...

დორტმუნდის ბორუსია 1:0 ბაიერნი - მატჩის ანალიზი

გუშინ გვიან საღამოს მიუნხენური გრანდი სტუმრად დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდა და სეზონის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირება წააგო. კარლო ანჩელოტის გუნდმა ბუნდესლიგის მიმდინარე კამპანიაში პირველი მარცხი განიცადა და ლიდერობაც დაკარგა - ახლა სამი ქულით წინ დებიუტანტი "ლაიფციგია".

ახლა კი, ტრადიციულად, გთავაზობთ გასული თამაშის დეტალურ ანალიზს, რომელიც წინასწარ გეტყვით, რომ საკმაოდ კრიტიკული იქნება, რაც ალბათ ბუნებრივიაცაა.

მატჩის მსვლელობა
დორტმუნდის "ბორუსიამ" საკმაოდ თამამად დაიწყო და საწყისი 20-25 წუთი ძალიან სწრაფად, სახიფათოდ უტევდა. უპირატესობა გარდამავალი იყო, თამაში მაღალ სისწრაფეებზე დაიწყო და გოლიც მალევე გავიდა. მეათე წუთში მასპინძლებმა მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს. ლუკაშ პიშჩეკმა დროული პასით მარიო გიოტცეს დაუტოვა ბურთი საჯარიმოში, რომელმაც პიერ-ემერიკ ობამეინგს რბილად ჩაუწოდა და ამ უკანასკნელმა თავისი მე-12 ბურთი გაიტანა ბუნდესლიგაში. მალევე "ბორუსიას" კიდევ ერთი კარგი შანსი ჰქონდა, როდესაც გაბონელი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა და საჯარიმოში ანდრე შურლეს ჩაუწოდა, რომლის დარტყმული პირდაპირ მანუელ ნოიერს მიუვიდა. "ბაიერნი" ნელ-ნელა მოვიდა გონს, ბურთი დაიჭირა და შეტევების დიდი უმრავლესობა მარცხენა ფრთაზე მოდიოდა, სადაც დავიდ ალაბა და ფრენკ რიბერი აქტიურობდნენ. მიუხედავად რამდენიმე კარგი მიდგომისა, რეალურ მომენტამდე საქმე არ მისულა. მიუნხენელებს, ისე როგორც ბევრ შემთხვევაში, კვლავ კრეატივი დააკლდათ. საბოლოოდ, პირველი ტაიმი დორტმუნდელებმა 1:0 მოიგეს, თანაბარი თამაშის ფონზე.
შესვენების შემდეგ კი მატჩი კიდევ უფრო სანახაობრივი გახდა. "ბაიერნი" გაიხსნა და "ბორუსიას" საკმაოდ დიდი სივრცეები დაუტოვა. ობამეიანგმა პიშჩეკის ჩინებული პასით იდეალური შანსი პირველივე წუთზე მიიღო, მაგრამ მას ჟერომ ბოატენგი გადაეფარა. საპასუხოდ, დავიდ ალაბას ჩაწოდების შემდეგ ლევანდოვსკიმ თავური გაისროლა, მაგრამ ბიურკი ბურთს ადგილზე დახვდა. რამდენიმე წუთზე ობამეიანგმა მორიგი მომენტი გააფუჭა, როდესაც შმელცერის ჩაწოდებას ხეირიანად ვერ გამოეხმაურა. ამის შემდეგ კი მასპინძლები მთელი გუნდი უკან დადგნენ, "ბაიერნმა" კი საკმაოდ დიდი უპირატესობა მოიპოვა. დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში "რეკორდმაისტერმა" მეტოქე საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა, იყო სივრცეებიც, მაგრამ მიუნხენურმა გრანდმა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. ფრენკ რიბერი, დავიდ ალაბა, რობერტ ლევანდოვსკი და ტომას მიულერი ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ "ბორუსიას" დაცვა საბოლოოდ მაინც ვერ გატეხეს. ყველაზე რეალური შანსი კი ხაბი ალონსოს ჰქონდა, რომელმაც მოულოდნელად შორიდან გაისროლა და ბურთი ხარიხას მოარტყა. დომინირების შემდეგ კი "ბაიერნმა" ობამეიანგს მორიგი შანსი აჩუქა. ალონსომ გაბონელს ბურთი ჩააბარა, მაგრამ აფრიკელმა ერთი-ერთზე გასვლა ვერ გამოიყენა. დარჩენილ დროში "რეკორდმაისტერს" ბევრი არაფერი შეუქმნია, იყო მცირე დაპირისპირებაც, რაც მარსელ შმელცერის დაზიანებას და "ბაიერნის" მიერ თამაშის არ გაჩერებას მოჰყვა. ბოლოს რობერტ ლევანდოვსკის, მატს ჰუმელსის ჩაწოდების შემდეგ, მშვენიერი შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული მიზანს ასცდა. მთელი 90 წუთის განმავლობაში კარლო ანჩელოტის გუნდმა ერთი კარგი კომბინაცია გაითამაშა, რომელიც რიბერის ეფექტური გოლით დაგვირგვინდა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.

დორტმუნდელებმა "ბაიერნი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს და სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს.

მოულოდნელობისგან გამოწვეული ეფექტი
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტომას ტუხელმა კარლო ანჩელოტი ტაქტიკურად და სტრატეგიულად დაჯაბნა. გერმანელმა სპეციალისტმა მიზანში პირველივე წუთებიდან გაარტყა, როდესაც ყველასათვის მოულოდნელად, ხუთი მცველით დაიწყო. მატიას გინტერი, სოკრატისი და მარკ ბარტრა ცენტრში მოქმდებდნენ, ფლანგებზე კი ძველი გვარდიელები, მარსელ შმელცერი და ლუკაშ პიშჩეკი, ირჯებოდნენ. პირველ ტაიმში "ბაიერნს" მეტოქის მჭიდრო უკანა დაცვის ხაზის გადალახვა ძალიან უჭირდა და აშკარა იყო, რომ მიუნხენელები მცირე შოკში იყვნენ. ტუხელმა ამ მოულოდნელი და საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებით, ანჩელოტიზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. "ბორუსიამ" ეფექტი მოახდინა, რომელიც მიუნხენურ გრანდს მთელი მატჩის განმავლობაში გაჰყვა. გარდა ამისა, შემტევი მოთამაშეები ძალიან ბევრს მოძრაობდნენ, მუდმივ პრესინგს ანხორციელებდნენ და დაცვას ნაყოფიერად ეხმარებოდნენ. ინდივიდუალურად "ბორუსიას" პრობლემები ჰქონდა და მაგალითად, ბარტრა რამდენიმეჯერ სერიოზულად ჩავარდა, მაგრამ საერთო ჯამში, დორტმუნდელებმა ორგანიზებული დაცვა ითამაშეს.

პრობლემები, რომლებიც ვერაფრით იჭრება
მიუნხენურ კლუბს სეზონის სტარტზე რამდენიმე დამახასიათებელი ხარვეზი ჰქონდა, რომელთა გამოსწორებაც ერთი შეხედვით დროისა და უფრო მეტი მუშაობის საკითხი იყო. გარკვეული დროის შემდეგ, "ბაიერნი" უფრო დაიხვეწა და ბევრმა იფიქრა, რომ კარლო ანჩელოტიმ ნაყოფიერად იმუშავა, მაგრამ დორტმუნდში კვლავ იჩინა თავი პრობლემებმა, რომლებიც მოგვარებული გვეგონა.

უაზრო დაკარგვები - გუშინდელ შეხვედრაში "ბაიერნის" მოთამაშეებმა არაერთი უაზრო შეცდომა დაუშვეს, განსაკუთრებით პასების დროს. ეს ხარვეზი სეზონის სტარტზეც შესამჩნევი იყო, გუშინ კი საკმაოდ აქტიურად წარმოიჩინა თავი. მოედნის ცენტრში ჯოშუა კიმიხ, ტიაგო ალკანტარა და ხაბი ალონსო ზედმეტად ბევრს ცოდავდნენ, თანაც ბურთს არასაჭირო მომენტებში კარგავდნენ, რასაც მეტოქის სწრაფი იერიში მოჰყვებოდა ხოლმე. ალბათ გახსოვთ როგორ დატოვა ვეტერანმა ესპანელმა ობამეიანგი ნოიერთან პაემანზე, აგრეთვე კიმიხის უაზრო დაკარგვა, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში "ბორუსიას" სახიფათო შეტევა მოჰყვა და აგრეთვე, შეგვიძლია ვახსენოთ ჟერომ ბოატენგის დაბნევა, როდესაც ნოიერისათვის ბურთის დაბრუნების მაგივრად, მეტოქეს კუთხური აჩუქა. რა თქმა უნდა, შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ მათი რაოდენობა უნდა იყოს მწირი და თანაც გააჩნია შეცდომასაც. ის, რაც ალონსომ გააკეთა და თუნდაც ტიაგომ რიგ ეპიზოდებში, უპატიებელი ხარვეზებია, რომლებსაც უმაღლეს დონეზე მკაცრი სასჯელი მოჰყვება ხოლმე.

კონტრშეტევებზე სუსტი თამაში - თავად "ბაიერნმა" ამ ასპექტში მოუმატა, სამაგიეროდ საგრძნობლად მოუკო მეტოქის კონტრშეტევებზე თამაშის დროს. პირველ ტაიმში ამის თვალსაჩინო მომენტი იყი, როდესაც "ბორუსიამ" სწრაფი კონტრიერიში წამოიწყო და "ბაიერნის" ნახევარზე მხოლოდ მატს ჰუმელსი იყო დარჩენილი. საბოლოოდ, ის ეპიზოდი მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ დორტმუნდელების ყოველი სწრაფი გადასვლა დაცვიდან შეტევაში "რეკორდმაისტერის" უკანა ხაზში სერიოზულ ქაოსს იწვევდა. ეს კი ალბათ შეუთანხმებლობის ბრალია, რადგან როგორც წესი, ყველაზე ხშირად ბოატენგი აგვიანებდა. პეპ გვარდიოლას დროს "ბაიერნი" ბურთს დაკარგვისას აქტიურ პრესინგს ანხორციელებდა და მეტოქეს კონტრშეტევების საშუალებას არ აძლევდა, ახლა კი ამ საფეხბურთ ელემენტს საერთოდ ვერაფერს უპირისპირებს. "პსვ-სთან" გასვლით შეხვედრაში მიუნხენელებმა ამ პრობლემას თავი გაართვეს, მაგრამ დორტმუნდის "ბორუსიას" კლასმა ცხადყო, რომ ანჩელოტის ამ მხრივ სამუშაო არ დაუსრულებია.

ისევ და ისევ ნაკლები კრეატივი - მიუნხენური გრანდი ფლანგებს და სწრაფ ვინგერებს ოდითგანვე კარგად იყენებდა, მაგრამ მაშინ, როდესაც მეტოქე დაცვაში ღრმად ზის, უფრო მეტი კრეატივი და მოძრაობაა საჭირო. მადრიდის "ატლეტიკოს" ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი დაცვის ხაზი ჰყავს, მაგრამ "ბორუსიაზე" ამას ვერავინ იტყვის და თანაც, გუშინ ეს კარგად გამოჩნდა. "რეკორდმაისტერს" ჰქონდა პერიოდი, როდესაც სრულ უპირატესობას ფლობდა და სერიოზულ ზეწოლას ანხორციელებდა, მაგრამ გუნდს დამაგვირგვინებელ ფაზაში კვლავ დიდი პრობლემები აქვს. როგორც ფილიპ ლამმა აღნიშნა, "ბაიერნს" ბოლო პასი დააკლდა, რადგან კრეატივი კვლავ ნაკლები იყო. ტიაგო საერთოდ ამოვარდნილი იყო თამაშიდან, კიმიხს არ წაუვიდა, ალონსო კი თავისი გრძელი პასებით მხოლოდ ამწვავებდა. ყველაზე მეტი ალბათ მაინც ტომას მიულერსა და რობერტ ლევანდოვსკის მოეთხოვებოდათ, მაგრამ ორივე მათგანი გაისარჯა. ალბათ, უფრო სამართლიანი იქნება თუ მთელ გუნდს დავადანაშაულებთ, რადგან "ბაიერნი" მეტოქის საჯარიმოსთან ძალიან სწორხაზოვნად მოქმედებდა და "ბორუსიას" ნებისმიერ მონაკვეთზე რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა. ამის გადასაჭრელად უფრო მეტი მოძრაობაა საჭირო, რათა გაჩნდეს ზონები და ბოლო პასის გაკეთებაც გაადვილდეს.

გასაგებია, რომ კარლო ანჩელოტის ჯერ კიდევ დრო სჭირდება, მაგრამ "ატლეტიკოსა" და დორტმუნდის "ბორუსიასთან" თამაშებს შორის, დაახლოებით, ორთვიანი შუალედი იყო. გასაგებია, რომ ეს ორი გუნდი სათამაშო სტილით ერთანეთისგან რადიკალურად განსვავდება, მაგრამ ისე, როგორც მადრიდში, "რეკორდმაისტერს" დორტმუნდშიც დააკლდა კრეატივი, დაუშვა რამდენიმე უაზრო შეცდომა ცენტრში და გაეპარა მეტოქის სახიფათო კონტრშეტევები. ძალიან მალე "ბაიერნი" "როხიბლანკოს" უკვე სახლში მიიღებს და საინტერესოა ანჩელოტი მესამე დიდ შეხვედრაში რას შემოგვთავაზებს.

მატჩის მთავარი შეკითხვა
შეხვედრის 68-ე წუთზე კარლო ანჩელოტიმ ყველასათვის უცნაური და აბსოლუტურად გაუგებარი ცვლილება განახორციელა. მან ფილიპ ლამის მაგივრად მინდორზე რაფინია შეუშვა და უბრალოდ საინტერესოა რატომ?...ასაკი? ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ლამზე მხოლოდ ორი წლით უმცროსია; გადაღლილობა? გასაგებია, რომ კაპიტანს ახლახანს 33 წელი შეუსრულდა, მაგრამ მან ამ თამაშამდე ორი კვირა მშვიდად ივარჯიშა, სანაკრებო პაუზა მას არ შეხებია და თანაც, ფილიპის ფიზიკური კონდინციები არც თუ ისე სუსტია; შეტევის გაძლიერება? ესეც მცადრი ვარიანტია, რადგან ლამი გაცილებით უფრო ჭკვიანი და სასარგებლო მოთამაშეა შეტევაში, ვიდრე რაფინია, რომელიც ფილიპს ალბათ მხოლოდ სისწრაფეში თუ აჯობებს. პასუხი კითხვაზე - რატომ შეცვალა ფილიპ ლამი რაფინიამ? ალბათ მაინც გადაღლილობა იქნება, მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით, ამას "ბაიერნისთვის" არაფერი მოუტანია. რაფინიამ ზუსტად ისეთი გავლენა მოახდინა თამაშზე, როგორიც რენატო სანჩეშმა, რომელიც მინდორზე ბოლო 15 წუთით შევიდა და კადრში მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა.

დაახლოებით ერთი თვის წინ, კარლ-ეინც რუმენიგემ განაცხადა, რომ "ბაიერნი" ბუნდესლიგას ლიდერობდა, კარგად თამაშობდა და ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის საგზური მოიპოვა, რაც იდეალურ მდგომარეობას ნიშნავდა. ახლა "რეკორდმაისტერი" ეროვნულ ჩემპიონატში მეორე პოზიციაზეა, წააგო სეზონის მეორე მნიშვნელოვანი დაპირისპირება და გამოსწორების ნიადაგი არ ჩანს. საინტერესოა ახლა რაღას იტყვის ლეგენდარული გერმანელი. მიუნხენურ გრანდს კი ბევრი არაფერი დაუკარგავს, მაგრამ წააგო საკმაოდ პრინციპული დაპირისპირება და ჩაატარა მორიგი არასტაბილური, არადამაჯერებელი თამაში. ანჩელოტის სამუშაო კი ჯერჯერობით არ ჩანს.

დავით მაღრაძე, სპეციალურად Bayern.ge-სთვის
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა