...

30 მთავარი მოვლენა ფილიპ ლამის კარიერაში

ამბობენ, რომ ოდესღაც ყველაფერ კარგს აქვს თავისი დასასრული და ეს ფეხბურთშიც ასეა. ვინ იფიქრებდა, რომ ისეთი სტაბილური, საიმედო და ინტელექტუალური მოთამაშე, როგორიც ფილიპ ლამია, კარიერას 33 წლის ასაკში დაასრულებდა, მაგრამ ეს უკვე მოხდა...

"ბაიერნის" ლეგენდარულმა კაპიტანმა და მარჯვენა მცველმა გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო, მაგრამ მისი წასვლა ქომაგებისათვის მაინც ძალიან მტკივნეული გამოდგა, რადგან ფილიპი ხომ რიგითი მოთამაშე არ ყოფილა, ის მისტერ სტაბილურობა, მისტერ საიმედოობა და უბრალოდ კლუბის ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო.

ახლა კი BAYERN.GE გთავაზობთ საინტერესო ბლოგს ფილიპ ლამის კარიერის შესახებ და გამოვყოფთ 30 მთავარ მოვლენას ლეგენდარული კაპიტნის ლეგენდარულ კარიერაში.

1 - 2002 წლის 13 ნოემბერი


ფილიპ ლამის დებიუტი პროფესიონალურ ფეხბურთში 2002 წლის 13 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე შედგა. ოტმარ ჰიტცფელდის გუნდმა ჯგუფური ეტაპი ჩააგდო და ბოლო ტურის საშინაო მატჩს "ლანსის" წინააღმდეგ არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მაშინ, როდესაც ანგარიში 3:3 იყო და მსაჯის მიერ დამატებული მეორე წუთი მიდიოდა, მოედანზე 19 წლის ფილიპ ლამი გამოვიდა და ერთ-ერთი გოლის ავტორი მარკუს ფოილნერი შეცვალა. ფილიპი 19 წლის სულ რაღაც ორი დღის წინ გახდა. აღსანიშნავია, რომ ბასტიან შვაინშტაიგერის დებიუტი 16 წუთით ადრე შედგა, რადგან ის იმავე შეხვედრაში მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა.

2 - 2003 წლის 3 აგვისტო


ფილიპ ლამის დებიუტი ბუნდესლიგაში დაახლოებით 1 წლის შემდეგ შედგა, მაგრამ არა "ბაიერნის", არამედ "შტუტგარტის" შემადგენლობაში. "რეკორდმაისტერმა", რომელსაც მაშინ მძიმე პერიოდი ედგა, ახალგაზრდა გერმანელი ფელიქს მაგათის გუნდში ორი წლით გაანათხოვრა. ფილიპმა კი "შვაბების" მაისური ბუნდესლიგის პირველივე ტურის მატჩში მოირგო, როდესაც როსტოკის "ჰანზასთან" გასვლით შეხვედრაში (3:0) 76-ე წუთზე სილვიო მაიზნერი შეცვალა.

3 - 2003 წლის 29 სექტემბერი



ფილიპ ლამმა "შტუტგარტის" ძირითადში ადგილი მალევე დაიმკვიდრა და გუნდის წამყვანი მარცხენა მცველი გახდა. 2003/04 წლების სეზონში "შვაბებმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი სერ ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერ იუნაიტედთან" თამაშით დაიწყეს. ახალგაზრდა ფილიპი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მან საგოლე პასი გააკეთა, ხოლო "შტუტგარტმა" საკუთარ მოედანზე ინგლისური ფეხბურთის გრანდი 2:1 დაამარცხა. ეს ლამისთვის პირველი სერიოზული გამოწვევა იყო, პირველი სრული თამაში ჩემპიონთა ლიგაზე და მან ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელზე, დიდ სერ ალექსზე, საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

4 - 2004 წლის 18 თებერვალი


"შტუტგარტში" ნაჩვენები შესანიშნავი თამაშის წყალობით 2004 წლის 18 თებერვალს ფილიპ ლამი გერმანიის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს და ხორვატიასთან ამხანაგურ შეხვედრაში მან საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისური პირველად მოირგო. ლამმა მარცხენა მცველის პოზიციაზე იდეალურად იასპარეზა, რუდი ფიოლერი ძალიან მოხიბლა, ხოლო "ბუნდესნაკრებმა" ის მატჩი სპლიტში 2:1 მოიგო.

5 - 2004 წლის 3 აპრილი


ამ დღეს ფილიპ ლამმა კარიერაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. ეს გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში, სტუმრად "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ, მოხდა. "შტუტგარტმა" 5:1 იმარჯვა, ლამმა კი 45-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში ჩართვის შედეგად მშვენიერი ბურთი გაიტანა. ის შეხვედრა ფილიპმა სწორედ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ჩაატარა.

- 2004 წლის 28 აპრილი

კარიერაში პირველი გატანილი გოლის შემდეგ თვის ბოლოს ფილიპმა თავი გერმანიის ნარკების რიგებშიც გამოიჩინა, მაგრამ მისი სადებიუტო ბურთი "ბუნდესნაკრებში" ცუდ მატჩს დაემთხვა. რუდი ფიოლერის გუნდი სტუმრად რუმინეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში 1:5 განადგურდა და ლამმა თავისი გოლი მატჩის ბოლო წუთებზე გაიტანა, როდესაც მისი ეროვნული გუნდი სამარცხვინოდ აგებდა.


7 - 2004 წლის 15 ივნისი


2004 წლის ევროპის ჩემპიონატი ფილიპ ლამის პირველი დიდი საერთაშორისო ტურნირი იყო. პირველი მატჩი გერმანელებმა 15 ივნისს პორტუში ჰოლანდიის წინააღმდეგ ჩაატარეს და ფრედ 1:1 ითამაშეს. ეს ფილიპის პირველი დიდი თამაში იყო საერთაშორისო არენაზე, რომელიც იდეალურად ჩაატარა. ევრო 2004-ზე გერმანიის ნაკრები სენსაციურად ჯგუფში ჩარჩა, მაგრამ ახალგაზრდა ლამმა ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა და საბოლოოდ, ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდშიც კი მოხვდა.

8 - 2005 წლის 19 ნოემბერი


"შტუტგარტში" წარმატებული ორი სეზონის შემდეგ 2005 წლის ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნმა" ფილიპ ლამი დაიბრუნა და ის "რეკორდმაისტერში" ლეგენდარული ბიქსენტ ლიზარაზუს შესაცვლელად მივიდა. თავიდან მას მუხლის სერიოზული ტრავმა ჰქონდა, ამიტომ სეზონის სტარტი გაუცდა და ბუნდესლიგაში პირველი მატჩი "ბაიერნის" მაისურით 19 ნოემბერს, მე-13 ტურში, "არმინიასთან" გასვლით შეხვედრაში ჩაატარა. "ბაიერნმა" 2:1 მოიგო, ლამმა კი ლიზარაზუ 63-ე წუთზე შეცვალა.

9 - 2006 წლის 13 მაისი


"ბაიერნში" პირველი სეზონის ბოლოს ლამმა გერმანიის თასი და ბუნდესლიგა მოიგო. ლეგენდარულმა კაპიტანმა ვერცხლის სინი თავს ზემოთ პირველად სწორედ 2006 წლის 13 მაისს აღმართა და გერმანიის ჩემპიონიც პირველად გახდა.

10 - 2006 წლის 9 ივნისი



"ბაიერნში" პირველი კარგი სეზონის შემდეგ ფილიპ ლამი მშობლიური მუნდიალისთვის ემზადებოდა, როდესაც ხელი მოიტეხა და კოსტა რიკასთან გახსნით თამაშზე გიბსით უნდა გასულიყო მოედანზე, რისი უფლებაც შესაძლოა მსაჯს არ მიეცა. თუმცა არგენტინელმა არბიტრმა, ორაციო ელიზონდომ, ლამს თამაშის ნება დართო და მსოფლიო ჩემპიონატზე თავის პირველ თამაშში, მშობლიურ ქალაქ მიუნხენში, "ალიანს არენაზე", ფილიპმა მატჩის მე-6 წუთზე კოსტა რიკის ეროვნულ გუნდს ულამაზესი გოლი გაუტანა. ეს მისთვის დაუვიწყარი მომენტია.


11 - 2006 წლის 30 აგვისტო

სადებიუტო სეზონის მშრალად ჩატარების შემდეგ, ფილიპ ლამმა "ბაიერნის" მაისურით თავისი პირველი გოლი 2005/06 წლების კამპანიის დასაწყისშივე გაიტანა. მან თავი ბუნდესლიგის მეორე ტურში, "ბოხუმთან" გასვლით შეხვედრაში, გამოიჩინა. ფელიქს მაგათის გუნდმა 2:1 იმარჯვა და გამარჯვების მომტანი ბურთი მატჩის 65-ე წუთზე სწორედ ფილიპმა გაიტანა.


12 - 2007 წლის 19 დეკემბერი

სამწუხაროდ, ფილიპ ლამს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე, არცერთი გოლი არ აქვს გატანილი, მაგრამ ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ლამს ევროპის ლიგაზე იგივე უეფას თასზე აქვს თავი გამოჩენილი. ფილიპმა ევროთასებზე თავისი პირველი და უკანასკნელი გოლი 2007/08 წლების სეზონში, უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე, არისის "სალონიკთან" საშანაო შეხვედრაში გაიტანა. ის მატჩი ოტმარ ჰიტცფელდის გუნდმა "ალიანს არენაზე" 6:0 მოიგო, ლუკა ტონიმ პოკერი გაიფორმა, ლამმა კი თავისი გოლი 81-ე წუთზე შეაგდო დ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


13 - 2008 წლის 16 მაისი


მიუნხენურ გრანდში ჩატარებული სამი ფანტასტიკური სეზონის შემდეგ ფილიპ ლამის მიმართ კატალონიის "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" სერიოზულად დაინტერესდნენ. იმ პერიოდში კი "ბაიერნს" საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდა, ამიტომ მისი წასვლა სავსებით ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ ფილიპმა მშობლიურ კლუბში დარჩენა ამჯობინა და 2008 წლის 16 მაისს "რეკორდმაისტერთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელმაც იგი მიუნხენში 2012 წლამდე დატოვა. ლამმა პირველად მაშინ დაამტკიცა, რომ ის ცხოვრების ბოლომდე "ბაიერნის" ერთგული იქნებოდა.

14 - 2008 წლის 25 ივნისი



2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე იოახიმ ლიოვის გუნდი ნახევარფინალში დამაჯერებლად გავიდა, სადაც სენსაციურ თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. "ბუნდესნაკრები" მძიმე თამაშს 2:1 იგებდა, როდესაც მატჩის 86-ე წუთზე ფილიპ ლამმა თავისი ფლანგიდან თურქების მარჯვენა მცველი საბრი მარტივად გაატარა, ხოლო მისი ჩაწოდების შემდეგ სემიჰ სენტუკმა ანგარიში გაათანაბრა. თუმცა 4 წუთში ლამმა შეცდომის გამოსწორება დაისახა მიზნად, ფლანგიდან შეტევაში ჩაერთო, ჰიტცელშპერგერთან კედელი გაითამაშა და გამარჯვების მომტანი ბურთი გაიტანა. გერმანიამ 3:2 მოიგო და 1996 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ფინალში პირველად გავიდა.


15 - 2008 წლის 29 ივნისი


თურქეთთან დიდებული მატჩის შემდეგ გერმანიის ნაკრები ვენაში ლუის არაგონესის ესპანეთს დაუპირისპირდა და ეს ფილიპ ლამის პირველი დიდი ფინალი იყო კარიერაში. სამწუხაროდ, ფერნანდო ტორესმა ამ თამაშში ერთადერთი გოლი სწორედ ლამის შეცდომის შემდეგ გაიტანა, ტაიმის ბოლოს კი ფილიპმა ტრავმა მიიღო და მოედანი შესვენებაზე დატოვა. მიუხედავად სამწუხარო სცენარისა, ეს მატჩი ლამისათვის კარგი გამოცდილება გამოდგა.

16 - 2009 წლის 8 ნოემბერი


2009 წლის 8 ნოემბერს ფილიპ ლამი "ბაიერნის" ისტორიაში ყველაზე მაღალი ფულადი ჯარიმით (25 000 ევრო) დაისაჯა. ამის მიზეზი კი მისი ინტერვიუ გახდა, რომელშიც ფილიპმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა და ბოსების თავისებური ხედვები გააკრიტიკა. მიუხედავად ული ჰიონესის მტკიცე ხასიათისა, ლამსა და ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტი არ მომხდარა, ისინი მორიგდნენ და სიტუაცია მალევე დაწყნარდა. ამ ფაქტმა კი ფილიპ ლამის მენტალიტეტი გაამყარა და დაამტკიცა, რომ მისი როლი გუნდში მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.

17 - 2010 წლის 22 მაისი


9 წლიანი პაუზის შემდეგ ლუი ვან გაალმა 2010 წელს "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად გაიყვანა. ეს ფილიპ ლამის პირველი ფინალი იყო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე. მიუხედავად არიენ რობენის ბრწყინვალე ფორმისა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჟოზე მოურინიოს მილანის "ინტერმა" დიეგო მილიტოს დუბლით სრულიად დამსახურებულად მოიგო. იმ სეზონში "ბაიერნმა" დუბლი გაიფორმა, ლამმა კი საბოლოოდ დაიმკვიდრა თავი საყვარელ მარჯვენა მცველის პოზიციაზე.

18 - 2010 წლის 13 ივნისი


2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი მიხაელ ბალაკი დაიმტვრა და ცნობილი გახდა, რომ ის ტურნირს გამოტოვებდა. "ბუნდესნაკრების" კაპიტნის სამკლაური კი ფილიპ ლამმა ჩაიბარა, რომელიც გერმანიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გუნდისთავი გახდა. მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ, ლამმა გერმანიას პირველად უკაპიტნა და მას შემდეგ ეს სტატუსი კარიერის ბოლომდე აღარ დაუთმია. იმ შეხვედრაში გერმანელებმა 4:0 იმარჯვეს, ლამმა კი მიროსლავ კლოზეს საგოლე პასი გაუკეთა.

19 - 2011 წლის 29 იანვარი


2011 წლის დასაწყისში ფილიპ ლამი "ბაიერნის" კაპიტანიც გახდა. ზამთრის შესვენების დროს გუნდი ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, მარკ ვან ბომელმა, დატოვა და "რეკორდმაისტერის" ახალი გუნდისთავი სწორედ ფილიპი გახდა. მან მიუნხენელები კაპიტნის სამკლაურით პირველად სწორედ 29 იანვარს გაიყვანა მოედანზე, როდესაც ლუი ვან გაალის გუნდმა ბრემენის "ვერდერი" ბუნდესლიგაში გასვლაზე 3:1 დაამარცხა.

20 - 2012 წლის 19 მაისი


2011/12 წლების სეზონში იუპ ჰაინკესის "ბაიერნმა" ყველა ტურნირის ფინალს მიაღწია, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დათმო. 2012 წლის 19 მაისს კი "ალიანს არენაზე" ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა, რომელშიც "რეკორდმაისტერი" ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებმა მეტოქე 120 წუთის განმავლობაში ყველაფერში დაჯაბნეს, პენლატების სერიაში გამარჯვება ინგლისურმა კლუბმა მოიპოვა და მიუნხენური დღესასწაული გლოვად გადააქცია. ეს ლამის კარიერაში ყველაზე მტკივნეული მომენტია, მაგრამ ამ მარცხმა მას და მთლიანად "ბაიერნს" ძალიან ბევრი რამ ასწავლა.

21 - 2012 წლის 22 ივნისი


2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ეროვნული გუნდი მეოთხედფინალში საბერძნეთს შეხვდა და 4:2 დაამარცხა. მეორე ტაიმის დასაწყისში ფილიპ ლამმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. ეს გოლი ფილიპის სანაკრებო კარიერაში უკანასკნელი გამოდგა.

22 - 2013 წლის 25 მაისი


უკვე მომდევნო სეზონში იუპ ჰაინკესის დიდებულმა გუნდმა სახლში დაკარგული ჩემპიონთა ლიგის თასი დაიბრუნა. "უემბლიზე" მიუნხენურმა გრანდმა დორტმუნდის "ბორუსია" 2:1 დაამარცხა და ფილიპ ლამმა ნანატრი ყურებიანი თასი თავს ზემოთ მაინც აღმართა.

23 - 2013 წლის 1 ივნისი


ჩემპიონთა ლიგის მოგებიდან 1 კვირაში "ბაიერნმა" ბერლინში გერმანიის თასის ფინალი ჩაატარა და "შტუტგარტი" 3:2 დაამარცხა. იუპ ჰაინკესის გუნდმა ტრებლი გაიფორმა და ისტორია გადაწერა - "ბაიერნი" გახდა პირველი კლუბი გერმანული ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში სამივე ტურნირი მოიგო. ლამისთვის 2012/13 წლების სეზონი უდავოდ ყველაზე წარმატებული გამოდგა, რადგან ამ კამპანიაში მან სულ 19 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც ფილიპის პერსონალური რეკორდია.

24 - 2013 წლის 6 სექტემბერი


2013 წლის 6 სექტემბერს ავსტრიის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, რომელიც მიუნხენში გაიმართა, ფილიპ ლამმა გერმანიის ეროვნული გუნდის მაისურით თავისი მე-100 მატჩი ჩაატარა. ის სპეციალური სიგელით მიხაელ ბალაკმა დააჯილდოვა.

25 - 2014 წლის 13 ივლისი


ზედიზედ რამდენიმე მარცხის შემდეგ 2014 წელს ბრაზილიაში გერმანიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ტრიუმფით დაამთავრა. იოახიმ ლიოვის გუნდმა რიო დე ჟანეიროში არგენტინის ნაკრები მარიო გიოტცეს მიერ გატანილი გოლით დაამარცხა და მსოფლიო თასი მოიპოვა. "ბუნდესნაკრებმა" მუნდიალი ისტორიაში მეოთხედ მოიგო, ფილიპ ლამმა კი ოცნება აიხდინა და მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული აღმართა თავს ზემოთ. ეს მისი კარიერის მთავარი მომენტია, რომლის შემდეგაც ეროვნული გუნდის მაისური აღარ ჩაუცვამს.

26 - 2014 წლის 18 ოქტომბერი


2014/15 წლების სეზონში, გერმანიის ბუნდესლიგის შეხვედრაში, შინ ბრემენის "ვერდერის" წინააღმდეგ, ფილიპ ლამმა კარიერაში ერთადერთი დუბლი გაიფორმა. პეპ გვარდიოლას გუნდმა მოწინააღმდეგე 6:0 გაანადგურა, ლამმა კი ჯერ პირველ ტაიმში, შემდეგ კი მეორე ტაიმში მოახერხა თავის გამოჩენა.

27 - 2016 წლის 24 თებერვალი


ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში, სტუმრად ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ, ფილიპ ლამმა ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე თავისი მე-100 შეხვედრა ჩაატარა. პეპ გვარდიოლას გუნდი იტალიაში 2:0 იგებდა, მაგრამ საბოლოოდ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

28 - 2017 წლის 4 თებერვალი


გელზენკირხენის "შალკესთან" საშინაო შეხვედრაში (1:1), გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით, ფილიპ ლამმა "ბაიერნის" მაისურით თავისი მე-500 თამაში ჩაატარა. საერთო ჯამში კი წითელი მაისურით 516 მატჩი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში მე-7 ადგილს იკავებს.

29 - 2017 წლის 15 თებერვალი


ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ფილიპ ლამმა საკლუბო რეკორდი დაამყარა. პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში, შინ ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ (5:1), ფილიპმა ჩემპიონთა ლიგაზე თავისი 103-ე მატჩი ჩაატარა, რითიც ოლივერ კანს (102) გადაასწრო. საერთო ჯამში კი ლამმა "ბაიერნის" მაისურით ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე 105 თამაში ჩაატარა და ამ მაჩვენებლით კლუბის რეკორდსმენია.

30 - 2017 წლის 20 მაისი


2017 წლის 20 მაისს კი ფილიპ ლამმა "ალიანს არენაზე" საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 33 წლის გერმანელმა წითელი მაისური უკანასკნელად მოირგო და მატჩის ბოლო წუთებზე, როდესაც მოედანი დატოვა, ქომაგების ოვაციები დაიმსახურა. ფილიპმა ლეგენდარული კარიერის ბოლო მატჩი "ფრაიბურგთან" 4:1 მოიგო და შემდეგ მთელი საღამო ბუნდესლიგის მოგებას აღნიშნავდა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ფილიპ ლამი ბლოგი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა