Das Besondere Eins: ჟოზეს და ბაიერნს ერთმანეთი სჭირდებათ!

დარწმუნებული ვარ მიმდინარე სეზონის დაწყებიდან მიუნხენის "ბაიერნის" თითოეული გულშემატკივარის თავში ტრიალებდა აზრი - "როდის წავა გუნდიდან ნიკო კოვაჩი?" მოდი გვერდზე გადავდოთ ხორვატი სპეციალისტის სამუშაოს შეფასება და ყველა დეტალი, რომელიც მას ეხება, რადგან ნიკო უკვე წავიდა...ახლა კი დროა "ბაიერნმა" ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთოს!

"რეკორდმაისტერმა" ნიკო გუშინ საღამოს მისივე ინიციატივით დაითხოვა, ამიტომ გერმანულმა გრანდმა 1 კვირა აიღო იმისათვის, რომ იპოვნოს შესაფერისი კანდიდატი და გუნდი სეზონის ბოლომდე საიმედო ხელში დატოვოს.

როგორც წესი, სეზონის მსვლელობისას მთავარი მწვრთნელის გამოცვლა იოლი არ არის, მით უმეტეს, როდესაც ხარ მიუნხენის "ბაიერნი" და ბაზარზე ნებისმიერ თავისუფალ სერთიფიცირებულ მწვრთნელს ვერ აიყვან. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მიუნხენურ კლუბს გაუმართლა, ვინაიდან იდეალური, მინიმუმ იდეალურთან მიახლოვებული მაინც, კანდიდატი არის და ეს "Das Besondere Eins" გახლავთ...რას ნიშნავს ეს ? მარტივია - "The Special One" იგივე ჟოზე მოურინიო.

შესაძლოა ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ამ მომენტისთვის არსებული სიტუაციიდან, მოთხოვნებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, იკვეთება საკმაოდ ბევრი, საინტერესო, მიმზიდველი ფაქტორი და დეტალი თუ რატომ არის ამ მომენტისთვის ჟოზე მოურინიო და მიუნხენის "ბაიერნი" იდეალური თანდემი. 

დიახ, ჟოზე თავისი "არც ისე მხიარული" და "ოდნავ დაცვითი ფეხბურთით" შესაძლოა იყოს სწორედ ის სპეციალისტი, რომელიც გენიალური იუპ ჰაინკესის შემდეგ მიუნხენში ჩამოიტანს ტიტულს და არა სასალათეს...რატომ? როგორ? მოდი გავყვეთ დეტალებს, არგუმენტებითა და ფაქტებით, ასევე იუმორითაც.

მოურინიო ნიკო კოვაჩი არ არის!

სათაური მხოლოდ გაფორმებისთვის არ არის შერჩეული - სანამ ღრმა დეტალებამდე ჩავალთ, პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჟოზე მოურინიო დღესდღეობით იმ მწვრთნელებს, შორის რომლებიც ხელმისაწვდომი არიან, ყველაზე დიდი სახელია! დიახ, მიუხედავად ნიკო კოვაჩისადმი ღრმა პატივისცემისა, ჟოზე კოვაჩი არ არის! პეტრ ჩეხი, ჯონ ტერი, ფრენკ ლამპარდი, არიენ რობენი, დიდიე დროგბა, ხავიერ ძანეტი, სამეულ ე'ტოო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, კრიშტიანუ რონალდუ - ეს იმ მოთამაშეების მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია, რომელთან ერთადაც ჟოზეს აქვს ნამუშევარი და არაერთი ტიტული მოგებული.

არ დავიწყებ ჟოზეს კარიერული ტიტულების ჩამოთვლას, პორტუგალიელი ვარსკვლავია! ის ლეგენდარული მწვრთნელია, რომლის მოთხოვნასაც კლუბი უბრალოდ ვერ გაატარებს (როგორც კოვაჩის შემთხვევაში იყო რამდენიმეჯერ, მაგალითად იოვიჩი და რებიჩი), ჟოზე არავის შეარჩენს მისი მითითებებისა და დავალებების არ გათვალისწინებას, მას აქვს დისციპლინა, ავტორიტეტი და სიტყვის ძალაუფლება - ფაქტორები, რომლებიც ნიკო კოვაჩმა ასე თუ ისე წარმატებული, სამტიტულიანი, სეზონის შემდეგაც ვერ მოიპოვა.

ჟოზესთვის მიუნხენი ახალი და უნიკალური შესაძლებლობაა

პასუხი მთავარ შეკითხვაზე - რატომ სჭირდებათ ერთმანეთი ასე ძალიან მოურინიოსა და "ბაიერნს"? ეს ცოტათი ღრმა საკითხია...იუპ ჰაინკესის ტრიუმფალური ტრებლის შემდეგ "რეკორდმაისტერი" მსოფლიოში უძლიერესი გუნდი იყო და ამ გუნდს სათავეში ჩაუდგა ყველაზე მოთხოვნადი სპეციალისტი პლანეტაზე - ეპოქალური "ბარსელონას" შემქნელი პეპ გვარდიოლა. პეპმა სამი წელი ყველაფერი მოიგო გერმანიაში, დაახმო რეკორდები, გადაურბინა ყველას, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასცდა 1/2 ფინალს...შემდეგ იყო ლეგენდარული კარლო ანჩელოტი, რომელმაც მადრიდის "რეალის" ბარიერი ვერ გადალახა, შემდეგ კი პირველივე სერიოზული ფეხის დაცდენა ძვირად დაუჯდა..დაბოლოს იყო ნიკო კოვაჩი...

ჰაინკესის ტრებლიდან არც ისე ცოტა, 6-7 წელი, გავიდა და "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგაზე თავისი სიტყვა ჯერ არ უთქვამს. "გერმანული მანქანა", რომელიც მსოფლიოს უძლიერესი გუნდი იყო, მოძველდა და ევროპაში სახელი ცოტათი შეელახა. მეორეს მხრივ კი არის ჟოზე მოურინიო, რომელმაც "პორტუსა" და მილანის "ინტერს" მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა და ორივე შემთხვევაში ფანტასტიკურ წარმატებას მიაღწია. "ინტერის" შემდეგ ჟოზე წავიდა "სამეფო კლუბში", სადაც სამი წლის განმავლობაში მართლაც ბევრი სამუშაო შეასრულა, გვარდიოლას "ბარსელონას" ესპანეთის ჩემპიონატი სარეკორდო 100 ქულითა და 121 გატანილი გოლით მოუგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ვერაფერს გახდა.

შემდეგ იყო დაბრუნება ინგლისში - ჯერ ლონდონის "ჩელსი" და ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედი". ტიტულები ჟოზეს კარიერის შემადგენელი ნაწილია და მან ყველგან რაღაც მოიგო, მაგრამ "ჩელსიმაც" და "იუნაიტედმაც" ჟოზეს სეზონის დასაწყისიდან უხმეს კარისკენ. მოურინიომ სამი დიდი კლუბიდან კარი მოიხურა და მისი ბოლო ტრიუმფიდან ჩემპიონთა ლიგაზე მალე დეკადა იგივე ათწლეული გავა...

ახლა კი მოურინიოს ეძლევა შანსი, რომ ჩაიბაროს სუპერ-გუნდი უმაღლესი კლასის შემსრულებლებით და დაიბრუნოს "განსაკუთრებულის" წოდება. "ბაიერნს" სჭირდება ჩემპიიონთა ლიგის ტიტული, ხოლო ჟოზეს გუნდი, რომლითაც მოიგებს ჩემპიონთა ლიგას და დაამტკიცებს, რომ მისი შესაძლებლობები სულაც არ არის ჩამოსაწერი და მოძველებული ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მოსაგებად! 

რეაბილიტაცია, მოტივაცია, შესაძლებლობების დამტკიცება, პირველობის წყურვილი - მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნები, რომლებიც ჟოზესა და "ბაიერნს" აერთიანებთ.

მოურინიოს პირადი ანგარიშებიც აქვს, "ბაიერნს" კი დასაკარგი არაფერი აქვს

მოდი ახლა ერთი წუთით უბრალოდ დაფიქრდით თუ რას იტყვის ჟოზე თუ "ბაიერნთან" ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებს ? მიხვდით ? რა თქმა უნდა ირონიულად ახსენებს თავის მთავარ კარიერულ მოტოქე პეპ გვარდიოლას. ჟოზესთვის "ბაიერნი" არამხოლოდ ახალი შესაძლებლობა, არამედ მთავარი კონკურენტი გვარდიოლას დაჯაბნისა და დამცირების უნიკალური შანსიცაა. ჟოზეს ყოველთვის ექნება სათქმელი, რომ მან გააკეთა ის, რაც პეპმა სამი წელი ვერ გააკეთა გუნდით, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო გუნდის სახელითა და სტატუსით ჩაიბარა.

საინტერესოა რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ჟოზეს მიუნხენური პროექტი ჩავარდება ? გაგიკვირდებათ და არც არაფერი...საქმე მარტივადაა - წაგებული არც ჟოზე და არც "ბაიერნი" დარჩება. როგორ ? მიუნხენური კლუბი ეტიკ ტენ ჰაგის კანდიდატურას მიუბრუნდება, ან განიხილავს იულიან ნაგელსმანის, თომას ტუხელის, თუნდაც იურგენ კლოპის ვარიანტებს. რა ხეირი მოურინიოს ? ჟოზეს კლასი და გამოცდილება ბუნდესლიგის ტიტულს ნამდვილად უნდა ეყოს, რაც პორტუგალიელს ისტორიაში ოქროს ასოებით შეიყვანს - იცით ვის აქვს მოგებული ყველაზე მეტი საჩემპიონო ტიტული ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ? აქ ტრიუმვირატია - ანჩელოტი (იტალია, ინგლისი, გერმანია), გვარდიოლა (ესპანეთი, გერმანია, ინგლისი) და მოურინიო (ინგლისი, იტალია, ესპანეთი).

ანჩელოტისა და გვარდიოლას მსგავსად, ჟოზე იგებს ვერცხლის სინს და ხდება ისტორიაში პირველი და ერთადერთი სპეციალისტი, რომელიც ევროპის საუკეთესო ოთხი ჩემპიონატის ტიტულს მოიპოვებს. ამას დავუმატოთ პორტუგალიის ეროვნული ჩემპიონატიც და მივიღებთ სრულ კოლექციას. მოურინიოს სულ რომ არაფერი, სალაპარაკო და ჟურნალისტებთან "სათამაშო" თემა მიეცემა, თანაც საკმაოდ მყარი არგუმენტებით!

ჟოზე მიიღებს იმას, რაც სურს - შემადგენლობა, კლასი, გულშემატკივრები

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - თავად ჟოზეს ძალიან უნდა "ბაიერნში" თავის გამოცდა. მას სურს ახალი გამოწვევა - გერმანიაში არასოდეს უმუშავია. და თანაც, მადრიდის "რეალის" შემდეგ ჟოზეს არ ჰყოლია იმ კალიბრის გუნდი, რომელიც ახლა მას "ალიანს არენაზე" დახვდება. ლონდონში ჟოზე გულშემატკივრების პასიურობას უჩიოდა, მანჩესტერში მოთამაშეების ნაკლებობას...მიუნხენში კი ყველაფერია - შემადგენლობაც, ქომაგებიც და რაც მთავარია განახლებული ხელმძღვანელობა - "ბაიერნში" მოურინიოს არა ჰიონესი, არამედ გაცილებით კრიტიკულად და თანამედროვედ მოაზროვნე კალე რუმენიგე დახვდება ახალ პრეზიდენტთან ერთად. ჰერბერტ ჰაინერი კი ყველაფერს გააკეთებს, რათა "ბაიერნის" ფანების გული მალევე მოიგოს და თუ ჟოზე რაიმეს მოისურვებს, იანვრის სატრანსფერო ფანჯარა და ლეროი სანე მზად იქნებიან.

მიუნხენში მოურინიოს დახვდება პროფესიონალი სკაუტები და არა ედ ვუდვორდი, დახვდება მსოფლიოს საუკეთესო მეკარე მანუელ ნოიერი, მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, ერთ-ერთი მთავარი ტალანტი ევროპულ ფეხბურთში იოზუა კიმიხი და ა.შ. ჟოზეს ექნება ყველაფერი იმისათვის, რომ დადოს მაქსიმალური შედეგი და წუწუნის მაგივრად დრო საქმეში პროდუქტიულად დახარჯოს.

თამაშის სტილი - კონტრასტი თუ მსგავსება ?

მივადექით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს - არის თუ არა მოურინიო "ბაიერნისთვის" შესაფერისი მწვრთნელი ფილოსოფიური თვალსაზრისით? თუ ვინმე ფიქრობს, რომ პორტუგალიელი ზედმეტად დაცვით ფეხბურთს თამაშობს, ეს არგუმენტი არ არის! შეუძლებელია ითამაშო "ზედმეტად დაცვითი ფეხბურთი" მაშინ, როდესაც მოედანზე ტიაგო, კოუტინიო, გნაბრი, კომანი, ლევანდოვსკი გეყოლება. დაცვაში კი "ბაიერნს" ნამდვილად ჰყავს იმ კლასისა და შესაძლებლობების მოთამაშეები, რომ მოურინიომ თავისთვის საყვარელი და სასურველი ორგანიზება, სტაბილურობა მოაწყოს. მოუ არ არის შემტევი ფეხბურთის მოტრფიალე, ის უფრო პრაგმატისტია, მაგრამ ეს "ბაიერნისთვის" პრობლემა არ არის. გვარდიოლამ სუპერ-შემტევი, ლაღი და ლამაზი ფეხბურთით ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო, რატომ უნდა თქვას "რეკორდმაისტერმა" უარი ახალ შესაძლებლობაზე ? მოურინიო შესაძლოა ზედმეტად ფრთხილია, მაგრამ იდეალურად შეუძლია გამოიყენოს "ბაიერნის" ფლანგების სიძლიერე კონტრშეტევების სახით და ათამაშოს გუნდს კარგი ფეხბურთი, რომელიც მოიტანს შედეგს.

"ბაიერნს" მუდმივად ახასიათებდა მებრძოლი ხასიათი, თავდადება და გამარჯვებებისკენ სწრაფვა. ვერ ვიტყვით, რომ შემტევი და ლაღი ფეხბურთი გერმანული გრანდის გენებშია, შესაბამისად, იმის თქმა, რომ მოურინიო "ბაიერნისთვის" სტილისტურად არაშესაფერისი მწვრთნელია, სიმართლეს არ შეესაბამება. ჟოზეს აქვს თავისი ფილოსოფია, ხედვები და სტრატეგია ისევე, როგორც ჰაინკესს, პეპს, გვარდიოლას. მოურინიოს არ უყვარს ექსპერიმენტები, რაც ამ მომენტისთვის "ბაიერნისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია. სეზონის ბოლოს უნდა დაიდოს კონკრეტული შედეგი, ამიტომ მოურინიოს ფილოსოფია შესაძლოა არ იყოს ბევრისთვის მისაღები, მაგრამ გავიხსენოთ, რომ როდესაც მას მართლაც ძლიერი გუნდები ჰყავდა პრემიერ ლიგაშიც და ლა ლიგაშიც გატანილი გოლების რაოდენობით "ჩელსიმ" და "რეალმა" რეკორდები დაამყარეს. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ, რომ მიუნხენში "ავტობუსი" ჩამოდის, "ბაიერნს" საკმარისად ძლიერი გუნდი ჰყავს, რომ ჟოზემ "ავტობუსი" დაუყენოს მანუს წინ.

დაბოლოს, საბოლოო ვერდიქტი - ერიკ ტენ ჰაგი "აიაქსს" ახლა არ მიატოვებს, მასიმილიანო ალეგრისა და არსენ ვენგერს ჟოზე მოურინიო ტიტულებითაც აღემატება და მოტივაციითაც, რომელიც გააჩნია. ვენგერი ეცდება, რომ "ბაიერნში" დანერგოს თავისი ცნობილი სტილი და ლაღი ფეხბურთი, ხოლო ჟოზეს აქცენტი პირადპირ შედეგზე იქნება - მას წარმატება სწყურია! რალფ რანგნიკიც მშვენიერი ვარიანტია, მაგრამ მოდი ისევ მარტივად ვთქვათ, რომ ყველამ გაიგოს - მოურინიო რანგნიკი არაა!

თანაც "განსაკუთრებული" გერმანულად ძალიან კარგად ჟღერს - "Das Besondere Eins"! ვფიქრობ, ჟოზეს განსაკუთრებული ხასიათი და მთლიანად პერსონა "ბაიერნისთვის" მინიმუმ ძალიან საინტერესო სეზონის წინაპირობაა.

მოამზადა დავით მაღრაძემ, სპეციალურად BAYERN.GE-სთვის

კომენტარების რაოდენობა: 3

der_titan

6 Nov 2019 11:14

Davit-khan

მესმის, რომ შეიძლება მოურინიო არ მოგწონდეს, მაგრამ ამ მომენტისთვის მეც მგონია, რომ საუკეთესო კანდიდატურაა. კი ბატონო ჟოზე არაა მწვრთნელი, რომელზეც მომავლის პერსპექტივაში გააკეთებ აქცენტს და რომელიც მომავლის გუნდს ააშენებს, მაგრამ ახლა "ბაიერნს" სწორედ დროული შედეგი და სეზონის წარმატებით ჩამთავრება სჭირდება. მოურინიო "ბაიერნისთვის" არც მე მინდა, მაგრამ ამ სიტუაციაში მემგონი მშვენიერი ვარიანტია.

მოდი მაშინ გკითხავ ვინ არის მასზე უკეთესი ვარიანტი ამ სეზონის ბოლომდე? მომავალზე არ მაქვს საუბარი.

Giorgi M

5 Nov 2019 15:51

ახლა ამ სიტუაციაში ერთადერთი მწვრთნელი რომელსაც ლიგაზე რამის შანი ექნება ფაქტია მოურინიოა. ტენ ჰაგი გამოირიცხა, რაგნიკი ლიგასთან ძაან შორსაა, ვენგერის წარმატებები კი ვიცით ზემოთ ნახსენებ ტურნირზე, კლოპი აქ არ მოვა და ალეგრიზე შეილება მარტო ლაპარაკი.

თან თუ რაღაც საოცარი კონტრაქტი არ დაუდეს სეზონის ბოლოდან დაახვევინებენ და მერე კი შეილებოდა ვიღაც ვიღაცეებზე ჩალიჩი, ნუ თუ შედეგს დადბს იყოს მოუ ისევ და ეგ იქნება

Davit-khan

5 Nov 2019 14:54

პირველ რიგში მადლობა ავტორს ნაშრომისთვის. დიდი ხანია აქ ვარ  აი იმ დროიდან დღეში 50 სტატია რო იდებოდა და თითო სტატიაზე 50 კომენტარი იყო.. იმ დროიდან მოყოლებული კლოზეს და გომეშის ბანაკებად რომ ვიყავით დაყოფილი და ყველა ეთხმად რომ ვაგინებით ნერლინგერს ოტლს და ბრენოს, შესაბამისად გულდასაწყვეტია დღევანდელი საიტის ტემპი და რაც უფრო მეტი ესეთი ანალიტიკური სტატიები დაიდება უკეთესი, მაგრამ  იდეურად იმდენად მიუღებელია რომ  გადავწყვიტე დავრეგისტრირებულივყავი და  განმემარტა რამდენად მიუღებელია ეს ყველაფერი :

1) მოურინიო არის ჩამოწერილი ტრენერი,,რომელსაც მხოლოდ ბრენდი (გვარი) აქ დარჩენილი. არ შეიძლება წარსულზე პოტინით მომავლის აწყობა. ტიპი ამდენი ხანია ვაკანტურია ყველასთვის და მაინც სქაი სპორტზე მუშაობს,იმიტომ რომ იწვევენ მხოლოდ  შანხაი  ჩიხურას კალიბრის გუნდები,ამას კიდე წარსული გამო მხოლოდ ზე ამბიციები აქვს საიდანაც ბოლო წლებია იჯ.....ვს !  ეს ყველაფერი საკუთარი მძ...ნერი ხასიათის გამო მოუვიდა.

2)მაურინიოს დიდების წლებიც კი არა ბაიერნის კალიბრის გუნდებში ქონდა ა) პორტო  ბ) ჩელსი გ) ინტერი.    სამიბვე ისეთი კალიბრის გუნდია აი არაფერს რო არ ელოდები და რო გაუვარდება სეზონი ყარაულის თოფივით. არც ერთი გუნდი არაა სტაბილური. ის არგუმენტი რომ მაურინიომ რეალში პრიმერა მოიგო 100 გოლით და 100 ქულით არის ძალიან დიდი სისულელე ! რეალში ვინც ყოფილა ყველაზე უსახელო ტრენერებიც კი ლუქშემბურგოდან დაწყებული პელეგრინით დამთავრებული პრიმერას ყოველთვის იგებდა ერთ სეზონს მაინც. 100 გოლს რონალდოს ზენიტურ ფორმას უმადლოდეს. მასე კოვაჩმაც მოიგო ბუნდესლიგა და თავისი რეკორდებიც  დაამყარა, მარა რა ჩამჯმ.... ტრენერიცააა ყველამ ვნახეთ.. ჯერ კიდევ შარშან უმოტივაციო პრემიერლიგაზე დაგეშილ ლივერპულთან  რომ დააყენა ავტობუსი მანდ დაეტყო უკვე რაც იყო. ამით იმის თქმა მინდა რომ  გრანდების ტრენერებისთვის ქვეყნის ჩემპიონობა არანაერ კალიბრს არ წარმოადგენს მნიშვნელობა არ აქ ეს ბუნდესლიგა იქნება პრიმერა თუ ლიგა ერთი და  აი ის რომ მაურინიომ თურმე პრიმერა მოიგო 100 ქულით ამით აპელირება არის მარაზმი. სადაც მოსაგები ქონდა იქ ჩაიჯ........ვა, იგივე  ჩვენს ბაიერნთან და შემდეგ დორტმუნდთან ! მანჩესტერში რასაც აკეთებდა ამას აღარ გავშლი. სევილიასნაერ კალიბრის გუნდებთან ავტობუს რო აყენებდა ოლდტრაფორდზე ლიგაზე და მაინც რომ ვარდებოდა , იგივე ელის ბაიერნს მის ხელში.

3) ავტორის იხსენიებს რომ მაურინოს პირადი ანგარიშები აქვს და ბაიერნს არაფერი აქ დასაკარგი,ესეც არის აზრს მოკლებული ! ბაიერნს დასაკარგი ზუსტად აქვს, რადგან დღევამნდელი ბაიერნის ფეხბურთელები არიან საკმაოდ მაღალი შემტევითი პოტენციალის მქონეეები (კოუტინიო,კომანი,გნაბრი,მიულერი,ლევანა,კიმიხი , ალაბა, ტიაგო, პერიშიჩი) ჯერ მარტო ის რად ღირს რომ ზადნის მიმცემმა ჩამჯ...ლმა კოვაჩმაც კი 7 :2 მოუგო ტოტენჰემს.  ხოდა არიან აქ ფეხბურთელები რომლებსაც ჭირდებათ გახსნა და ტრენერის მიერ სწორედ მუშაობის შემთხვევაში თავისუფლად შეუძლია ამ ფორმაციის ბაყერნს ლიგის მოგება. მაურინიო ამ მხრივ აპრიორი საპირისპირო მიმართულებით მიდის. ტიპი სადაც არ მუშაობდა ყველგან სკანდალს, ბოღმას და დაძაბულ სიტუაციას სთესდა. ვერ იტანდა გუნდში  ფანებისთვის საყვარელ მოთამაშეებს ,რადგან უნდოდა რომ ნომერ პირველი გუნდში ყოველთვის ის ყოფილიყო. ბაიერნის ფეხბურთელებს ეხლა გამგები ბოსი ჭირდებათ და არა ეგოისტი დამსჯელი. ასე რომ ბაყერნი მაურინიოს დანიშვნით ზუსტად რომ ბევრ რაღაცას კარგავს !!!!!!!! 

4) ყოველგვარი სათამაშო სტილების დაწუნების გარეშე რომ ჩამოვაყალიბოთ, მაურინიო იყო არის და ყოველთვის იქნება ეგოისტი ტრენერი,რომელიც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს და თავის დიდებაზე, რაც აზარალებს  ბაიერნისნაერ გუნდური ფილოსოფიის კლუბებს. აღარ ჩამოვთვლი როგორ იქცევა პრესკონფერენციებზე,სადაც იმის მაგივრად რომ გუნდზე ისაუბრებს გამუდმებით ან თავის თავის ქებაშია ან ფეხბურთელებზე წუწუნებს. აი იმდენად არაადეკვატური იდეაა ამ სტატიაში ჩაქსოვილი რომ თურმე მაურინიო დახატავს ბაიერნს ეს რო არ დამეწერა ამდენი არ შემეძლო. ამაზე უფრო ცუდი იდეა ალბათ კაი ხანია არ წამიკითხია  !!!!!!!!!

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1

რობერტ ლევანდოვსკი

გოლი: 23
2

სერჟ გნაბრი

გოლი: 8
3

ივან პერიშიჩი

გოლი: 3
4

კინგსლი კომანი

გოლი: 3
5

ფილიპე კოუტინიო

გოლი: 2
1

თომას მიულერი

ასისტი: 7
2

სერჟ გნაბრი

ასისტი: 5
3

იოზუა კიმიხი

ასისტი: 4
4

ფილიპე კოუტინიო

ასისტი: 3
5

ბენჟამენ პავარი

ასისტი: 2
1

ტიაგო ალკანტარა

4 0
2

იოზუა კიმიხი

3 0
3

რობერტ ლევანდოვსკი

2 0
4

ბენჟამენ პავარი

1 0
5

თომას მიულერი

1 0

დანაკლისები

ტრავმები

ლუკა ერნანდესი
ნიკლას ზიულე
დავიდ ალაბა

ყვითელი/წითელი ბარათი

დისკვალიფიკაცირებული მოთამაშე არ მოიძებნა

ბუნდესლიგა

N კლუბი
1

გლადბახი

10 22
2

ლაიფციგი

11 21
3

ბაიერნი

11 21
4

ჰოფენჰაიმი

11 20
5

დორტმუნდი

11 19
6

შალკე

11 19
7

ფრაიბურგი

10 18

გამოკითხვა

რომელი მოთამაშის დამატება გსურთ ერნანდესის შემდეგ?

ხმის მისაცემად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია

ხმა მისცა: 43