მიუნხენის "ბაიერნის" დაუმარცხებელი სერია გერმანიის ვიცე-ჩემპიონმა "ლაიფციგმა" შეწყვიტა - რალფ ჰაზენჰიუტლის გუნდმა "რეკორდმაისტერი" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა.
იუპ ჰაინკესმა ლიდერები დაასვენა და არაოპტიმალური თერთმეტეული დააყენა, რომელშიც ზიულე, რუდი, ბერნატი და ვაგნერი მოხვდნენ. "ბაიერნმა" კარგად დაიწყო და ანგარიში მალევე გახსნა. ხამესის ჩინებული ჩაწოდების შემდეგ ვაგნერმა თავისი მორიგი ბურთი გაიტანა და მიუნხენური გრანდი დააწინაურა.
გაშვებული გოლის შემდეგ "ხარები" გააქტიურდნენ და რამდენიმე კარგი ეპიზოდი შექმნეს. "ლაიფციგმა" მშვენიერი რეაქცია გამოავლინა, უპირატესობა მოიპოვა და მიზანსაც მიაღწია. "ბაიერნი" ჯერ სვენ ულრაიხმა, შემდეგ ნიკოლას ზიულემ იხსნა, ხოლო ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც ჰუმელსმა უყურადღებოდ იმოქმედა, "რეკორდმაისტერს" ზიულემაც ვეღარ უშველა - დამატებაზე ნაბი კეიტამ წონასწორობა აღადგინა.
მეორე ტაიმი "ბაიერნმა" კიდევ უფრო ცუდად დაიწყო და "ლაიფციგი" გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. მასპინძლებმა რამდენიმე კარგი მიდგომის შემდეგ დამსახურებული გოლი გაიტანეს - კეიტას მშვენიერი პასით ვერნერი ერთი-ერთზე დარჩა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა - 2:1!
ჰაინკესმა თამაშში რიბერი და ლევანდოვსკი ჩართო, მაგრამ ამან ბევრი ვერაფერი შეცვალა. შეხვედრის მიწურულს მიუნხენელებს მომენტები ჰქონდათ, მაგრამ მეორე ბურთი ვერ გაიტანეს და 18 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყდა.
Bayern.ge © 2016-2017 All rights reserved.
design by Irakli Kurtanidze, code by Giorgi Kakabadze.