...

ანჩელოტის ეფექტი - როგორ შეიცვალა ბაიერნი

უკვე რამდენიმე დღეა ზაფხული დადგა და ევროპული საკლუბო ფეხბურთი ორი კვირაა რაც შესვენებაზე გავიდა. მიუნხენის "ბაიერნის" მოთამაშეების დიდი უმრავლესობა შვებულებაშია და მათთან ერთად მძიმე სეზონის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტიც ისვენებს, რომლისთვისაც გერმანიაში პირველი წელი საკმაოდ მრავალფეროვანი, საინტერესო და სირთულეებით აღსავსე გამოდგა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პეპ გვარდიოლა კონტრაქტს არ გაახანგრძლივებდა და გუნდს 2016 წლის ზაფხულში დატოვებდა, ყველას აინტერესებდა თუ ვინ შეცვლიდა ამ ინოვატორს, რომელმაც "ბაიერნი" სულ სხვა სტილში აათამაშა, გუნდი ტექნიკურად და ტაქტიკურად ახალ დონეზე აიყვანა, მოთამაშეები კი საოცრად ინტენსიურ და შრომატევად ვარჯიშებს მიაჩვია.

არც თუ ისე ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობამ დასვენებული პაპა კარლო იპოვნა, რომელსაც გერმანიაში მუშაობისა და გვარდიოლას შემდეგ გუნდის ჩაბარების სახით სერიოზული გამოწვევები შესთავაზა, რომელიც თავისი საქმის მოყვარულმა იტალიელმა სპეციალისტმა სიამოვნებით მიიღო.

ახლა კი ანჩელოტის პირველმა სეზონმა ჩაიარა და მას შემდეგ, რაც ყველაფერი გამოვიარეთ, დროა შევაჯამაოთ იტალიელის პირველი წელი გერმანიაში. მაშ ასე BAYERN.GE გთავაზობთ ბლოგს კარლოს ეფექტის შესახებ.

მოლოდინი



მიუხედავად იმისა, რომ 57 წლის იტალიელს გერმანიაში არასოდეს უმუშავია და მიუნხენურ კლუბთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია, "ბაიერნის" ქომაგები მის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას საკმაოდ კარგად შეხვდნენ და კარლო თავიდანვე პოზიტიური განწყობით მიიღეს. ბუნებრივია, ამას თავისი მიზეზები აქვს, თანაც სავსებით ლოგიკური. პირველ რიგში, დიდი მოლოდინი ანჩელოტის უნიკალურმა თვისებამ გამოიწვია, რომელიც ნებისმიერ ქვეყანასა და გუნდში სწრაფად ორიენტირებას გულისხმობს. "მილანში" გენიალური ეპოქის შემდეგ, რომელმაც 9 წელს გასტანა, ანჩელოტიმ წარმატებები ლონდონის "ჩელსის", "პსჟ-სა" და მადრიდის "რეალს" მოუტანა. მან ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში მიაღწია წარმატებას, რაც იმის დასტური იყო, რომ იტალიელისთვის ახალი კულტურის გაცნობისა და ახალ კლუბთან მორგების ბარიერები დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც "ბაიერნის" გულშემატკივრები ანჩელოტის მოსვლას სიხარულით შეხვდნენ, მისი მენტალიტეტი და ფილოსოფია გახლავთ. პეპ გვარდიოლასგან განსხვავებით კარლო უფრო პრაგმატისტია, რომელიც სათამაშო ფილოსოფიის მხრივ უფრო ახლოს იყო მიუნხენური გრანდის ხასიათთან და "ბაიერნის" ქომაგებისთვის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელ სპეციალისტ იუპ ჰაინკესთან.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, "რეკორდმაისტერში" ანჩელოტი საკმაოდ თბილად მიიღეს და ეს მხოლოდ ხელმძღვანელობას არ ეხება. იშვიათი გამონაკლისების გარდა, პაპა კარლოს მოსვლას "ბაიერნის" თითოეული ქომაგი სიხარულითა და დიდი მოლოდინით შეხვდა. მისდამი ნდობა თავიდანვე გაჩნდა და ყველას ჰქონდა იმედი, რომ მადრიდის "რეალის" მსგავსად, იტალიელი "ბაიერნსაც" პირველივე სეზონში მოაგებინებდა ჩემპიონთა ლიგის თასს.

დიდებული სტარტი


კარლო ანჩელოტიმ მოლოდინი თავიდანვე გაამართლა და "ბაიერნის" ისტორიაში ყველაზე წარმატებული სტარტი აიღო, როგორც მთავარმა მწვრთნელმა. პირველივე ოფიციალურ თამაშში იტალიელმა სპეციალისტმა თავისი პირველი ტიტული მოიგო გერმანიაში. "რეკორდმაისტერმა" მთავარი კონკურენტი დორტმუნდის "ბორუსია" სუპერთასისთვის მატჩში მისსავე მოედანზე 2:0 დაამარცხა. არტურო ვიდალისა და თომას მიულერის გოლებით "ბაიერნმა" გერმანიის სუპერთასი მოიგო. ის, რაც გვარდიოლამ მთელი 3 წლის განმავლობაში ვერ გააკეთა, კარლომ ერთ თვეში მოახერხა. შემდეგ იყო გერმანიის თასის პირველი წრის მატჩი, რომელშიც "ბაიერნმა" "კარლ-ცეისი" 5:0 გაანადგურა, ხოლო ბუნდესლიგის გახსნითი მატჩი შინ ბრემენის "ვერდერის" წინააღმდეგ 6:0 მოიგო.

პირველი ერთი თვის განმავლობაში ანჩელოტის "ბაიერნმა" ყველა ტურნირზე ერთად რვიდან რვა თამაში მოიგო, სულ 27 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა. პაპა კარლომ თავიდანვე ომახიანად დაიწყო და დაამტკიცა, რომ ახალ ქვეყანასთან და გუნდთან მორგება მისთვის სულაც არ არის დიდი პრობლემა. ამ დიდებულ სტარტს მცირე ჩავარდნა მოჰყვა, მაგრამ პირველადი ეფექტი საკმაოდ ძლიერი გამოდგა, რადგან მან კლუბის რეკორდი დაამყარა და სეზონის სტარტზე 8-დან 8 თამაში მოიგო.

სტრატეგიული სვლა გაზაფხულისთვის


პირველი წრის შუაში, შემოდგომაზე, ანჩელოტისადმი განწყობა ცოტათი შეიცვალა, რადგან "ბაიერნი" ბუნდესლიგაში არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, ვერ ფლობდა ისეთ დიდ უპირატესობას, როგორც გვარდიოლას დროს და მატჩების მოგება უჭირდა. "შალკეს", "ჰამბურგის" წინააღმეგ გუნდმა რთული გამარჯვებები მოიპოვა, შემდეგ "კიოლნთან" და "ჰოფენჰაიმთან" ქულებიც დაკარგა საკუთარ კედლებში, ამას კი დორტმუნდში მარცხი დაემატა. ანჩელოტის კრიტიკოსები გამოუჩნდნენ, მაგრამ იყო მეორე მხარეც - პაპა კარლოს სტრატეგიული გათვლა, რომელიც საკუთარი გუნდის ფორმის პიკში გაყვანას გაზაფხულისათვის ანუ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილისათვის გულისხმობს. გვარდიოლას დროს გუნდი თავიდან დაფრინავდა, სეზონის ბოლოს კი ფიზიკურად მოთამაშეები უბრალოდ კვდებოდნენ და საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავდათ. ამ სეზონში კი "ბაიერნი" აშკარად ზოგავდა ძალებს, ინახვდა თავს და გერმანიაში ქულების მოპოვებას უბრალოდ კლასის ხარჯზეც ახერხებდა.

ბუნდესლიგის ამ სეზონში "რეკორდმაისტერი" 90+ დროში სულ 11 ბურთ გაიტანა, რაც აბსოლუტური რეკორდია და იმაზე მეტყველებს, რომ იტალიელს სწორი გათვლა ჰქონდა. პირველი წრის ბოლოს კი ეს კიდევ უფრო ნათელი გახდა, როდესაც "ბაიერნმა" სეზონის პირველი ნახევრის მთავარი მატჩი მოიგო და შინ სენსაციური "ლაიფციგი" უშანსოდ გაანადგურა - 3:0. იქ, სადაც საჭირო იყო, მიუნხენელები ბოლომდე ჩაირთვნენ და ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.

მეორე წრიდან კი, უკვე თებერვალში "ბაიერნმა" ფორმა აკრიფა და ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპს ბრწყინვალე კონდინციებში შეხვდა. პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში "რეკორდმაისტერმა" ლონდონის "არსენალი" შინ 5:1 გაანადგურა, ამას მოჰყვა გოლების წვიმა "ჰამბურგთან" (8:0), "შალკეს" მარტივად დამარცხება გერმანიის თასზე (3:0) და ლონდონში საპასუხო მატჩის ასევე 5:1 მოგება. თებერვლის შუარიცხვებიდან მარტის შუარიცხვებამდე 1 თვეში "ბაიერნმა" ფანტასტიკური ფეხბურთი აჩვენა, 9 თამაშიდან 8 მოიგო, 35 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 გაუშვა. "რეკორდმაისტერმა" დაიწყო დომინირება და მატჩების დიდი ანგარიშით მოგება, რითიც დამტკიცდა, რომ ანჩელოტის მართლაც გუნდის ფორმის პიკში გაყვანა გაზაფხულისთვის ჰქონდა ჩაფიქრებული და გზა სწორად შეარჩია. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წინ კი "ბაიერნმა" შინ დორტმუნდის "ბორუსია" პრინციპულ ორთაბრძოლაში 4:1 გაანადგურა, რითიც საბოლოოდ ყველა კრიტიკოსი დაადუმა!

საბოლოო შედეგი


სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის წინ კი გაუთვალისწინებელმა პრობლემებმა იჩინა თავი. აპრილში "ბაიერნს" მადრიდის "რეალთან" მეოთხედფინალური პაექრობები და "ბორუსიას" გერმანიის თასის ნახევარფინალური მატჩი ელოდა. "სამეფო კლუბთან" პირველი თამაშის წინ მოულოდნელად ჯერ რობერტ ლევანდოვსკი, შემდეგ კი დაცვის ლიდერი მატს ჰუმელსი დაიმტვრა. ეს ორი მოთამაშე კი მთელი სეზონი ბრწყინვალედ ასპარეზობდა. მიუხედავად ამისა, იტალიელს იმედები მაინც ჰქონდა და მიუნხენში "სამეფო კლუბი" პირველ ტაიმში დაჯაბნა. მეორე ნახევარში კი რონალდუს სწრაფი გოლი, მარტინესის გაძევება და რომ არა მანუელ ნოიერი "ბაიერნი" განადგურდებოდა. საბოლოოდ 1:2 და მადრიდში სიტუაციის გამოსწორების შანსები დარჩა. "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჰუმელსი და ლევანდოვსკი მოედანზე ტკივილების ფონზე გავიდნენ, გუნდმა კი ბოლომდე იბრძოლა, ძირითადი დრო 2:1 მოიგო, მაგრამ მსაჯების შეცდომების წყალობით ყველანაირი შანსი დაკარგა. ვიდალის გაძევება, დამატებით დროში კი რონალდუს თამაშგარიდან გატანილი ბურთი მეტისმეტი გამოდგა, "ბაიერნის" გზა ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ ამ ეტაპზე შეჩერდა.

გავიდა დაახლოებით ორი კვირა და "ბაიერნმა" თვის ბოლოს "ბორუსიასთანაც" წააგო. მიუნხენში "რეკორდმაისტერს" 2:1 მიჰყავდა, უამრავი მომენტი ჰქონდა იმისათვის, რომ თამაში საბოლოოდ მოეკლა, მაგრამ ფატალური უიღბლობის გამო გოლი არ გავიდა, რითიც დორტმუნდელებმა ისარგებლეს. ობამეიანგმა წონასწორობა აღადგინა, უსმან დემბელემ კი ფინალში "ყვითლები" გაიყვანა. 3 კვირაში "ბაიერნის" მთელი სეზონი თავდაყირა დადგა, ანჩელოტის გეგმები დაემსხვრა და საბოლოოდ, მხოლოდ ბუნდესლიგის ვერცხლის სინი შერჩა.

ამბობენ, რომ მიუნხენური გრანდისათვის მხოლოდ გერმანიის ჩემპიონობა საკმარისი არ არის, მაგრამ იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლის შედეგადაც გუნდი ჯერ ჩემპიონთა ლიგიდან, ხოლო შემდეგ გერმანიის თასიდან გამოვარდა, ანჩელოტის გაკრიტიკება ბოლომდე სამართლიანი ვერ იქნება. იყო უიღბლობის ფაქტორი, რადგან ორი უმნიშვნელოვანესი ფიგურა ყველაზე საჭირო მომენტში დაიმტვრა, იყო მსაჯის ფაქტორი, ხოლო "ბორუსიასთან" უბრალოდ ჭეშმარიტი უიღბლობა. შესაძლოა, მომენტებში იტალიელიც შეცდა, მაგრამ იმის თქმა, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგისა და გერმანიის თასის ტიტულები მის გამო დათმო, ნამდვილად არასწორია.

საბოლოო შედეგი გერმანიის ბუნდესლიგა და გერმანიის სუპერთასის ტიტულია. რა თქმა უნდა, "ბაიერნისთვის" მეტი იყო საჭირო, მაგრამ იტალიელი ბევრ ბარიერს წააწყდა, რომელსაც მხოლოდ საკუთარი გამოცდილებითა და სამწვრთნელო უნარებით ვერ გადალახავდა. სწორედ ამიტომ, საბოლოო შედეგი ალბათ მაინც მისაღებია.

სათამაშო ფილოსოფია


ახლა კი უფრო დეტალურ ანალიზსა და თამაშის გარჩევაზე გადავიდეთ. როგორც თავად კარლომ აღნიშნა, მას რადიკალური ცვლილებები ნამდვილად არ განუხორციელებია, მაგრამ ბუნებრივია, პეპ გვარდიოლას წასვლის შემდეგ "ბაიერნის" სათამაშო ფილოსოფია შეიცვალა. ესპანელის ხელმძღვანელობით "რეკორდმაისტერი" პირველივე წუთიდან ბურთს იჭერდა და აუცილებლად პირველ ნომრად, შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. იტალიელის შემთხვევაში კი "ბაიერნმა" უფრო მეტი ყურადღება გაამახვილა დაცვის ორგანიზებაზე და ბურთს ისეთი სიხშირით აღარ აკონტროლებდა. გარდა ამისა, ანჩელოტისთვის მეორე ნომრად თამაშიც მისაღები იყო, ოღონდ რა თქმა უნდა, ეპიზოდურად, როდესაც საჭიროდ მიიჩნევდა მეტოქის ცდუნებასა და კონტრშეტევებზე დაჭერას. ამ ხერხს მიუნხენურმა გრანდმა ბუნდესლიგაშიც მიმართა რამდენიჯემერ.

ფილოსოფიის თვალსაზრითი "ბაიერნი" უფრო რთულად ამოსაცნობი გახდა, რადგან ანჩელოტის მეტოქეებისთვის რამდენიმე ვარიანტის შეთავაზება შეეძლო. მოთამაშეების ტექნიკური და ტაქტიკური დონე კი არსად დაკარგულა, ბურთს "რეკორდმაისტერი" ჩინებულად ფლობდა, პასების რაოდენობაც ზოგჯერ გვარდიოლას დროინდელ მაჩვენებლებს საერთოდ არ ჩამოუვარდებოდა, სამაგიეროდ "ბაიერნი" უფრო ნაყოფიერი გახდა სტანდარტების დროს და ფლანგიდან თამაშზე უფრო მეტი აქცენტი გაკეთდა. პეპის პერიოდში "რეკორდმაისტერის" მთავარი სამოქმედო არეალი შეტევაში იყო ცენტრი, ხოლო პაპა კარლოს დროს ფლანგები.

იტალიელმა ყველაზე მთავარი მოახერხა - პეპის სისტეტმა უპრობლემოდ გადააწყო, რა თქმა უნდა, "ბაიერნის" თამაში ესპანელი სპეციალისტის მიერ შეტანილი ელემენტები შეინიშნებოდა, მაგრამ ეს აშკარად სხვა გუნდი იყო, რომელიც უფრო მეტად წააგავდა იმ გერმანულ მანქანას, რომელიც იუპ ჰაინკესმა შექმნა 5-6 წლის წინ.

ტაქტიკა


ტაქტიკური თვალსაზრისით ანჩელოტი უფრო პრაგმატული იყო, ვიდრე გვარდიოლა, რომლის დროსაც არავინ იცოდა თუ რა სქემით გავიდოდა მოედანზე "ბაიერნი" და როგორ შეიცვლებოდა მოთამაშეების განლაგება. იტალიელი კი ძირითადად ორ ტაქტიკურ სქემას: 4-3-3 და 4-2-3-1 იყენებდა, რომელშიც ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ტიაგო ალკანტარას ჰქონდა. ზოგჯერ ესპანელი ნომინალურად გამთამაშებლის პოზიციაზე იყო გამწესებული, მაგრამ უკანაც ხშირად იხევდა და შავ სამუშაოს ასრულებდა. სწორედ ამიტომ, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ იტალიელი სპეციალისტი ორივე სქემას იყენებდა და მათ თამაშის მსვლელობისას ცვლიდა მაესტრო ტიაგოს უნივერსალური შესაძლებლობების წყალობით. ერთხელ კი, "ინგოლშტადტთან" გასვლით შეხვედრაში, იტალიელმა "მილანის" პერიოდი გაიხსენა და გუნდი 4-4-2 განლაგებით ათამაშა ცენტრში ცნობილი რომბით. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამ ექსპერიმენტმა საერთოდ არ გაამართლა და იტალიელი ასეთ ტაქტიკას აღარც დაუბრუნდა.

გვარდიოლას "ბაიერნთან" შედარებით ანჩელოტის "ბაიერნში" მცველების ტაქტიკური განლაგებაც განსხვავებული იყო. თუ პეპის დროს "რეკორდმაისტერის" განაპირა მცველები ძალიან აქტიურები იყვნენ შეტევაში, ხოლო ცენტრალური მცველები საკმაოდ მაღლა იყვნენ განლაგებულნი (თითქმის მოედნის ცენტრთან), ამ სეზონში უკანა ხაზი უფრო უკან დაიწია და ოთხეული უფრო მჭიდრო, კომპაქტური იყო. ამავდროულად, ხაბი ალონსო ან არტურო ვიდალი უკან უფრო ხშირად იხევდნენ, რათა მეტოქის პრესინგის დროს "ბაიერნის" მოთამაშეები რიცხობრივ უმცირესობაში არ მოყოლილიყვნენ. შეტევით ხაზში კი დიდი ცვლილებები არ ყოფილა, უბრალოდ აღსანიშნავია, რომ რობერტ ლევანდოვსკი ბევრს მოძრაობდა და მარცხენა ფრთაზე ხშირად გადადიოდა, ფლანგები კი უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული შეტევაში.

განსხვავებული მიდგომა საქმისადმი


უკვე ყველა კარგად ხვდება, რომ იტალიელი სპეციალისტი გაცილებით რბილია, ვიდრე პეპ გვარდიოლა, რომლის ვარჯიშებიც ყოველთვის ძალიან ინტენსიური, ფიზიკურად დამღლელი იყო. ანჩელოტის შემთხვევაში კი ყველაფერი შეიცვალა: მან ფეხბურთელებს უფრო მეტი თავისუფლება მისცა, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ, ხოლო ვარჯიშებზე მათ გაცილებით ნაკლებ დატვირთვას აძლევდა, რათა ბიჭები ზედმეტად არ გადაღლილიყვნენ. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მისი საინტერესო განცხადება: "მე არ ვარ ის მწვრთნელი, რომელიც ვარჯიშებზე საკუთარ მოთამაშეებს კლავს. ესპანეთში უყვართ იმის თქმა, რომ წყლის საკმაოდ დიდ რაოდენობას ბალახის გაფუჭება შეუძლია. ასეა ვარჯიშებზეც."

გარდა სიმსუბუქისა, ანჩელოტის მიდგომა იმითაც განსხვავდებოდა, რომ ის უფრო მეგობრული იყო, ვიდრე პეპ გვარდიოლა. ესპანელი უფრო დამრიგებელი იყო, ხოლო იტალიელი - მრჩეველი, მამა. მას თითოეულ ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, რაც კარგი ატმოსფეროსათვის ძალიან სასარგებლოა. კარლოს ასეთი მიდგომა მართლაც მისაღებია, მაგრამ შესაძლოა ბევრისთვის უფრო მეტი სიმკაცრე იყოს საჭირო. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ანჩელოტიმ მოთამაშეებს თავი სწორედ ლოიალური, თავისუფალი და უფრო ადამიანური მიდგომით შეაყვარა.

გამოცდილება > ტალანტი


აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ იტალიელი სპეციალისტი აქცენტს უფრო გამოცდილ მოთამაშეებზე აკეთებდა. "ბაიერნმა" საკმაოდ ასაკოვანი თერთმეტეულით ითამაშა მნიშვნელოვან მატჩებში. პაპა კარლომ ასაკოვან ფილიპ ლამს, ხაბი ალონსოს, ფრანკ რიბერისა და არიენ რობენს სრული ნდობა გამოუცხადა, მთავარი აქცენტი სწორედ მათზე გააკეთა, სამაგიეროდ ნიჭიერი ახალგაზრდები: რენატუ სანჩეში, იოზუა კიმიხი, კინგსლი კომანი დაჩაგრა. პეპ გვარდიოლა ამ მხრივ განსხვავებული იყო, რადგან ის პატარა ბიჭებს ბევრ შანსს აძლევდა, მათ მუდმივად იყენებდა და თავდაჯერებულობას მატებდა. კიმიხმა და სანჩეშმა კი მეორე წრეში ძალიან ცოტა მატჩი ჩაატარეს, ხოლო კომანმა საერთოდ მთელი კამპანია ჩააგდო. გასაგებია, რომ ზოგჯერ ტალანტზე მეტად გამოცდილება ფასობს, მაგრამ პაპა კარლომ ეს უნიჭიერესი მოთამაშეები ცოტათი დაჩაგრა და მოსალოდნელია, რომ ახალ სეზონში მათ უფრო მეტ შანსს მისცემს.

უბრალოდ ბრწყინვალე პიროვნება


კარლო ანჩელოტი ერთადერთი მწვრთნელია "ბაიერნის" ისტორიაში, რომელიც ვერცხლის სინის ჩაბარების შემდეგ "ალიანს არენაზე" მოთამაშეებთან ერთად ლუდის ბაკლით ხელში დარბოდა. იგივე ჰაინკესისა და გვარდიოლასგან განსხვავებით, მან თავისი წილი შხაპი მშვიდად მიიღო, შემდეგ კი ფეხბურთელები თავადაც გაწუწა და ამისგან დიდი სიამოვნება მიიღო. იტალიელი ყველაზე აქტიურად ჩაერთო ამ ტრადიციულ აღნიშვნაში, ხოლო მარიენპლაცის ზეიმის
დროს იტალიური სიმღერაც შეასრულა.


ამას კი ემატება ფრანკ რიბერის დამშვიდების ეპიზოდი. დორტმუნდის "ბორუსიასთან" ფრაგნმა დიდებულად ითამაშა და როდესაც იტალიელმა შეცვალა ძალიან უკმაყოფილო დარჩა. რიბერიმ ანჩელოტის უკმაყოფილო სახითა და ჟესტით აშკარად რაღაც ჰკითხა, ხოლო ამ უკანასკნელმა პასუხის ნაცვლად, იგი გულში ჩაიკრა და ლოყაზე აკოცა. შედეგად ფრანკს გაეცინა და სათადარიგო სკამზე დამშვიდებული დაჯდა.


სეზონის ბოლოს კი თავისი კოცნა არიენ რობენმაც მიიღო, რომელმაც ამ ეპიზოდის შემდეგ ხუმრობით აღნიშნა, რომ ფრანკის შურდა და ნაწყენი დარჩა, რომ თავად ვერ დაიმსახურა იტალიელის სითბო.

თუმცა "ლაიფციგთან" არანორმალური მატჩის ბოლო წუთზე გატანილი ფენომენალური გოლის შემდეგ ჰოლანდიელმაც მიიღო თავისი "ჯილდო."


ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ კარლო ანჩელოტი არამხოლოდ დიდებული მწვრთნელი, არამედ დიდებული პიროვნება: ძალიან პოზიტიური, თბილი, მხიარული და ამავდროულად საოცრად გაწონასწორებული. ნებისმიერ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, რასაც იტალიელი იდეალურად ახერხებს.

პაპა კარლოს სადებიუტო სეზონი მიუნხენურ გრანდში დიდად წარმატებული ვერ გამოდგა, მაგრამ მან ბუნდესლიგა მოიგო და რაც ყველაზე მთავარია, თავისი ბრწყინვალე ხასიათით ქომაგების გული მოიგო. რაც შეეხება მეორე შანსს, ის რა თქმა უნდა რჩება და ჩემპიონთა ლიგის მოგებას მომდევნო სეზონში შეეცდება.

ანჩელოტი უაღრესად გამოცდილი სპეციალისტია, რომელიც მიუნხენური გრანდისთვის დიდი წარმატების მოტანას მაქსიმალურად შეეცდება. მან დაამტკიცა, რომ "ბაიერნის" შესაფერისი ტიპაჟია, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ იმედი ვიქონიოთ და ჩვენს გუნდს, იტალიელ სპეციალისტთან ერთად, ბოლომდე დავუჭიროთ მხარი! скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბლოგი კარლო ანჩელოტი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა