...

საუკეთესო ლეგიონერები ბაიერნის ისტორიაში

მიუნხენის "ბაიერნის" უმდიდრეს და უდიდეს ისტორიას ძალიან ბევრი გამორჩუელი, ლეგენდარული ფეხბურთელი ახსოვს. რა თქმა უნდა, მათ შორის, ძალიან ბევრი არაგერმანელი ანუ ლეგიონერი იყო.

"რეკორდმაისტერს" სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ძლიერი და გამორჩეული ლეგიონერები ჰყავდა, რომელთაც კლუბის ისტორიის დაწერაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს და ქომაგებს თავი სამუდამოდ შეაყვარეს. Bayern.ge კი თქვენთან ერთად ამ დიდებულ ფეხბურთელებს გაიხსენებს და ეცდება, რომ ათი საუკეთესო შეარჩიოს.

#10 ზე რობერტო
მიუხედავად იმისა, რომ ზე რობერტოს "ბაიერნის" ხელმძღვანელობასთან იდეალური ურთიერთობა არასოდეს ჰქონია, ის კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე ტექნიკური ნახევარმცველია. მან სახელი ლევერკუზენის "ბაიერში" გაითქვა და "ალიანს არენას" 2002 წელს მიხაელ ბალაკთან ერთად ეწვია. ზე რობერტო მარცხენა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე მშვენივრად ათამაშდა და ძირითადში ადგილის მოპოვება არ გასჭირვებია. მას ძალიან კარგი ტექნიკა, მოედნის ხედვა და პასი ჰქონდა. სწორედ ამიტომ, ფელიქს მაგათმა, რომელიც "ბაიერნში" 2004 წლის ზაფხულში მივიდა ზე რობერტო ცენტრში დაწია და როდესაც რომბით თამაშობდა, ზოგჯერ, გამთამაშებლის პოზიციაზეც გაამწესა. თუმცა, უნივერსალურ ბრაზილიელს მაგათის სათამაშო ფილოსოფია არ მოსწონდა და "რეკორდმაისტერი" 2006 წელს გაბრაზებულმა დატოვა. მან ერთი სეზონი "სანტოსში" გაატარა და უკვე ერთ წელიწადში მიუნხენურ კლუბს დაუბრუნდა. ამჯერად იქ კარგად ნაცნობი ოტმარ ჰიტცფელდი დახვდა, რომელმაც ნახევარდაცვის ცენტრში ჩინებული დუეტი შეკრა: ვან ბომელი-ზე რობერტო. ბრაზილიელი შესანიშნავად ათამაშდა, საფეხბურთო ინტელექტისა და ტექნიკური მონაცემების წყალობით ორი საუკეთესო სეზონი ჩაატარა, 2009 წელს კი კვლავ მცირე კონფლიქტი და "ბაიერნმა" მასთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა. საერთო ჯამში, ზე რობერტომ, "ბაიერნის" მაისურთ 178 თამაში ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა, ბუნდესლიგა და გერმანიის თასი ოთხ-ოთხჯერ მოიგო, სუპერთასი კი - ორჯერ. 

#9 სამუელ კუფური
ეს განელი ცენტრალური მცველი კი მიუხენური გრანდის ღირსებას 12 წლის განმავლობაში ღირსეულად იცავდა და "რეკორდმაისტერის" გულშემატკივრების ერთ-ერთი უსაყვარლესი მოთამაშეა. სამუელ კუფური უშეცდომო და საოცარი მცველი სულაც არ ყოფილა, მაგრამ თავისი მონდომებითა და საბრძოლო სულისკვეთებით ოტმარ ჰიტცფელდის "ბაიერნის" უცვლელი ფიგურა იყო. კუფურმა კლუბის ისტორიის ყველაზე საინტერესო და ემოციური პერიოდი გამოიარა. ის 1999 წლის დაუვიწყარი ფინალის მონაწილეა და იმ თამაშის მთავარი კადრი "ბაიერნის" ნაცრისფერ მაისურში გამოწყობილი შავკანიანი მცველის ემოციებია, რომელიც სასოწარკვეთილი, მინდორზე დავარდნილი, მინდორს მუშტებს გამეტებით ურტყამდა და ტიროდა. თუმცა, ორ წელიწადში "ვალენსიას" დამარცხებას და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ზეიმობდა. კუფურმა სულ 175 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და უამრავი ტიტული მოიგო: ექვსი ბუნდესლიგა, ოთხი გერმანიის თასი, ოთხი გერმანიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და საერთაშორისო თასი. მან "ბაიერნი" 2005 წელს დატოვა და კარიერაც მალევე დაასრულა. ეს აფრიკელი ცენტრალური მცველი მართლაც გამორჩეული გუნდური მოთამაშე იყო, რომლის შეცდომებსაც მისი საოცარი ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა ფარავდა.

#8 ჰასან სალიჰამიჯიჩი
ესეც ჩვენი ბოსნიელი ლეგენდა, რომელიც მიუნხენურ კლუბს 1998 წელს "ჰამბურგიდან" შეუერთდა და წითელი მაისურით 234 მატჩის ჩატარება მოასწრო. სალიჰამიჯიჩი, რომელსაც მარჯვენა ფრთაზე დაცვშიც შეეძლო თამაში და შეტევაშიც, თავიდანვე ოტმარ ჰიტცფელდის საყვარელ მოთამაშედ და "ბაიერნის" ერთ-ერთ ლიდერად იქცა. ჰასანს მშვენიერი ტექნიკა, დახვეწილი სათამაშო სტილი და საოცარი სისწრაფე ჰქონდა. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან თამამად და ლაღად მოქმედებდა, ხშირად მიდიოდა დრიბლინგებზე და "რეკორდმაისტერის" თამაშს ამხიარულებდა. ისიც, კუფურის მსგავსად, გუნდისთვის თავდადებული მოთამაშე იყო და მინდორზე ყოველთვის ასი პროცენტით იხარჯებოდა. თუ "ბაიერნს" დასჭირდებოდა, სალიჰამიჯიჩი მთელი 90 წუთი წინ და უკან დაუღალავად ირბენდა, რობერტო კარლოსსაც კი გაუძვრენდა ბურთს ფეხებს შუა...მას არა ერთი საოცარი გოლი აქვს გატანილი და ორივე ფეხს მშვენივრად იყენებდა. სალიჰამიჯიჩმა "ბაიერნთან" ერთად ბუნდესლიგის ექვსი ტიტული, გერმანიის თასის ოთხი ტიტული, ამდენივე სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და საერთაშორისო თასი მოიგო. მან "ალიანს არენა" 2007 წელს დატოვა, მაგრამ ქომაგების გულში და კლუბის ისტორიაში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი.

#7 დავიდ ალაბა
მიუხედავად იმისა, რომ 24 წლის დავიდ ალაბას ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს, ის უკვე "ბაიერნის" ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩუელი "გიჟია", სიტყვის კარგი გაგებით. მაშინ, როდესაც ალაბა ლუი ვან გაალმა პირველად აღმოაჩინა, მას ყველა აკრიტიკებდა და ალაბას შესაძლებლობებს სკეპტიკურად უყურებდნენ. თუმცა, გენიალურმა იუპ ჰაინკესმა ავსტრიელს დაცვის მარცხენა ფრთაზე მოუძებნა პოზიცია და მსოფლიოში უძლიერეს მარცხენა მცველად აქცია. 2011/12 და 2012/13 წლების სეზონები ალაბამ ფენომენალურად ჩაატარა, 2013 წელს კი "ბაიერნთან" ერთად ისტორიული ტრებლი მოიგო. პეპ გვარდიოლამ კი ალაბა ყველგან ათამაშა: დაცვის ცენტრში, ნახევარდაცვის ცენტრში, შეტევაში ფრთაზე, შეტევაში ცენტრში, მოკლედ დავიდს აქვს უნიკალური ტალანტი, რომელიც "ბაიერნის" ნამდვილი საგანძურია. 24 წლის ალაბას აქტივში 140 თამაში, ხუთი ბუნდესლიგის ტიტული, ოთხი გერმანიის თასი, სამი სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატია. 2013 და 2014 წლებში კი ავსრიის წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. დავიდ ალაბა უნიკალური ფეხბურთელია, რომელიც "ბაიერნის" ერთგულია და ამ კლუბისთვის კიდევ ბევრს გააკეთებს.

#6 კლაუდიო პისარო
ეს კი თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური მოთამაშეა, რომელიც არა მხოლოდ მიუნხენის "ბაიერნისა" და ბრემენის "ვერდერის", არამედ ნებისმიერი კლუბის ქომაგებს ძალიან უყვართ. კლაუდიო პისაროს "რეკორდმაისტერში" რამდენიმე მწვრთნელთან აქვს ნამუშევარი: ოტმარ ჰიტცფელდთან, ფელიქს მაგათთან, იუპ ჰაინკესთან და პეპ გვარდიოლასთან. თითოეული მათგანი მას უდიდეს პატივს სცემს, რადგან კლაუდიო ყოველთვის ღირსეულად და გუნდისთვის სასარგებლოდ თამაშობდა. ის "ბაიერნს" პირველად 2001 წელს შეუერთდა და თავიდან შესანიშნავი სეზონები ჩაატარა. როი მაკაის მოსვლის შემდეგ მისი პოზიციები ცოტათი შეირყა, მაგრამ მაინც ეძლეოდა სათამაშო პრაქტიკა და ათ გოლზე ნაკლები მხოლოდ ერთ კამპანიაში გაიტანა. 2007 წლის ზაფხულში "ბაიერნმა" ბრემენის "ვერდერიდან" მიროსლავ კლოზე შეიძინა, ხოლო პისარო ბრემენულ კლუბს დაუბრუნა. იქ პერუელმა კიდევ ერთხელ გაშალა ფრთები და მიუნხენს ხუთ წელიწადში დაუბრუნდა. ამჯერად ის ჰაინკესს დასჭირდა. მთელი სამი სეზონის განმავლობაში პისარო სათადარიგო თავდამსხმელი იყო, მაგრამ ყოველთვის, როდესაც შანსი ეძლეოდა, ძალიან კარგად თამაშობდა, გოლებიც გაჰქონდა, პასებსაც აკეთებდა და მაღალ დონეს ინარჩუნებდა. საერთო ჯამში, მან "ბაიერნის" მაისურით ცხრა წელი იასპარეზა, 327 მატჩი ჩაატარა, 125 გოლი გაიტანა, ექვსი ბუნდესლიგა, ხუთი გერმანიის თასი, ორი სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატი და საერთაშორისო თასი მოიგო.

#5 ვილი სანიოლი
მისიე ვილი - "ბაიერნის" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო და სტაბილური მარჯვენა მცველი, ძალიან მშვიდი, დამაჯერებელი, სასარგებლო და თავმდაბალი. სანიოლი მიუნხენურმა კლუბმა 2000 წელს "მონაკოდან" დაიმატა და ამ ტრანსფერმა შედეგი პირველივე სეზონში გამოიღო. სანიოლი ოტმარ ჰიტცფელდის გუნდის ძირითად ფეხბურთელად იქცა და შესანიშნავი თამაში აჩვენა, "ბაიერნმა" კი გერმანიის ბუნდესლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სანიოლი მთელი კარიერის განმავლობაში ტრავმებმა გატანჯეს და სრულფასოვანი სეზონი, ფაქტობრივად, არ ჩაუტარებია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის წლების განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი და "ბაიერნის" დაცვის უცვლელი წევრი იყო. ვილიმ მიუნხენურ გრანდში შვილი წელიწადი დაჰყო, მოიგო ყველაფერი და კარიერა ორი წლის შემდეგ ქუსლის მუდმივი ტრავმის გამო დაასრულა. ის ძალიან ჭკვიანი და სტაბილური ფეხბურთელი იყო, ამიტომაც ახლა მთავარი მწვრთნელის პოსტზე "ბორდოში" მუშაობს.

#4 ბიქსენტ ლიზარაზუ
მანამ, სანამ "ბაიერნის" მარჯვენა ფლანგს ვილი სანიოლი დაიკავებდა, მარცხენა ფლანგზე სხვა ფრანგი, ბიქსენტ ლიზარაზუ ბრწყინავდა. ის მიუნხენურ კლუბს 1997 წელს შეუერთდა და რთული სადებიუტო სეზონის შემდეგ ჰიტცფელდის გუნდის ძირითადი მცველი გახდა. ისევე, როგორც ვილი სანიოლს, მასაც ხშირი ტრავმები აწუხებდა, მაგრამ ლიზარაზუ უმაღლესი კლასის მცველი იყო. ერთადერი მიზეზი რის, გამოც თავის ეპოქის საუკეთესო მარცხენა მცველად არ იწოდებოდა, უნიკალური რობერტო კარლოსი იყო. ბიქსენტი ძალიან სტაბილური, საიმედო მცველი იყო, თანაც კარგი ტექნიკა და სისწრაფე ჰქონდა, რის ხარჯზეც შეტევებში აქტიურად ერთვებოდა და მშვენიერ საგოლე პასებს აკეთებდა. მან "ბაიერნი" პირველად 2004 წელს დატოვა, რადენიმე თვით საფრანგეთში დაბრუნდა და კარიერა 2006 წელს მიუნხენში დაასრულა. ლიზარაზუ არამხოლოდ "რეკორდმაისტერის", არამედ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაშია შესული, რადგან 2001 წელს ეს ადამიანი იყო მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და საერთაშაროსიო თასის მფლობელი. ანუ, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახლდათ.

#3 ჯოვანი ელბერი
ჯოვანი ელბერი "ბაიერნის" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, რომელიც გუნდს 1997 წელს "შტუტგარტიდან" შეუერთდა და ექვსი ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა. ბრაზიელი თავდამსხმელი ძალიან ტექნიკური, მოძრავი და საინტერესო თავდამსხმელი იყო. მას კარგი საგოლე ალღოს გარდა, მშვენიერი მარცხენა ჰქონდა და საჯარიმოს გარეთაც ბრწყინვალედ მოქმედებდა. ელბერი "ბაიერნში" უმაღლესი კლასის ფორვარდად იქცა და მიუხედავად ამისა, ბრაზილიის ნაკრებში ფეხი არანორმალური კონკურენციის გამო მაინც ვერ მოიკიდა. თუმცა, "რეკორდმაისტერის" ქომაგები მის გოლებსა და ჩინებულ თამაშებს არასოდეს დაივიწყებს. ელბერი თავისი შორეული გასროლით "სანტიაგო ბერნაბეუზე" და მუხლზე კოცნით, მიუნხენური კლუბის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჯოვანი ოტმარ ჰიტცფელდის "ბაიერნის" საუკეთესო ბომბარდირი და ერთ-ერთი ლიდერი იყო. მან სულ 92 გოლის გატანა მოახერხა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. ელბერის შემდეგ "რეკორდმაისტერს" ბევრი კარგი თავდამსხმელი ჰყოლია, მაგრამ ბრაზილიელი მაინც გამორჩეული და დაუვიწყარია.

#1-2 ფრენკ რიბერი
კიდევ ერთი ფრანგი ჩვენს ათეულში, რომელსაც ყველანი ძალიან კარგად ვიცნობთ. ფრენკ რიბერი მიუნხენური კლუბის ღირსებას უკვე ცხრა წელია იცავს და "ბაიერნის" ნამდვილი ლეგენდაა. მან სადებიუტო სეზონშივე საუცხოო შთაბეჭდილება დატოვა და მას შემდეგ "ალიანს არენას" უსაყვარლესი მოთამაშეა. რიბერის საოცარი ტექნიკა, ჩინებული დრიბლინგი, კარგი დარტყმა და პასი აქვს. მისი კარგი მეგობრისგან, არიენ რობენისგან, განსხვავებით, ფრენკი ეგოიზმით არასოდეს გამოირჩეოდა და ყოველთვის გუნდზე თამაშობდა. რიბერის დრიბლინგების და ლამაზი გოლების ხილვა ნამდვილი სიამოვნება. მას საოცრად დახვეწილი სათამაშო სტილი აქვს, რითიც "ბაიერნის" გულშემატკივრების და ბოსების გული სამუდამოდ მოიგო. ფრენკიმ 330 ოფიციალური თამაში ჩაატარა, ყველა ტიტული მოიგო, 2013 წელს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მოიპოვა და 32 წლის ასაკში კვლავ ჩინებულ ფორმაშია. სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ, როდესაც რიბერის უმძიმესი ტრავმა ჰქონდა, ყველა ფრანგის კარიერის დასასრულს ელოდა, მაგრამ რიბერი დაბრუნდა და საოცრად ათამაშდა. ასე მხოლოდ განსაკუთრებულ მოთამაშეებს შეუძლიათ. ფრენკ რიბერი "ბაიერნის" თანამედროვე ისტორიის განუყოფელი ნაწილი და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელია.

#1-2 არიენ რობენი
ფრენკ რიბერისთან კი აუცილებლად უნდა ვახსენოთ "ბაიერნის" კიდევ ერთი თანამედროვე ლეგენდა, გენიალური ჰოლანდიელი ვინგერი, არიენ რობენი. ის "რეკორდმაისტერს" 2009 წელს შეუერთდა, პირველივე თამაშში დუბლი გაიფორმა, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანა და ლუი ვან გაალის გუნდის ნამდვილი ლიდერი გახდა. რობენს საოცარი აჩქარება, ტექნიკა, დიდებული დარტყმა და როგორც აღმოჩნდა, საოცარი მენტალიტეტი აქვს. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ობიექტურად მიანიჭო უპირატესობა ამ ორი საოცარი მოთამაშიდან რომელიმეს, მაგრამ ჰოლანდიელს განსაკუთრებული, დრამატული და ზღაპრული ისტორია აქვს. 2012 წელს მან ყველაფერი გააფუჭა, "ბაიერნის" გულშემატკივრების ობსტრუქცია, სტვენა დაიმსახურა, რომელიც მას არასოდეს დაავიწყდება. თუმცა, ერთ წელიწადაში რობენმა თავისი ყველა ცოდვა გამოისყიდა და "უემბლიზე" "ბაიერნის" თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. შესაძლოა, ეს ბევრისთვის საკმარისი მიზეზი იყოს, რათა რობენს უპირობო ლიდერობა მივანიჭოთ, მაგრამ მანამ, სანამ რობენი სუბოტიჩს დაასწრებდა და ვაიდენფელერს გააცურებდა, მას საჯარიმოში ბურთი ქუსლით ფრენკ რიბერიმ შეუგდო. ასე, რომ ისე, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც რიბერი და რობენი ერთად არიან.

მოამზადა დავით მაღრაძემ, სპეციალურად Bayern.ge-სთვის
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Guest Meskhi
Guest Meskhi | 2 ოქტომბერი 2016 17:25
რობენი ბაიერნის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელია. ტრავმები რომ არა, მესის და რონალდუს ამდენი ოქროს ბურთი ნაღდად არ ექნებოდათ :)
Mats
Mats | 2 ოქტომბერი 2016 22:40
ყოჩაღ ავტორ, შესანიშნავი ნაშრომებით ანებივრებ საიტს!
skilachi
skilachi | 3 ოქტომბერი 2016 21:19
ელბერი. ძალიან მაგარი დრო იყო ბავარიისთვის
ლიონის შემადგენლობაში ოლიმპიაშტადიონზე გოლი რომ გაუტანა კანს არ დამავიწყდება
ძალიან დიდ სიყვარულს ტოვებს ბაიერნი თავისზე შეყვარებულ ხალხის გულებში

ერთი გადახვევა
კომენტარები ძალიან უფერულია(ვიზუალურად).
ადრე სტატიის წაკითხვის შემდეგ ერთი სიამოვნება კომენტარების კითხვაც იყო
იქნებ გაითვალისწინოთ და გააუმჯობესოთ.
davit khundaze
davit khundaze | 3 ოქტომბერი 2016 21:23
როი მაკაიც შესაყვანია დავით, ლევანდოვსკიც თუ დარჩა ერთერთ მოწინავე ადგილს დაიკავებს და ასევე პაულო სერჟიოს დავიწყებაც არ შეიძლება..
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა