...

დიდი კაპიტანი - შტეფან ეფენბერგი

ვინ უნდა ყოფილიყო ჩვენი მომდევნო გმირი ოლივერ კანის შემდეგ თუ არა მასთან ყველაზე ახლოს მყოფი "გიჟი" და მიუნხენის "ბაიერნის" ისტორიაში მორიგი უმნიშვნელოვანესი პერსონა, რომელიც ოტმარ ჰიტცფელდის ლეგენდარული გუნდის კაპიტანი, ნამდვილი ლიდერი იყო. შტეფან ეფენერგი ნამდვილად არ ყოფილა განსაკუთრებული ტალანტით და მონაცემებით დაჯილდოვებული მოთამაშე, ბავშვობაშიც ბევრს ზარმაცობდა, მაგრამ უაღრესად მიზანდასახული, მებრძოლი და ძლიერი მენტალიტეტის მქონე პიროვნება იყო. ეფე თავისი თავისთვის თავად იყო ავტორიტეტი და არასოდეს ჰყოლია კუმირები, გმირები, რადგან ყოველთვის საკუთარ გზას ირჩევდა.

სამწუხაროდ, ფეხბურთის გულშემატკივარს, ეფენბერგის ხსენებაზე, პირველ რიგში, სწორედ მისი დიდებული ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა ახსენდება, არადა ეფე მინდორზეც ძალიან საინტერესო ფიგურა იყო. "ბაიერნის" გულშემატკივარს ძალიან კარგად ეცოდინება, რომ თავის დროზე შტეფანს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის პასის კულტურა ჰქონდა. სხარტი აზროვნებით ეფენბერგი ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ საოცარ გრძელ თუ მოკლე პასებს ჭრიდა, რომლებიც ადრესატამდე იდეალური სუზისტით აღწევდნენ. გარდა ამისა, მას ჰქონდა შესანიშნავი დარტყმა და ჯარიმებსაც ძალიან კარგად ასრულებდა. მაგალითისთვის კიევის "დინამოსთან" და მადრიდის "რეალთან" გატანილი გოლებიც საკმარისია. თუმცა, ყველაზე მთავარი მაინც მისი გერმანული, უშიშარი ხასიათი იყო, რომელიც მას მინდორზე თავის დახრის უფლებას არ აძლევდა.

ეფენბერგი მინდორზე იყო ნამდვილი ლიდერი, ღირსეული კაპიტანი, რომელსაც ყველა პატივს სცემდა და უსმენდა, მათ შორის თვით ოლივერ კანიც კი, რომელიც ასაკით მასზე ცოტათი პატარა იყო. მაშ, ასე გთავაზობთ "ბაიერნის" ისტორიაში უძლიერესი კაპიტნის კარიერულ მიმოხილვას, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება.

მძიმე ბავშვობა და პირველი ავტოგრაფი
შტეფან ეფენბერგი 1968 წლის 2 აგვისტოს, ეპენდორფსკის საავადმყოფოში დაიბადა და წონის პრობლემები ჰქონდა. ის 3 კილო და 700 გრამი დაიბადა, მაგრამ რამდენიმე დღეში უეცრად მისი წონა ორ კილომდე დაეცა. ექიმების დიაგნოზი საშიში ვირუსი იყო, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და სამკვირიანი რეაბილიტაციის შემდეგ მშობლებმა ქერათმიანი ჩვილი შინ წაიყვანეს. "ჩემი დიდი ოცნება, რომ გავმხდარიყავი პროფესიონალური ფეხბურთელი, შესაძლოა უკვე მაშინ დამსხვრეულიყო, როდესაც საერთოდ არაფერი ვიცოდი ამის შესახებ", - წერს ეფე თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში.

სამი წლის ეფენბერგმა კი მორიგი ფსიქოლოგიური სტრესი გადაიტანა. შტეფანი დედასთან, ბებიასთან და ძმა ფრანკთან ერთად სასაფლაოზე იმყოფებოდა, როდესაც არც მეტი, არც ნაკლები, ბარძაყი მოიტეხა. ძმებმა ეფენბერგებმა მოიწყინეს და შტეფანმა გართობისთვის უზარმაზარ ქვას მიაგნო, რომელსაც შემოახტა. უეცრად, ქვა დაიძრა, წაიქცა და ეფე მის ქვეშ მოექცა. ფრანკმა შიშისგან ისტერიკული ყვირილი ატეხა, რომელიც დედამ გაიგონა და ვაჟის დასახმარებლად გაემართა. საბედნიეროდ, სასაფლაოზე სწორედ ამ წუთას მამა მივიდა, ქვა დიდი წვალებით ასწია და ეფე გაათავისუფლა. ის კი ტკივილის გამო გაუჩერებლად ტიროდა და საავადმყოფოში მოხვდა.

ეფენბერგი რამდენიმე თვეში გამოწერეს და მაშინ, როდესაც ექიმი დედას მისი რეაბილიტაციის პროცესის სირთულეზე ესაუბრებოდა, შტეფანი უკვე 50 მეტრს გარბოდა, რაც ნამდვილი სასწაული იყო. თუმცა, ეფეს ბავშვობიდანვე ჰქონდა რაღაც ინსტიქტური მიზანი, რომელიც მას ფეხზე მყარად დგომას კარნახობდა.
5 წლის შტეფანი ჰამბურგის "ვიქტორიას" აკადემიაში ჩაირიცხა და პირველად სწორედ იქ შეეხო ბურთს. ეფე მამის კვალს გაჰყვა, რომელიც მაშინ "ვიქტორიას" ღირსებას იცავდა, მაგრამ არც ისე ძლიერი ფეხბურთელი იყო. "ვერ ვიტყოდი, რომ ფეხბურთს თავიდანვე უდიდესი მონდომებით ვთამაშობდი. ექვსი წლის ვიყავი, როდესაც დედამ სტადიონზე შემამჩნია და დამინახა, რომ ბურთს საერთოდ აღარ ვაქცევდი ყურადღებას. უბრალოდ გაფუჭებულ გაზონზე ვიჯექი და სილით პასკას ვაკეთებდი. შემდეგ კი მითხრა, რომ გიტარაზე უფრო უკეთ ვუკრავდი, ვიდრე მოედანზე დავრბოდი", - იხსენებს ეფენბერგი.

