როგორც უკვე მოგახსენეთ, ნიკლას ზულემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - როგორც ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება, ფეხბურთელმა ბაიერნის დატოვება გადაწყვიტა და აღნიშნულის შესახებ კლუბს უკვე ამცნო.
სწორედ ამიტომ, გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა 26 წლის მცველის შემცვლელის ძიებას აქტიურად შეუდგა.
Goal.com-ის ინფორმაციით, ბაიერნი მთავარ შემცვლელად ჩელსის დანიელ მცველს, ანდრეას კრისტენსეს განიხილავს.
ზულეს მსგავსად, კრისტენსენსაც ჩელსისთან არსებულ კონტრაქტს ვადა ზაფხულში გასდის.
'ლურჯები ანდრეას 4 წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, თუმცა მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ფეხბურთელი სხვა კლუბში გადასვლას აგენტებთან ერთად აქტიურად განიხილავს, თუმცა პრემიერ ლიგის რომელიმე სხვა კლუბია გამოირიცხა, რადგან კრისტენსენი ჩელსის ზედმეტად სცემს საამისოდ პატივს', - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, 25 წლის მცველმა ჩელსის მაისურით მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გოლით გამოიჩინა.