...

სიძულვილიდან - კაპიტნობამდე: მანუელ ნოიერი

"მანუელ ნოიერი არანორმალური იყო. სავარაუდოდ, ეს მეკარის ყველაზე ძლიერი თამაში იყო ჩვენს წინააღმდეგ მთელი ჩემი მანჩესტერული კარიერის განმავლობაში. დარწმუნებული, ვარ სხვა დღესასწაულებიც ყოფილა, მაგრამ ნოიერმა დღეს განსაკუთრებული შოუ დადგა", - ასე შეაფასა იმ დროისთვის ჯერ კიდევ მსოფლიოს მომავალი ნომერ პირველი გოლკიპერი დიდმა სერ ალექს ფერგიუსონმა, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2010/11 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, ნოიერის გელზენკირხენის "შალკე" გერმანიაში 2:0 დაამარცხა. იმ საღამოს მანუმ საოცრებები ჩაიდინა და რომ არა მისი გიჟური სეივები, "შალკე" მინიმუმ 5-6 ბურთს კიდევ გაუშვებდა.

მაშინ ნოიერი სრულიად ევროპული ფეხბურთის ყურადღების ცენტრში იყო, მაგრამ მიუხედავად სერ ალექსის სიმპატიებისა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" საბოლოო არჩევანი დავიდ დე ხეაზე შეაჩერა, ხოლო მანუმ გეზი მიუნხენისკენ აიღო და "ბაიერნში" უკვე ნამდვილი დიდების გზას დაადგა, რომელიც დროთა განმავლობაში გაფართოვდა.

რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ახალი კაპიტანი 31 წლის მანუელ ნოიერი გახდა. ფილიპ ლამის წასვლის შემდეგ კაპიტნის სამკლაური მანუს მკლავზე აღმოჩნდება და სიმბოლურია, რომ "რეკორდმაისტერის" უკანასკნელი მეკარე კაპიტანი ოლივერ კანი გახლდათ. ნოიერი ახლა მიუნხენური კლუბის, გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და სრულიად მსოფლიო ფეხბურთის პირველი ნომერია, მაგრამ გზა, რომელიც მან აქამდე გამოიარა, საკმაოდ მძიმე იყო.


მანუელ ნოიერი გელზენკირხენის "შალკეს" აღზრდილია და ამ კლუბის აკადემიაში 5 წლიდან ირიცხებოდა. 19 წლის ასაკში მანუ უკვე "ლურჯების" მთავარ გუნდში ჩაირიცხა, მაგრამ 1 წელიწადი მხოლოდ სათადარიგო სკამზე დაჰყო. თუმცა 2006/07 წლების სეზონის სტარტზე "შალკეს" ძირითადმა გოლკიპერმა, ფრანკ როსტმა, სერიოზული ტრავმა მიიღო და 20 წლის ნიჭიერ გერმანელს მიეცა შანსი. ნოიერმა იმედები გაამართლა, ბრწყინვალე თამაში აჩვენა და პირველი ნომრის სტატუსი მოიპოვა. პირველივე სრულფასოვანი სეზონის შემდეგ ნოიერმა გერმანიაში სერიოზულად გაითქვა სახელი და მას განიხილავდნენ, როგორც იენს ლემანის შემცვლელს ეროვნულ გუნდში.

დღე, როდესაც მანუ ყველამ გაიცნო


თუ ვინმეს არ გაქვთ ნანახი 2007/08 წლების ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური შეხვედრა "პორტუსა" და "შალკეს" შორის, რომელიც "დრაგაოზე" გაიმართა, მაშინ აუცილებლად მოძებნეთ ამ შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა, რადგან ის, რაც იმ საღამოს 21 წლის მანუელ ნოიერმა გააკეთა სრული სიგიჟეა - ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი მეკარული პერფორმანსია. იმ საღამოს პორტუგალიელებმა გერმანული კლუბი უბრალოდ დაჩაგრეს და დიდი ანგარიშით მოგება თავისუფლად შეეძლოთ, მაგრამ იმ დღეს მთელ "პორტუს" ერთი მანუელ ნოიერი ეთამაშებოდა, რომელიც არანორმალური რეაქციებით იგერიებდა აუღებელ ბურთებს. "შალკემ" შეხვედრა 0:1 წააგო, დამატებით დროში აღარაფერი შეცვლილა, პენალტების სერიაში კი ნოიერმა ორი პენალტი აიღო და "შალკე" მეოთხედფინალში გაიყვანა. ლისანდრო ლოპესს მანუმ ურთულესი გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი აუღო და საკუთარი გენიალური თამაში იდეალურად დააგვირგვინა.


"პორტუს" თურქი ლეგიონერის, ტერიკ სეკტიუის, გაოგნებული სახე იდეალურად აღწერს იმას, რაც იმ საღამოს 21 წლის ნოიერმა გააკეთა. მაშინ ყველასათვის გახდა ცნობილი, რომ ეს ბიჭი განსაკუთრებული იყო.

მტრული გაცილება და მტრული დახვედრა


2011 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და გამორჩეული გოლკიპერი, მანუელ ნოიერი, კარიერას მიუნხენურ კლუბში გააგრძელებდა. "ბაიერნმა" მანუ ნოიერი 22 მილიონ ევროდ შეიძინა და მასთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ეს ტრანსფერი კი როგორც გელზენკირხენში, ისე მიუნხენში, ძალიან ცუდად მიიღეს. "შალკეს" ქომაგებმა ნოიერი მოღალატედ, იუდად შერაცხეს, ხოლო "რეკორდმაისტერის" გულშემატკივრებმა მისი გადაბირება გააპროტესტეს, მათთვის მიუღებელი იყო გელზენკირხენული კლუბის ქომაგისა და ამავე კლუბის აღზრდილი ფეხბურთელის დამატება.

2008/09 წლების ბოლოს "შალკემ" "ალიანს არენაზე" მიუნხენური გრანდი 1:0 დაამარცხა და ეს იურგენ კლინსმანის ბოლო მატჩი იყო "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. გელზენკირხენული კლუბის მიერ გატანილი ბურთი ნოიერმა ოლივერ კანის სტილში აღნიშნა.


ეს მომენტი "ბაიერნის" გულშემატკივარს კარგად ახსოვდა და ნოიერისადმი ძალიან ცუდად იყო განწყობილი. ამას ემატებოდა ტომას კრაფტიც ფაქტორიც. ჰანს-იორგ ბუტის წასვლის შემდეგ "რეკორდმაისტერის" მომდევნო კარის დარაჯად სწორედ ნიჭიერი კრაფტი მოიაზრებოდა, რომელიც კლუბის აღზრდილი იყო. მიუნხენელ ქომაგსაც სურდა, რომ "ბაიერნს" სწორედ საკუთარი აკადემიის აღზრდილ ტალანტზე გაეკეთებინა აქცენტი და არა გელზენკირხენის "შალკედან" დამატებულ მეკარეზე. თუმცა მანამდე ნოიერს ძალიან მძიმე წუთები თვით გელზენკირხენში ელოდა.

2010/11 წლების წარმატებული სეზონი რალფ რანგნიკის გუნდმა გერმანიის თასის მოგებით დააგვირგვინა. ნახევარფინალში "შალკემ" "ბაიერნი" რაულის გოლით დაამარცხა, ფინალში კი "დუისბურგი" 5:0 გაანადგურა. იმ დროისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ნოიერი კონტრაქტს არ ახანგრძლივებდა და მიუნხენისკენ იკრავდა ბარგს. გერმანიის თასის გამარჯვება "შალკემ" ქალაქში ქომაგებთან ერთად აღნიშნა და ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც ნოიერი გულშემატკივრებს ესალმებოდა, ეხვეოდა, ერთ-ერთმა ფანმა მას სახეში ხელი გაარტყა.


აი ასეთ ვითარებაში მოუწია ნოიერს ახალი კარიერული ნაბიჯის გადადგმა - მას გელზენკირხენიდან მტრულად აცილებდნენ, ხოლო ახალ სახლში ასევე მტრული განწყობით ხვდებოდნენ. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიური წნეხია, მაგრამ ნოიერი განსაკუთრებული მენტალიტეტის მქონე პიროვნებაა, სულიერად ძლიერი, რომელმაც კარიერული წინსვლის გამო ამ დიდ დარტყმას გაუძლო და წლების შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეცვალა.

გზა დიდებისკენ


სადებიუტო 2010/11 წლების სეზონი მანუსთვის საკმაოდ მძიმე გამოდგა. სადებიუტო შეხვედრაში, შინ "მ.ბორუსიას" წინააღმდეგ, ნოიერმა გამოსვლაზე სერიოზული შეცდომა დაუშვა და სტუმრებმა ამის შედეგად ერთადერთ ბურთი გაიტანეს - 0:1! ამას "ბაიერნის" ქომაგების ორმაგი უკმაყოფილება მოჰყვა, მაგრამ მომდევნო რვა ტურში "რეკორდმაისტერის" ახალმა გოლკიპერმა კარი მშრალად შეინახა. ბუნდესლიგაში მანუ შეცდომებს უშვებდა, სამაგიეროდ ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვან მატჩებში ბრწყინავდა. ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში, სტუმრად მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, ნოიერმა პენალტების სერიაში ივაჟკაცა და საკუთარი გუნდი მიუნხენურ ფინალში გაიყვანა. თუმცა მანამდე გერმანიის თასის ფინალი იყო, რომელიც მიუნხენელებმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" 2:5 წააგეს და ორი გოლი ნოიერის შეცდომას მოჰყვა. "ალიანს არენაზე" კი ევროპის ყველაზე პრესტიჟული თასი ლონდონის "ჩელსიმ" მოიპოვა, რომელმაც პენალტების სერიაში 4:3 იმარჯვა. იმ საღამოს ნოიერმა პირველად გამოავლინა თავისი ძლიერი მენტალიტეტი და "ბაიერნის" ფანებს დაუმტკიცა, რომ ის ღირსეული ბავარიელია!

ნოიერმა ჯერ ხუან მატას აუღო, ხოლო მაშინ, როდესაც გუნდში დამრტყმელი არ მოიძებნა, ბურთი მანუმ თავად აიღო და პეტერ ჩეხს დამაჯერებლად გაუტანა. სამწუხაროდ, იმ სეზონში იუპ ჰაინკესის "ბაიერნის" ყველა ტურნირზე მეორე ადგილოსანი გახდა, მაგრამ ნოიერმა მძიმე თამაშების შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში ყველას დაანახა, რომ ნამდვილი ლიდერია, რომელიც მზად არის გუნდს ყველანაირად დაეხმაროს.


საკმაოდ მძიმე დარტყმის შემდეგ მიუნხენურმა გრანდმა 2012/13 წლების კამპანია ტრიუმფალურად ჩაატარა და გერმანული ფეხბურთის ისტორიაში პირველი ტრებლი გაიფორმა - ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა. "რეკორდმაისტერმა" ფანტასტიკური ფეხბურთი აჩვენა, ნოიერი კი უფრო დამაჯერებელი გახდა და უაზრო შეცდომებსაც აღარ უშვებდა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალურ შეხვედრაში კი მანუმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის უბრალოდ შეუდარებელია, როდესაც საქმე დიდ თამაშებს ეხება. "უემბლიზე" დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ მეორე ფინალის წაგების შიშით შეპყრობილმა "ბაიერნმა" ძალიან სუსტად დაიწყო და პირველ 25 წუთში "ყვითლებს" რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ. რომ არა ნოიერის ბრწყინვალე სეივები, "ბორუსია" დებიუტში მინიმუმ 2-3 გოლს გაიტანდა. საბოლოოდ კი მიუნხენელებმა 2:1 იმარჯვეს, მანუმ კი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიპოვა.

2013 წლის ზაფხულში იუპ ჰაინკესმა კარიერა დაასრულა და "ბაიერნი" ესპანელმა ვირტუოზმა, პეპ გვარდიოლამ, ჩაიბარა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ესპანელ სპეციალისტს მთელი კარიერის განმავლობაში არ ჰყოლია ისეთ იდეალური გოლკიპერი, რომელიც მანუ ნოიერია. გერმანელი ზუსტად იმ მონაცემების მქონე მეკარე იყო, რომელიც პეპს სჭირდებოდა, ამიტომაც სწორედ გვარდიოლასთან ერთად გამოავლინა ნოიერმა მთელი თავისი პოტენციალი და იქცა ნამდვილ რევოლუციონერად. მიუხედავად გამოსვლებზე დაშვებული შეცდომებისა, ნოიერმა თავის სტილს არ უღალატა და უკვე 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში მეკარის პოზიციაზე ახალი სიტყვა ითქვა და დამკვიდრდა ტერმინი - "ნოიერის სტილში."


ნოიერი, რომელიც ფეხით ფანტასტიკურად თამაშობდა, მეტოქის სწრაფი შეტევების დროს უკანასკნელი მცველის როლს ასრულებდა და საჭიროების შემთხვევაში, კარს ძალიან დიდი მანძილით ტოვებდა, რათა მეტოქე გუნდის თავდამსხმელებისათვის ხელი შეეშალა. მუნდიალის მერვედფინალში, ალჟირის ნაკრებთან შეხვედრაში, მანუმ კარი რამდენიმეჯერ დატოვა და ყოველ ჯერზე შედეგიანად. მან მინიმუმ სამი რეალური საგოლე მომენტი აღმოფქვრა და სრულიად საფეხბურთო სამყარო აღტაცებაში მოიყვანა. ერთია გააკეთო ასეთი სიგიჟეები ბუნდესლიგის რიგით მატჩში, რომელიც "ბაიერნს" ბევრს არაფერს აკარგინებს და მეორე მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში. ბრაზილიაში მანუ მსოფლიო თასისა და ოქროს ხელთათმანის მფლობელი გახდა. მოგვიანებით ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის სამეულში დაუმშვენა გვერდი. ეს მისი კარიერული მწვერვალი იყო, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც მისი თამაშია და არა მიღწევები.

გავა დრო, წლები და შესაძლოა ბევრს არ ახსოვდეს, რომ ნოიერი 2014 წელს მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა, მაგრამ როდესაც კომენტატორები იტყვიან: "შესანიშნავი გამოსვლა, მეკარემ მანუელ ნოიერის სტილში ითამაშა...", სწორედ მაშინ იქნება მანუ ყველაზე ბედნიერი. მან ფეხბურთში თავისი სიტყვა თქვა და შემოიტანა განსხვავებული სტილი, რომელიც შესაძლოა აქამდეც არსებობდა, მაგრამ ასე სტაბილურად, ინტენსიურად და წარმატებულად არავის გამოუყენებია. ბევრი იხსენებს რენე იგიტას გიჟობებს, მაგრამ ნამდვილი რევოლუცია სწორედ ნოიერმა მოახდინა და ყველას დაანახა, რომ მეკარეებსაც შეუძლიათ მინდვრის მოთამაშის როლის შესრულება.

ახალი კაპიტანი


ბოლო 3 წელიწადში ნოიერი უფრო დაღვინდა, დასტაბილურდა და შეცდომებსაც აღარ უშვებს (თუ რა თქმა უნდა "მ.ბორუსიასთან" მატჩებს არ ჩავთვლით, რომლის წინააღმდეგაც მანუს შეცდომები ტრადიციად ექცა). ის ზედიზედ ოთხჯერ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერად, ხოლო გასულ სეზონში, მადრიდის "რეალთან" დაპირისპირებაში, ყველას დაანახა, რომ ის უბრალოდ უკონკურენტოა. აუღო კრიშტიანუ რონალდუს ახლოდან დარტყმული ხელის ერთი მარტივი მოძრაობით - ეს სრული სიგიჟეა, რომელიც მხოლოდ მანუ ნოიერს შეუძლია. 31 წლის ასაკში მანუელ ნოიერი უკვე გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანია.

სად გაქრა სიძულვილი? არ ვიცი, შესაძლოა "ბაიერნის" ქომაგებმა ეს გრძნობა თავისთვის ჩაკლეს, რადგან მანუმ ყველას დაუმტკიცა, რომ ის საუკეთესოა და "რეკორდმაისტერის" მაისურს ღირსეულად ატარებს. საკუთარი ძლიერი ხასიათისა და მტკიცე მენტალიტეტის წყალობით ნოიერმა სერიოზულ წნეხს გაუძლო და საბოლოოდ იქცა ყველაზე საიმედო პერსონად. დიახ, ნოიერი შეცდომებს უშვებდა და ამისგან არცერთი მეკარე არ არის დაზღვეული, მაგრამ ვერ გაიხსენებთ ვერცერთ მნიშვნელოვან თამაშს, რომელშიც "ბაიერნმა" გოლი მანუს შეცდომის ხარჯზე გაუშვა. ჩემპიონთა ლიგისა თუ დიდი საერთაშორისო ტურნირების გადამწყვეტ სტადიებზე მანუ უბრალოდ შეუდარებელია, რადგან მას საოცარი კონცენტრაციის უნარი აქვს და არის სულიერი ლიდერი, გამარჯვებული!

ახალი სეზონიდან მიუნხენის "ბაიერნს" დიდებული კაპიტანი ეყოლება, რომლის იმედიც ყოველთვის უნდა გვქონდეს. მივესალმოთ ახალ კაპიტანს - განუმეორებელ მანუელ ნოიერს!

მოამზადა დავით მაღრაძემ, სპეციალურად BAYERN.GE-სთვის
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბლოგი მანუელ ნოიერი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა