მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა კლუბის სამომავლო მიზნებსა და გასულ სეზონზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუნხენური გრანდის ამბიციები უცვლელია და გუნდი ყოველთვის ყველა შესაძლო ტიტულის მოპოვებისთვის იბრძვის. ჰაინერმა აღიარა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება უდიდესი გამოწვევაა და გაიხსენა, თუ რამდენად ახლოს იყო გუნდი მიზანთან გასულ სეზონში.
ბაიერნის ბოსის განცხადებით, მიუნხენელები ფინალში გასვლას ნამდვილად იმსახურებდნენ, პსჟ-სთან გამართული პირველი შეხვედრა კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო. ჰაინერმა ხაზი გაუსვა, რომ გუნდმა მთელ გათამაშებაში მხოლოდ ორი მატჩი წააგო - ისიც ორ ფინალისტთან, რაც კლუბის უმაღლეს კლასსა და დიდ პოტენციალზე მეტყველებს.