მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, გუშინ პრესასთან და გულშემატკივრებთან გამართა შეხვედრა.
"რეკორდმაისტერის" ბოსმა ხამეს როდრიგესის მომავალზე მცირე კომენტარი გააკეთა.
"თუ მთავარი მწვრთნელი იტყვის, რომ ის კარგია, მაგრამ სათამაშო დროს არ მისცემს, არ ვაპირებ 40 მილიონი ევროს გადახდას მოთამაშეში, რომელიც მაინც არ ითამაშებს.
თუმცა თუ მწვრთნელი გვეტყვის, რომ მას ხამესი სჭირდება და მასთან მიმართებაში გარკვეული გეგმები აქვს, ხამესს აუცილებლად გავიფორმებთ", - განაცხადა ულიმ.
27 წლის კოლუმბიელი მადრიდის "რეალის" კუთვნილებაა და "ბაიერნმა" 2017 წლის ზაფხულში დაიმატა ორწლიანი იჯარის წესით.
ხამესმა მიმდინარე სეზონში 19 თამაშში 3 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა. მისი გამოსყიდვის უფლება "ბაიერნს" 42,5 მილიონ ევროდ აქვს.