მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, კორენტენ ტოლისომ, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.
"ნაბიჯ-ნაბიჯ ვბრუნდები. ვარჯიშებზე უკვე დავრბივარ და ბურთთან ერთად ვმუშაობ. იმედი მაქვს, რომ გუნდს სეზონის ბოლოს 3-4 კვირაში დავუბრუნდები.
ტრავმებთან გამკლავება ვისწავლე. საბედნიეროდ, ასეთი მძიმე დაზიანება მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მივიღე და არა ტურნირამდე. ახლა მინდა, რომ ძლიერი დავბრუნდე, რათა ევრო 2020-სთვის მოვემზადო.
ზოგიერთი მოთამაშე სერიოზული ტრავმის შემდეგ რწმენას კარგავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ "ბაიერნის" ძირითადში დავბრუნდები და ეროვნულ ნაკრებსაც დავეხმარები", - განაცხადა კოკო ტოლისომ.
24 წლის ფრანგმა საყრდენმა სეზონის სტარტზე უმძიმესი ტრავმა მიიღო - მუხლის ჯვარედინა იოგები გაიწყვიტა და აგვისტოდან მოყოლებული რეაბილიტაციის პროცესს გადის.
კოკო ტოლისომ უკვე დაახლოებით 1 თვეა დაიწყო სირბილი და ბურთთან მუშაობა, მაგრამ მისი დაბრუნება ჯერ ნაადრევია.