1973 წელს შტეფანს გიტარა აჩუქეს, მაგრამ ეს მის გარდა არავის გახარებია. ეფენბერგი მთელი ღამე უკრავდა, თანაც არც ისე ცუდად, რადგან ძალიან მონდომებული და მუსიკალური იყო, მაგრამ მამამ ყოველგვარი მოთმინება დაკარგა. უფროსმა ეფენბერგმა გიტარა შვილს დაუმტვრია და მისი მუსიკალური კარიერაც დაამსხვრია.

"მეექვსე კლასში ჩემმა მასწავლებელმა, ჰარტვიგმა, ბავშვებს გვკითხა თუ რისი გაკეთება გვსურდა მომავალში. უმარვლესობამ უპასუხა, რომ პოლიციელობა ან მეხანძრეობა სურდა, მაგრამ მე ვუპასუხე: "მე მინდა, რომ ფეხბურთელი გავხდე". უკვე საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ ჰარტვიგმა მოსალოცი წერილი გამომიგზავნა, სადაც წარმატებას მილოცავდა. ამას არასოდეს დავივიწყებ", - ეფენბერგმა ავტობიოგრაფიის დაწერის დროს თავისი ყურადღებიანი მასწავლებელიც კი არ დაივიწყა.
მიუხედავად იმისა, რომ ეფენბერგი ჰამბურგში დაიბადა, ის სულ სხვა ქალაქის გუნდს გულშემატკივრობდა. ეს მიუნხენის "ბაიერნი" იყო, რომელიც მუდამ მისი სიმპათიების ქვეშ ექცეოდა. ერთხელაც დედამ მას მიუნხენური გრანდის 11 ნომრიანი მაისური მოუტანა. მაშინ ამ ციფრების ქვეშ კარლ-ეინც რუმენიგე თამაშობდა. ეფემ მაისური დაიჭირა და თავის ძმას სურათი გადააღებინა. შემდეგ ფოტო დაბეჭდა და თავისი ავტოგრაფი მიაწერა. ეს იყო მისი პირველი ავტოგრაფი კარიერაში, რომელიც თავის თავს გაუკეთა. როგორც წესი, ბავშვებს, რომლებიც დიდი სპორტის თამაშზე ოცნებობენ, ჰყავთ თავიანთი გმირები და ლეგენდები, მათი ავტოგრაფის მოსაპოვებლად კი ყველაფერს აკეთებენ. ეფე კი საკუთარი ავტოგრაფითაც დაკმაყოფილდა, რაც მის ძლიერ ხასიათზე მიუთითებს.

მიუნხენგლადბახის "ბორუსია"
ასაკის მატებასთან ერთად ეფენბერგი საფეხბურთო მოღვაწეობას უფრო სერიოზულად მიუდგა, ძალიან ბევრს ვარჯიშობდა და იხვეწებოდა. 15 წლის ასაკში, ის გუნდთან ერთად დუისბურგში გაემგზავრა, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი იმართებოდა. გერმანული ფეხბურთის ფედერაცია წელიწადში ერთხელ ანხორციელებდა შეკრებებს, სადაც ქვეყნის 200 საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე მიდიოდა და თავის წარმოჩენას ცდილობდა, შემდეგ კი ოცი საუკეთესო ახალგაზრდულ ნაკრებებში მიჰყავდათ. ეფენბერგი ამ სიაში ვერ მოხვდა, რის გამოც ძალიან იმედგაცრუებული და ნაწყენი იყო, მაგრამ მისმა გარჯამ შედეგი მაინც გამოიღო.

"უბრალოდ ძალიან გაბრაზებული ვიყავი და არაფრის გაგონება მსურდა. თუმცა, ერთი კვირის შემდეგ, როდესაც ცოტათი დავწყნარდი, დედამ დამიძახა: "შტეფან, ქვევით ჩამოდი. შენთან ვიღაცას გასაუბრება სურს". "ეს ვოლფ ვერნერია მიუნხენგლადბახის ბორუსიადან, იუპ ჰაინკესის ასისტენტი. შტეფან, ჩვენ დუისბურგში გიხილეთ და შენი თამაშით აღფრთოვანებულნი დავრჩით. გვინდა, რომ მომდევნო კვირას სინჯებზე დაგპატიჟოთ", - გავიგე ტელეფონში. ყურებს არ ვუჯერებდი. "ბაიერნთან" ერთად "ბორუსია" ჩემი საყვარელი კლუბი იყო. ნამდვილი სიგიჟე იყო, ჩემი ოცნება ახდა! ფრონჩეკი, კამპსი, ბრუნსი, ჰორშტეტერი უნდა მენახა. ეს დაუვიწყარი წუთები იყო", - იხსენებს ეფე.
ეფენბერგი სინჯებზე ნაადრევად მივიდა და ძალიან მოტივირებული იყო. ახალგაზრდა მოთამაშეებს ხუთი დღე ჰქონდათ და ეს პერიოდი მან ნაყოფიერად გამოიყენა. მიუნხენგლადბახური კლუბის ლიდერები, მათ შორის მიხაელ ფრონჩეკი, მას ძალიან კარგად ექცეოდნენ, ეხმარებოდნენ და გვერდით ედგნენ. თუმცა, ეფენბერგი ვარჯიშებზე გამორჩეული იყო. ის ძალიან ბევრს შრომობდა და თანატოლებისგან განსხვავებით, მაქსიმალურად იყო კონცენტრირებული. მაშინ, როდესაც სხვები ვარჯიშების შემდეგ ქალაქში დადიოდნენ და ლუდს სვამდნენ, ეფე სასტუმროში ისვენებდა და ძალებს იღდგენდა.

"გადამწყვეტი მომენტი პარასკევს იყო. კლუბის მენეჯერი ჰელმუტ ჰრასჰოფი, მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი და მისი ასისტენტი ვოლფ ვერნერი თავიანთ სავარძლებში კომფორტულად მოკალათდნენ. ახალგაზრდებს შორის მათ ოთახში ბოლო მე შევედი. პირველი სიტყვა ჰაინკესმა თქვა: "ჩვენ შენით ძალიან კმაყოფილები ვართ. ამ ხუთი დღის განმავლობაში კარგი შედეგი დადე. გვინდა, რომ პროფესიონალური კონტრაქტი შემოგთავაზოთ". თავი ძლივს შევიკავე. პროფესიონალური შეთანხმება! მე - პროფესიონალური ფეხბურთელი გავხდი!", - იხსენებს შტეფანი. ეფემ ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც თავიდან "ბორუსიას" დუბლებში იქნებოდა და 5 ათას მარკს მიიღებდა.

ამ დროს ეფე მხოლოდ 17 წლის იყო და მიუნხენგლადბახში, მშობლებისგან მოშორებით ცხოვრება ძალიან უჭირდა, მაგრამ იუპ ჰაინკესი მას ძალიან ეხმარებოდა და მამობრივ როლსაც კი ასრულებდა. 1987 წელს ჰაინკესი მიუნხენის "ბაიერნში" წავიდა, "ბორუსია" კი ვოლფ ვერნერმა ჩაიბარა. ვერნერს ეფენბერგი ძალიან მოსწონდა და უკვე პირველივე სეზონში მისცა დებიუტის შანსი. "თასების მფლობელთა თასზე "ესპანიოლთან" შეხვედრის წინ მწვრთნელი ჩემთან მოვიდა და მითხრა: "ხვალ ჩანთა ჩაალაგე - ბარსელონაში მოფრინავ". უაღრესად ბედნიერი ვიყავი. როგორც იქნა, ვარჯიშებზე გაწეული დიდი შრომა დამიფასდა", - იხსენებს ეფე. 21 ნოემბერს კი შტეფანის დებიუტი უკვე გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში შედგა. "მ.ბორუსია" "კაიზერსლაუტერნს" ეთამაშებოდა, როდესაც ეფენბერგი მოედანზე შეცვლაზე შევიდა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მისმა გუნდმა 1:0 იმარჯვა, "Rheinishce Post-ში" კი დაწერეს: "ეფენბერგმა თავისი შანსი გამოიყენა. ახლა მას თავიდან დაწყებაც შეუძლია". გერმანელი ჟურნალისტების პროგნოზი გამართლდა, ვინაიდან მომდევნო მატჩი, "ბოხუმის" წინააღმდეგ, ეფემ ძირითადში დაიწყო. "ბაიერნის" მომავალი ლეგენდა მაშინ 6 ნომრიანი მაისურით თამაშობდა, ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე და ძალიან ბედნიერი იყო.

"იუდა ბეკელბერგიდან" და პირველი ნაბიჯები მიუნხენურ კლუბში
ეფენბერგმა "ბორუსიას" რიგებში სამი მშვენიერი, ერთმანეთზე უკეთესი სეზონი ჩაატარა და მიუნხენის "ბაიერნის" ყურადღებაც მიიქცია. "1990 წელს პირველი წინადადება მივიღე "ბაიერნის" მენეჯერი ული ჰიონესისგან. ძალიან ვამაყობდი საკუთარი თავით. "შტეფან, ჩვენ შენთან კონტრაქტის გაფორმება გვსურს. შენ ის ადამიანი ხარ, რომელიც ჩვენ გვჭირდება", - ამას ბუნდესლიგის საუკეთესო მენეჯერი მეუბნებოდა. ულიმ ეფენბერგს ურჩია, რომ მიუნხენგლადბახური კლუბის დირექტორთან ხშირად შესულიყო და ბევრი ეწუწუნა, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო. შტეფანი დაახლოებით ათჯერ მაინც შევიდა ბოსის კაბინეტში და ჰელმუტ გრასჰოფიც დაიღალა.

"ბაიერნმა" გერმანიის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტი 4,5 მილიონ ევროდ ჩაიგდო ხელში, მაგრამ ეფენბერგს ამის გამო სერიოზული კრიტიკა მოხვდა. "სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი, მაგრამ ჯერ კიდევ "ბორუსიას" მოთამაშე ვიყავი. მინდოდა, რომ ამ კლუბის ღირსება ბოლომდე სამართლიანად დამეცვა, მაგრამ ქომაგებმა მაინც შემაქციეს ზურგი და სტადიონზე არაერთხელ მინახავს წარწერა: "იუდა ბეკელბერგიდან". ჩემთვის კი ერთი რამ იყო ნათელი: საკუთარი გზით უნდა მევლო და ცეცხლიც კი გამერღვია", - წერს თავის ავტობიოგრაფიაში შეუდრეკელი ეფე, რომელიც მიუნხენში გახდა "მეფე". ეფენბერგმა თავისი ოცნება აიხდინა და ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ყველაფერი იდეალურად როდი მიდიოდა.
"ბაიერნის" მაისურით ჩატარებულ პირველ სეზონში შტეფანმა ცხრა გოლის გატანა მოახერხა, შემდეგ კი ათის, რაც ცენტრალური ნახევარმცველისთვის ფენომენალური მაჩვენებელია. ის გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი და ქომაგების პატივსაცემი მოთამაშე იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ეფენბერგი ზედმეტად გულწრფელი და პირდაპირი აღმოჩნდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში შეექმნა პრესასთან ურთიერთობის პრობლემა, რადგან ჟურნალისტებს ყველაფერს უყვებოდა და არაფრის ერიდებოდა. თანაც, მეორე დღეს გაზეთებისა და ჟურნალების წაკითხვითაც არ იწუხებდა თავს. ისეთი ხასიათის მქონე პიროვნება, როგორიც ეფენბერგი იყო, ბუნებრივია, ბევრ თამამ და საკმაოდ უხეშ განცხადებას აკეთებდა, რასაც პრესა კიდევ უფრო აბუქებდა და ეფე ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყველაზე საძულველი მოთამაშე გახდა ქომაგებისთვის.

"ნიურნბერგში ერთ-ერთი ამხანაგური თამაშის დროს, უელსის ნაკრების წინააღმდეგ, გულშემატკივრებმა მოთელვის დროსაც კი დამისტვინეს. გაოგნებული ვიყავი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი თუ რა ჯანდაბა ხდებოდა! ასეთი რაღაც როგორ შეიძლებოდა. თამაშობ გერმანიის ნაკრების მაისურით, ქვეყნის ღირსების დასაცავად ფეხებს იმტვრევ, ხალხი კი ასე გიხდის მადლობას! ყველასათვის საძულველი მოთამაშე ვიყავი, "ბაიერნის" ქომაგების ჩათვლით, მაგრამ ძალიან ბევრი რამ ოჯახის საოცარმა მხარდაჭერამ გადამატანინა: მეუღლე მარტინა, გოგონა ნასტასია და ვაჟი ეტიენი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან", - ამბობს ეფე, რომელმაც "ბაიერნი" მალევე დატოვა. გუნდმა ორ სეზონში ვერაფერი მოიგო, დაიწყო გარკვეული პრობლემები და შტეფანმა წამოსვლა ამჯობინა. მისი საუკეთესო მეგობარი ამ პერიოდში ლეგენდარული კლაუს აუგენტალერი გახდა.
ეფეს წასვლა ჯერ კიდევ პირველი სეზონის შემდეგ უნდოდა და თანაც მადრიდის "რეალი" ათ მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ ული ჰიონესმა ეს სისულელე არ გააკეთა და შტეფანი დატოვა. 1990/91 წლების სეზონი კი გუნდმა კვლავ არასტაბილურად დაიწყო და იუპ ჰაინკესმა პოსტი დაკარგა, რაც ეფესთვის სერიოზული დარტყმა იყო. მას იუპთან ძალიან თბილი და მამა-შვილური ურთიერთობა ჰქონდა. "ჰაინკესის მადლობელი ვარ. ამ სპეციალისტმა აღმომაჩინა, განმავითარა და მუდამ გვერდში მედგა. "ბაიერნის" შემდეგ ჰაინკესი ესპანეთში წავიდა, მაგრამ როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, მეგობრულად ვგრძნობთ თავს. ის ნამდვილი ადამიანია", - ეფეს ავტობიოგრაფიულ წიგნში ჰაინკესმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

ჰაინკესი სერენ ლერბიმ შეცვალა, რომელმაც ეფენბერგის ხასიათი ვერ აიტანა და გუნდიდან მოკვეთა. ამის შედეგად "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ "ჰანზასთან" 1:2 წააგო, რამაც "რეკორდმაისტერის" მოთამაშეების პროტესტი გამოიწვია. ლერბის კაბინეტში მთელი გუნდი შევიდა და ეფეს დაბრუნება მოითხოვა. მომდევნო თამაში შტეფანმა იდეალურად ჩაატარა და მიუნხენელებმა დუისელდორფის "ფორტუნა" 3:1 დაამარცხეს. ეფენბერგმა თავისი ძლიერი მენტალიტეტი და გამარჯვებულის ფილოსოფია კიდევ ერთხელ გამოავლინა. ისიც ცნობილია, რომ ეფენბერგი კლუბში ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც "ბაიერნის" პრეზიდენტს, უბრალოდ ბუმბერაზ ფრანც ბეკენბაუერს, ეპასუხებოდა და ეკამათებოდა. თუმცა, კაიზერ ფრანცი დიდსულოვანი პიროვნებაა და რა თქმა უნდა, ამ ქარიზმატულ ბიჭში მხოლოდ ნათელ მომავალს ხედავდა. თუმცა, ეფენბერგის და "ბაიერნის" გზები დროებით გაიყარა.
ეფენბერგი, ლოთარ მათეუსის, რჩევით, იტალიაში გადაბარგდა და ორი წელი "ფიორენტინაში" დაჰყო. 1994 წელს კი თავის მშობლიურ კლუბში, მიუნხენგლადბახის "ბორუსიაში" დაბრუნდა და ახალი სიცოცხლე დაიწყო. ეფენბერგმა პირველივე სეზონში დიდებულად იასპარეზა და თავისი პირველი ტიტულიც მოიგო. მიუნხენგლადბახელებს ბუნდესლიგაში უჭირდათ, სამაგიეროდ მათ გერმანიის თასზე მიაღწიეს წარმატებას და ფინალში "ვოლფსბურგი" 3:0 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ეფემ "ბაიერნიც" გადაარჩინა და ევროთასების მიღმა არ დატოვა. "მ.ბორუსია" უეფას თასზე ისედაც მოხვდა, ამიტომ თასის ვაკანტური ადგილი არ დასჭირდა, შესაბამისად "რეკორდმაისტერს" მეექვსე პოზიციაც ეყო.

"ვეფხვის" დაბადება და დაბრუნება
შტეფან ეფენბერგის ვეფხვისსახიანი კეფა ყველასათვის ნაცნობი და პოპულარული თემაა, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით. გერმანული ტელეარხის, "RTL-ს" ყველაზე რეიტინგულმა ტელეწამყვანმა, ტომას გოტშალკმა, თავის შოუში ეფე მიიწვია. თავად ტომასი მიუნხენის "ბაიერნის" დიდი გულშემატკივარი იყო. იმ პერიოდში ფრანკფურტის "აინტრახტი" "ბაიერნს" სერიოზული უპირატესობით უსწრებდა, ამიტომ ვერავინ იფიქრებოდა, რომ "რეკორდმაისტერი" ვერცხლის სინს მოიგებდა. გატშალკმა კი ეს დარწმუნებით თქვა, რაზეც ეფეს გაეცინა და შეეწინააღმდეგა. საბოლოოდ, ისინი დანიძლავდნენ პირდაპირ ეთერში. გოტშალკს თავი უნდა გადაეპარსა, ეფეს კი კეფაზე ვეფხვის სახე დაეხატა. სანაძლეო ეფემ მოიფიქრა.
"გოტშალკი ეგრევე დამთანხმდა. "აინტრახტმა" კი მთელი უპირატესობის გაფლანგვა მოახერხა და ტიტული "ბაიერნს" დაუთმო. პრობლემა შემექმნა. უფროსწორად, ნამდვილად არ მინდოდა ფეხვის სახის გამოხატვა კეფაზე, მაგრამ სანაძლეო სანაძლეოა", - წერს შტეფან ეფენბერგი.

მორიგი ძლიერი ოთხი სეზონის შემდეგ, 1998 წელს ეფენბერგი "ბაიერნმა" დაიბრუნა. ოტმარ ჰიტცფელდი დიდებულ გუნდს აშენებდა, რომელსაც ეფენბერგი თითქოს არ სჭირდებოდა, მაგრამ "გენერალმა" მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" კაპიტანი მოითხოვა და თავისი ვარსკვლავური გუნდი უფრო გააძლიერა. 31 წლის შტეფანი კვლავ ძალიან კარგად მოქმედებდა და "რეკორდმაისტერიც" მშვენიერ ფეხბურთს აჩვენებდა. მიუნხენელებმა ბუნდესლიგა უპრობლემოდ მოიგეს, მაგრამ სეზონი ტრაგიკულად დასრულდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ოტმარ ჰიტცფელდის გუნდმა "მანჩესტერ იუნაიტედი" დაჩაგრა, მაგრამ ბოლო სამ წუთში გაშვებულმა ორმა გოლმა გერმანულ გრანდს ევროპის მთავარი ტიტული ხელიდან გამოაცალა - 1:2.
"არაფერი მესმოდა. მარცხს არ ვიმსახურებდით. ინგლისელები გახარებულ ქომაგებთან გაიქცნენ, ჩვენ კი მინდორზე ვიწექით. ბევრი მათგანი ტიროდა, ხმას კი ვერავინ იღებდა. განადგურებელი ვიყავი. ვფიქრობდი, რომ 31 წლის ასაკში ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი ბოლოჯერ მომეცა და ორმა წუთმა მთელი სეზონი გაგვიფუჭა. ის თამაში აღარასოდეს მინახავს. არც ერთი მომენტი და არც ერთი წამი. ამას დღესაც ვერ ვახერხებ. მალე გერმანიის თასის ფინალში ვითამაშეთ. ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა. თერთმეტმეტრიანის დარტყმა არასოდეს შემშინებია. თუმცა, იმ მომენტში კარიერაში ყველაზე საშინელი დარტყმა განვახორციელე და კარს ბურთი დიდი მანძილით ავაცილე. შემდეგ ლოთარ მათეუსმაც გააფუჭა, მაგრამ ყველაფერი მე დამბრალდა. ერთადერთი, ვინც ასი პროცენტით ჩემს მხარეს იყო, ოტმარ ჰიტცფელდი გახლდათ. ჯერ კიდევ ბანკეტის დროს მან მე და კანი დაგვიბარა, მე სამკლაური გადმომცა, მას კი ასისტენტობა უბოძა", - იხსენებს შტეფან ეფენბერგი, რომელსაც 1999 წლის ფინალის შემდეგ ლეგენდარული იტალიელი მსაჯი, პერლუიჯი კოლინა ამშვიდებდა.

1999 წლიდან კი ეფენბერგის ირგვლივ მორიგი სკანდალები ატყდა და ცრუ ინფორმაციები გაჩნდა, რომლებზეც საუბარი უბრალოდ არ ღირს. მთავარია, რომ ეფენბერგი "ბაიერნის" ახალი და ყველაზე ძლიერი კაპიტანი გახდა. მიუნხენელებმა ვერცხლის სინი შეინარჩუნეს და გერმანიის თასიც მოიგეს. მომდევნო სეზონი კი ეფემ და მისმა გუნდმა ძალიან ძლიერად დაიწყეს, მაგრამ ზამთრის შესვენების დროს ერთი საინტერესო რამ მოხდა. "ული ჰიონესმა თავის კაბინეტში დამიბარა და შეხვედრა დამინიშნა. მოგვიანებით მას, ჰიტცფელდს და კლუბის ექიმს, მიულერ-ფოლფარტს შევხვდი. "რა მოხდა?" - ვიკითხე - "შტეფან, მიუნხენში დადის ჭორები. ძალიან არასასიამოვნო ჭორები, რომ შენ ნარკოტიკებს იღებ" - ჰიონესის ამ პასუხზე ეფემ სიცილი ვერ შეიკავა და გადაწყვიტა, რომ თმის ღერი ჩამოეჭრა გამოკლევისთვის. რა თქმა უნდა, მას ვერაფერი აღმოუჩინეს, მაგრამ ეფენბერგმა ეს გაუგებრობაც გადაიტანა.

ტრიუმფი
"ბაიერნის" გულშემატკივრები ეფეს ზოგჯერ უსტვენდნენ კიდეც, მაგრამ მაინც უდიდეს პატივს სცემდნენ, როგორც დიდებულ კაპიტანს და ნამდვილ მებრძოლს. 2000/01 წლების სეზონში "ბაიერნმა" ფანტასტიკური გზა განვლო და უნიკალურ წარმატებებს მიაღწია. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენელებმა "მანჩესტერ იუნაიტედი", შემდეგ კი მადრიდის "რეალი" დაამარცხეს. ფინალში კი ოტმარ ჰიტცფელდის გუნდს "ვალენსია" ელოდა, მაგრამ მანამდე "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ფინალი ჩაატარა.
გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში "შალკემ" შინ "უნტერჰახინგი" გაანადგურა, პარალელურად კი "ბაიერნი" "ჰამბურგს" სტუმრობდა და 88-ე წუთზე გოლი გაუშვა. თუ "რეკორდმაისტერი" წააგებდა, გელზენკირხენელები კი მოიგებდნენ, "შალკე" ისტორიაში პირველად მოიგებდა ბუნდესლიგას. "ჩემპიონობას ბოლო წუთებში ვკარგავდით. ამას ვერ ვიჯერებდი. ოლი კანმა ყველა დაარწმუნა, რომ ბრძოლა გრძელდებოდა. "წინ, მხოლოდ წინ!" - დავიყვირე. წინ გრძელი პასი გავაკეთე, რომელიც არანაერ საფრთხეს არ წარმოადგენდა. ბურთი "ჰამბურგის" მცველმა ჩაჭრა და მეკარე შროიბერს დაუგორა. მეკარემ კი ბურთი ხელებში აიღო. მსაჯმა ეგრევე თავისუფალი დარტყმა დანიშნა.

ოლი კანი მოვარდა და მითხრა, რომ დარტყმას აპირებდა, მაგრამ დავაწყნარე და ბურთს მოვაშორე. პატრიკ ანდერსონს ვუხმე. მისი დარტყმული ცხენსაც კი წააქცევდა. პატრიკმა დაარტყა და მიუხედავად იმისა, რომ ეს არც ისე კარგად გამოუვიდა, ბურთი სასწაულებრივ კარის ბადეში გაეხვია. ყველანი ვხარობდით, რადგან ეს სასწაული იყო. "შალკე" უკვე ზეიმობდა, როდესაც ტიტული წავართვით. "ბაიერნმა" ბუნდესლიგა ზედიზედ მესამედ მოიგო!", - ასე ახასიათებს ეფე იმ დაუვიწყარ დასასრულს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი მილანში, "სან სიროს" არენაზე გაიმართა და ნამდვილ დრამად იქცა. ეს პენალტების ფინალი იყო. ანგარიში გაიზკა მენდიეტამ გახსნა თერთმეტმეტრიანით. რამდენიმე წუთში ეფენბერგის წაქცევის გამო პენალტი უკვე "ბაიერნმა" მოიპოვა, მაგრამ მეჰმეტ შოლმა ვერ გაიტანა. საბედნიეროდ, მეორე ტაიმში მეორე შანსი ეფემ აღარ გაუშვა ხელიდან და წონასწორობა აღადგინა. საბოლოოდ, 1:1 და საქმე ისევ საფეხბურთო ლატარეამდე მივიდა. "ჰიტცფელდმა დამრტყმელები გამოჰყო. საკუთარი დარტყმის წინ ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი შიში. საბედნიეროდ, პენალტი გავიტანე და როდესაც კანმა გადამწყვეტი ბურთი მოიგერია, ყველანი სიხარულისგან დავხტოდით. დიახ, დიახ, მე ჩემი მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე! ჩვენ ევროპის საუკეთესო გუნდი გავხდით და ამაში წვლილი ყველას მიუძღოდა, განსაკუთრებულ დიდებულ ოლივერ კანს", - იხსენებს "მეფე".
ეფენბერგი ეხვეოდა პარტნიორებს, ოტმარ ჰიტცფელდს, ფრანც ბეკენბაუერს და უაღრესად ბედნიერი იყო. მან 33 წლის ასაკში თავის ბავშვობის საყვარელ კლუბთან ერთად ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მოიგო. "მეფემ" ჩემპიონთა ლიგის ყურებიანი თასი თავს ზემოთ სიამაყით აღმართა.

სამარცხვინო გამომშვიდობება
2002/03 წლების სეზონი ეფენბერგმა ტრავმით დაიწყო, მან დაზიანება წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპზე მიიღო და ოთხი თვის განმავლობაში საშინელი ტკივილები აწუხებდა. "ბაიერნი" კი ბუნდესლიგაში მის გარეშეც კარგად გამოდიოდა, რამაც პრესა გააქტიურა. ბევრი თვლიდა, რომ ეფეს დრო წავიდა და "რეკორდმაისტერს" კაპიტანი აღარ სჭირდებოდა. ამას კარლ-ეინც რუმენიგეს ფაქტორიც დაემატა, რომელიც შტეფანის მომავალს მიუნხენში ასევე ეჭვის თვალით უყურებდა. იყო სებასტიან დაისლერის ფაქტორიც, რომელიც გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა და "ბაიერნს" მისი შეძენა სურდა. დაისლერმა კი კლუბს განუცხადა, რომ კონტრაქტს მხოლოდ ეფეს წასვლის შემდეგ გააფორმებდა. "დაისლერს ჩემი ეშინოდა, რადგან კონკურენციას წააგებდა და სკამზე მოუწევდა ჯდომა", - ასე აფასებს ეფენბერგი დაისლერის მიდგომას.

ამ უცნაურ გარემოებას კი სკანდალური ინტერვიუ დაემატა, რომელიც კვლავ ახირებული ჟურნალისტების პროვოკაცია იყო და რაც ეფესთვის ყველაზე მწარე ხაფანგი გამოდგა. შემოდგომაზე ეფესთან "Playboy-ს" ორი ჟურნალისტი მივიდა და ინტერვიუს ჩაწერა სთხოვა, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. გავიდა ნახევარი წელიწადი და უეცრად საკმაოდ სერიოზული სკანდალი აიწია. "ერთ-ერთი გაზეთის სათაურზე წავიკითხე: "ეფე ითხოვს, რომ უმუშევარ ადამიანებს სოციალური დახმარება მოუხსნან". ეს არასოდეს მითქვამს, მით უმეტეს, რომ მაშინ, როდესაც ეს ინტერვიუ მივეცი, ჩემი ძმა უმუშევარი იყო. მე მხოლოდ ის აღვნიშნე, რომ არის თვითკმაყოფილი ადამიანების პრობლემა, რომლებიც ამბობენ, რომ ამ დახმარებას კიდევ შავ სამუშაოს უმატებენ, არიან მშვიდად, კარგად და მუშაობაზე არც ფიქრობენ. მათ წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი გამოვთქვი და არა სოციალური დახმარების მოხსნის. გაზეთებმა კი ისე დაწერეს, რომ თითქოს, მილიონერი ეფენბერგი ოთხი მილიონი უმუშევარის მტერი იყოს", - წერს შტეფან ეფენბერგი.
რამდენიმე დღეში რეაგირება "ბაიერნმაც" მოახდინა. ეფეს ოტმარ ჰიტცფელდმა დაურეკა და მოახსენა, რომ ის მომდევნო მატჩებს გამოტოვებდა, სანამ სიტუაცია არ დაწყნარდებოდა. საბოლოოდ კი ეფეს იმედები ძალიან გაუცრუვდა, რადგან ის ფორმალური ხელის ჩამორთმევით და მადლობით გააცილეს გუნდიდან. არადა ის კლუბის ნამდვილი ლეგენდა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კაპიტანი იყო, რომელმაც კლუბის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ფურცლები შეავსო და იმის მაგივრად, რომ მთელ ოლიმპიურ სტადიონზე აპლოდისმენტებით გაეცილებინა, ის ბოლოს ფრანც ბეკენბაუერმა გააცილა აეროპორტში. მხოლოდ ლეგენდარულმა კაიზერ ფრანცმა აღიარა საჯაროდ, რომ ეფენბერგს ცუდი არაფერი უთქვამს, უბრალოდ ეს პრესის შემოქმედება იყო.

საერთაშორისო ასპარეზი
ერთი წელი ეფემ "ვოლფსბურგში" დაჰყო, კიდევ ერთი კატარში და 2004 წელს კარიერაც დაასრულა. რა თქმა უნდა, მისი მთავარი კლუბი მიუნხენის "ბაიერნი" იყო, საუკეთესო დამრიგებელი და მწვრთნელი - ოტმარ ჰიტცფელდი, საუკეთესო მეგობარი და თანაგუნდელი - ლოთარ მათეუსი. ახლა კი შტეფანის სანაკრებო კარიერასაც შევეხოთ, რომელიც ხანმოკლე გამოდგა.

მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 1991 წლის 5 ივნისს, უელსთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგა, რომელიც გერმანიის ნაკრებმა 1:0 მოიგო ნიურნბერგში. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმ შეხვედრაში ეფეს ყოველი ბურთს შეხებაზე უსტვენდნენ, რაც მისთვის საკმაოდ მოულოდნელი და დიდი შოკი იყო. მატჩის შემდეგ მას ყველა აწყნარებდა, განსაკუთრებით ნიურნბერგში დაბადებული ლეგენდარული შტეფან როიტერი. პირველი დიდი ტურნირი კი 1992 წლის ევროპის ჩემპიონატი იყო, რომელიც მთლიანად "ბუნდესთიმმა" დაასრულა წარუმატებლად - მათ ფინალში დანიასთან წააგეს, რაც უდიდესი სენსაცია იყო. "ჩემი პირველი დიდი ტურნირი მარცხით დავასრულე. ბერტი ფოგტსი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ დიდ ტურნირს აუცილებლად მოვიგებ და ეს ორ წელიწადში მოხდება".
ორ წელიწადში ამერიკაში გრანდიოზული მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ეფენბერგი ეროვნული გუნდის ერთ-ერთი იმედი იყო. პირველი მატჩი გერმანიამ პერუსთან მოიგო (1:0), ეფემ კი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ შტეფანს ეს დიდად არ მოსწონდა, ფოგტსი მისი დამაჯერებელი მოქმედებებით კმაყოფილი იყო. შემდეგ იყო ფრე ესპანეთთან და ბოლოს მატჩი, რომელმაც ეფეს სანაკრებო კარიერა დაანგრია. ფოგტსის გუნდი სამხრეთ კორეას ხვდებოდა და რა თქმა უნდა, უდავო ფავორიტი იყო. პირველი ტაიმი გერმანიამ 3:0 მოიგო, მაგრამ შემდეგ მოდუნდა და ორი ბურთი გაუშვა. თუმცა, იყო ერთი უარყოფითი ფაქტორი.

"გერმანელი ფანები ჩემს შეურაცხყოფას არ წყვეტდნენ. რადგანაც ფლანგზე ვთამაშობდი, მათი შეძახილები კარგად მესმოდა. ეს სტვენები და პროვოკაციები ნამდვილად არ მესმოდა, უბრალოდ მაგიჟებდა. ისიც კი გავიფიქრე, რომ ფოგტსისთვის შეცვლა მეთხოვა. აღელვებული ვიყავი. ერთ-ერთ მომენტში, როდესაც ფანებმა კიდევ ერთი ბინძური სიტყვა გამოისროლეს ჩემი მიმართულებით, მათ შუა თითი ვუჩვენე. ეს ზუსტად ორი წამი გრძელდებოდა. უმრავლესობას ეს არც დაუნახავს. უპირატესობა შევინარჩუნეთ, მატჩის შემდეგ კი ზამერი, ჰესლერი და იილგნერი ჩემს დაწყნარებას ცდილობდნენ. ფოგტსმაც გამამხნევა, რადგან წინ ბევრი თამაში გველოდა. ყველა ასე ფიქრობდა", - ავტობიოგრაფიას ეფე ამ თემაზე საუბრით ასრულებს.
ეფენბერგი ამ ჟესტის გამო არ ღელავდა, მაგრამ შეცდა. გერმანული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ეგიდიუს ბრაუნმა, ჯერ კიდევ ამერიკაში ბერტი ფოგტსი დაიბარა და ეს ისტორია მოუყვა. ბერტიმ ეფე გააფრთხილა, რომ სიტუაცია მის სასარგებლოდ არ იყო. შტეფანი ცდილობდა, რომ ყველაფერი აეხსნა, მაგრამ მთავარ მწვრთნელს ფანების პროვოკაციის გაგონებაც კი არ სურდა. საბოლოოდ, ეფემ უკან დასაბრუნებელი ბილეთის ფული საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა და გერმანიაში ჩაფრინდა. "შოკირებული ვიყავი. ჩემი ოცნება დაიმსხვრა. მზად ვიყავი. ბოდო იილგნერი და იკე ჰესლერი ამბობდნენ, რომ არაფერი მოხდებოდა, რუდი ფიოლერი დამპირდა, რომ მთავარ მწვრთნელს დაელაპარაკებო და ჩემს გაშვებას არ დაუშვებდა. თუმცა, ფიოლერმა ეს გააკეთა თუ არა დღემდე არ ვიცი. მეორე დღეს ბრაუნმა მორალი წამიკითხა და მეც ავბარგდი", - იხსენებს ეფე მწუხარებით.

ყველაზე საინტერესო რამ კი მომდევნო კვირეებში მოხდა. ეფენბერგი ნაკრებიდან ახალი წამოსული იყო და ყველა გაზეთი ცდილობდა მასთან კონტაქტზე გასვლას. საბოლოოდ, "Sportbild-მა" მას 75 ათასი მარკა შესთავაზა და ეფეც დათანხმდა: "ინტერვიუში სოლიდური თანხა მივიღე, რომელიც უმალ ერთ-ერთ განის საავადმყოფოში გადავრიცხე, რომელზეც გლადბახელმა მეგობარმა მითხრა. წლების შემდეგ სემი კუფური ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ განაში ნამდვილი გმირი ვარ. ის, რომ საავადმყოფოს ფული გადავურიცხე, ყველა ბავშვმა იცოდა. ნამდვილად ამაყი ვიყავი იმ მომენტში. გერმანიაში ცუდი ბიჭის იმიჯი მქონდა, განაში კი ეროვნული გმირი ვიყავი".

94 წლის მუნდიალი გერმანიამ მეოთხედფინალში დაასრულა, ეფემ კი ბოლო თამაშები თეთრი მაისურით 1998 წელს ჩაატარა. ის ბერტი ფოგტსის გუნდს ორ ამხანაგურ შეხვედრაში დაეხმარა და საერთაშორისო ასპარეზიც დაასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ მას სტადიონებზე ყველა უსტვენდა, შტეფან ეფენბერგი მიუნხენური კლუბის ქომაგების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოთამაშე და კაპიტანია. ის აგრესია კი, რომელსაც გერმანელი გულშემატკივარი გამოხატავდა, იმის დასტურია, რომ ეფე მართლაც გამორჩეული და განსაკუთრებული პიროვნება იყო. მას უნიკალური მენტალიტეტი ჰქონდა, ნამდვილი მებრძოლი და სამართიანი ადამიანი იყო, რომელიც არც მიკროფონებს გაურბოდა და არც მწარე სიმართლეს. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ეფეს ცუდი იმიჯი შეექმნა, მაგრამ ახლა, როდესაც საკმაოდ დიდი დრო გავიდა, ალბათ ყველა ხვდება, რომ ეფე განსაკუთრებული ინდივიდი იყო და ასეთების მიმართ საზოგადოების პრაგმატულ უმრავლესობას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

იმედი მაქვს, რომ "ბაიერნის" ერთგული ქართველი გულშემატკივარი ზემოთხსენებული "შუა თითის" გამო შეცდომაში არ შევა, ეფე არასოდეს ყოფილა უღირსი ადამიანი, პირიქით - უაღრესად პატივსაცემი პერსონა იყო. მინდორზე კი მიუნხენური კლუბის ნამდვილი ლიდერი და ძრავი იყო. მისი კაპიტნობის პერიოდში გუნდმა უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია, რაშიც შტეფანმა უდიდესი წვლილი შეიტანა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეფე კლუბის უმდიდრეს ისტორიაში უდიდესი კაპიტანია, რითიც ყველაფერია ნათქვამი.

შტეფან ეფენბერგის ტიტულები და ინდივიდუალური მიღწევები:
გერმანიის ჩემპიონატი (3): 1998/99, 1999/00, 2000/01
გერმანიის თასი (2): 1994/95, 1999/00
გერმანიის სუპერთასი (1): 1990
ლიგა-პოკალი (3): 1998, 1999, 2000
ჩემპიონთა ლიგა (1): 2000/01
საერთაშორისო თასი (1): 2001
ევროპის ვიცე-ჩემპიონი (1): 1992

ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები (1): 1992
ფიფას წლის სიმბოლური ნაკრები (1): 1997
ESM წლის სიმბოლური ნაკრები (1): 1999
უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1): 2001

მოამზადა დავით მაღრაძემ, სპეციალურად Bayern.ge-სთვის
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
შტეფან ეფენბერგი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
gio-bali
gio-bali | 22 ოქტომბერი 2016 13:28
მადლობა დავით მაღრაძე შენ!!!
რომ არა ეფე და კანი ვინ იცის რომელი გუნდის გილშემატკივარი ვიქნებოდი ან საერთოდ ვიქნებოდი თუ არა ფეხბურთის მაყურებელი...
dimitrichachua
dimitrichachua | 23 ოქტომბერი 2016 01:32
დიდი მადლობა ავტორს შესანიშნავი სტატიისთვის
serjinio007
serjinio007 | 24 ოქტომბერი 2016 18:36
მისი საუკეთესო მეგობარი მატეუსი არ ყოფილა.კაი სტატიაა.
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა