო კლუბმა" "ატლეტიკოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა და "როხიბლანკოს" ბევრი არ უფიქრია - მოსისხლე მტერს ახალგაზრდა ტალანტი 24 მილიონ ევროდ მიყიდა.

თეოს წასვლის შემდეგ ლუკა ერნანდესი ბევრს შრომობდა იმისათვის, რომ "ატლეტიკოს" ძირითადში დაემკვიდრებინა ადგილი. მისი დებიუტი პირველი გუნდის რიგებში 2014 წლის 3 დეკემბერს შედგა ესპანეთის სამეფო თასზე. ის მატჩი "ატლეტიკომ" 3:0 მოიგო, ხოლო ლუკა თადარიგში დარჩა. მოედანზე პირველად ის იმავე თვეში გავიდა - ბილბაოს "ატლეტიკთან" ლა ლიგის შეხვედრაში, რომელიც მადრიდელებმა 4:1 მოიგეს. ერნანდესმა გილერმე სიკეირა შეცვალა.

წლების შემდეგ ლუკამ "ატლეტიკოს" შემადგენლობაში ადგილი გაიმყარა, 2016 წელს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "ბარსელონას" წინააღმდეგ საკადრო პრობლემების გამო ორივე მატჩი ძირითადში დაიწყო და ძალიან ღირსეულად იასპარეზა. 2018 წელს კი ლუკა მთელმა მსოფლიომ გაიცნო. ფილიპე ლუისის დამტვრევის შემდეგ დიეგო სიმეონე ლუკას მუდმივად სასტარტოში აყენებდა.

2017/18 წლების სეზონში ლუკა "ატლეტიკოს" წამყვანი ფიგურა გახდა და საფრანგეთის ეროვნულ გუნდშიც მოიპოვა ადგილი. 2018 წლის მუნდიალზე დიდიე დეშამმა ერნანდესს სრული ნდობა გამოუცხადა და მთელი ტურნირის განმავლობაში ის მხოლოდ ერთხელ შეცვალა - დანიასთან შეხვედრაში, ეგეც ბარძაყის დაზიანების გამო.

"ეროვნულ გუნდში გამოძახების შემდეგ მეგონა, რომ მთელს მუნდიალს სათადარიგო სკამზე გავატარებდი, მაგრამ საბოლოო ჯამში, გამიმართა, რომ ძირითადში აღმოვჩნდი და საკუთარ გუნდს სარგებელი მოვუტანე", - იხსენებს ლუკა ერნანდესი.

ურთიერთობა

ყოველი ძლიერი მამაკაცის უკან ძლიერი ქალია, ხოლო ყოველ მოთამაშეს ფანტასტიკური გოგონა ჰყავს გვერდით. ლუკას ცოლი - ამელი ოსე ლიორენტე მათ პირველ შეხვედრას ასე იხსენებს: "ლუკას მადრიდში შევხვდი და ეს იყო სიყვარული ერთი ნახვით. ორი თვის შემდეგ გავიგე, რომ ის ფეხბურთელია და დანებებას ვაპირებდი, ვინაიდან ვიფიქრე, რომ მეგობარი გოგონა უკვე ეყოლებოდა, მაგრამ გულის თქმას მივყევი და მასთან ურთიერთობა გავაგრძელე. მოგვიანებით ჩვენ ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით".

ქორწინებამდე ლუკა ერნანდესი და ამელია ლიორენტე მოხვდნენ ინციდენტში, რომლის გამოც სასამართლოს წინაშე მოუწიათ წარსდგომა. 2017 წლის 3 თებერვალს, ღამის 2:30 საათზე, ლუკა ესპანურმა პოლიციამ დააკავა. ფეხბურთელს თავის შეყვარებულზე თავდასხმა ედებოდა ბრალად. ამის საფუძველი ამელიას სარჩელი იყო. ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთმანეთს ორივემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხჰყოფა. ესპანეთში ქალებზე ძალადობა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. სასამართლოს გადაწყვეტილება მკაცრი იყო - 6 თვის განმავლობაში მათ 500 მეტრზე მოკლე დისტანციაზე მიახლოვება აეკრძალათ. ამავდროულად, ორივე მათგანს ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებრივი სამსახურის გაწევა დაევალა. მომხდარის გამო ლუკამ ლევერკუზენის "ბაიერთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური მატჩი გამოტოვა.

სასამართლოს განაჩენი არც ისე დიდ ხანს დარჩა ძალაში. ახალგაზრდა წყვილმა კანონი დაარღვია და 3 თვეში ლუკა და ამელია კვლავ დააკავეს, ამჯერად მადრიდში. ამელია ეგრევე გაუშვეს, ხოლო ლუკა ერნანდესი ციხეში ჩასვეს, სადაც ფეხბურთელმა რამდენიმე საათი გაატარა. მას შემდეგ, რაც მოთამაშე გამოუშვეს, ლუკამ ამელიას ხელი თხოვა და პრობლემების თავიდან ასარიდებლად წყვილმა ლას ვეგასში იქორწინა.

მადრიდელი პროკურორის სიტყვებით, ლუკას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, მას ყველა ბრალდება მოეხსნა. ქორწილის შემდეგ ახალგაზრდა წყვილი ბაჰამაზე წავიდა, სადაც თაფლობის თვე გაატარეს. 2018 წლის 1 აგვისტოს წყვილს ბიჭი მარტენი ეყოლა.

"უკვე 12 წელია მამაჩემზე არაფერი მსმენია. ახლა, როდესაც თავად გავხდი მამა, უკეთ ვიაზრებ თუ რა გააკეთა მან. მან მამის როლში ფიასკო განიცადა. თუ მას შევხვდები, რა თქმა უნდა, დაველაპარაკები, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ საკუთარი შვილი მივატოვო. ამას არაფრის გამო არ გავაკეთებდი. თუ შვილის გამო ხიდის ქვეშ მომიწევს ღამეების გათენება, ამისთვისაც მზად ვარ", - ახალგაზრდა მამის ღირსეული სიტყვები.

ბაიერნი და გერმანიაში გადაბარგება

ლუკა ერნანდესის მიუნხენურ გრანდში გადასვლის ინფორმაცია პირველად, სრულიად მოულოდნელად, 2018 წლის 19 დეკემბერს გაჩნდა. "ბაიერნის" ბოსები მის დამატებას იანვარში ცდილობდნენ, მაგრამ "ატლეტიკო" უარზე იყო, ამიტომ მოლაპარაკებები გაგრძელდა.

27 წლის 2019 მარტს კი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა - ლუკა ერნანდესი "ბაიერნმა" გაიფორმა. ლუკამ 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მისი ტრანსფერი "რეკოდმაისტერს" სარეკორდო 80 მილიონი ევრო დაუჯდა.

ლუკა ერნანდესის სახით "ბაიერნმა" დაიმატა მსოფლიო ჩემპიონი და საკმაოდ ძლიერი მცველი, რომელსაც დაცვის ცენტრსა და მარცხენა ფრთაზე შეუძლია საიმედოდ მოქმედება.


20-05-2019, 00:14
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0