ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო თანდემი - რობერის კარიერა ფოტოებში

გუშინ მიუნხენის "ბაიერნის" ისტორიაში ერთი დიდი ეპოქალური თავი დაიხურა - "რეკორდმაისტერმა" კლუბის ორი ლეგენდა, სიმბოლო და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერები გააცილა.

"ალიანს არენაზე" ბუნდესლიგის საჩემპიონო თამაშის დაწყებამდე გულშემატკივრებს, კლუბსა და თანაგუნდელებს არიენ რობენი და ფრანკ რიბერი დაემშვიდობნენ. დაიხურა ათწლიანი ეპოქა, რომელიც "ბაიერნის" ქომაგებს არასოდეს დაავიწყდებათ.

"რობერის" დუეტი ბუნდესლიგის თანამედროვე ისტორიაში უდავოდ ყველაზე გამორჩეული და ძლიერია - მათ ერთად უამრავი ტიტული მოიგეს, "ბაიერნს" არაერთი ულამაზესი მომენტი აჩუქეს და რაც მთავარია, 2013 წელს შექმნეს ჩემპიონთა ლიგის ისტორიული ტიტულის მომტანი გოლი.

ყველაფერი კი 12 წლის წინ დაიწყო...

დიახ, ყველაფერი 12 წლის წინ, 2007 წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც მიუნხენურმა კლუბმა მსოფლიო ჩემპიონი ლუკა ტონი და მარსელის "ოლიმპიკიდან" 25 მილიონ ევროდ შეძენილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, 24 წლის, ფრანკ რიბერი წარადგინა. რიბერი იმ დროისთვის ბუნდესლიგაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა.

ყველაფერი თავიდანვე ნათელი გახდა: "ბაიერნმა" დაიმატა განსაკუთრებული მოთამაშე, რომელიც ბურთს იდეალურად ფლობს, საოცრად ტექნიკური და სხარტია. მან ბუნდესლიგაში ეგრევე მოახდინა შთაბეჭდილება და ადაპტაცია სწრაფად გაიარა.

სადებიუტო სეზონში რიბერის უეფას თასზე მოუწია ასპარეზობა, სადაც "ბაიერნი" ნახევარფინალამდე მივიდა, მაგრამ ფრანკმა ეროვნული დუბლი მოიგო. მან პირველივე სეზონში ჩინებულად ითამაშა და გერმანიაში წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

წავიდეთ ცოტა წინ...გავიდა ორი წელი და 2009 წლის ზაფხულში მიუნხენი ჰოლანდიელებმა დაიპყრეს - ლუი ვან გაალმა მოითხოვა არიენ რობენი, რომელიც "ბაიერნმა" მადრიდის "რეალიდან" 24 მილიონ ევროდ გადაიბირა. ეს ფოტო კი ზებენერ შტრასზე რობენის პირველი ვარჯიშის წინ გადაიღეს.

რობენის ოცნების დებიუტი "ვოლფსბურგთან" მატჩში


ადაპტაცია რობენმაც სწრაფად გაიარა, მაგრამ რიბერის მსგავსად, ტრავმებში არც მას უმართლებდა. მარცხენა მუხლის დაზიანების გამო მან სადებიუტო სეზონში რამდენიმე თვე გამოტოვა, მაგრამ 16 გოლით ის მაინც "ბაიერნის" საუკეთესო ბომბარდირი გახდა ბუნდესლიგაში. გერმანიის თასის 1/2 ფინალში კი ჰოლანდიელმა "შალკეს" გელზენკირხენში ფენომენალური სოლო გოლი გაუტანა და "ბაიერნი" ფინალში გაიყვანა.

რობენის ფანტასტიკური სოლო-გოლი "შალკესთან"


სადებიუტო სეზონში არიენმა ჩემპიონთა ლიგაზეც გაიბრწყინა. მან "ბაიერნი" ჯერ 1/8 ფინალში გააძვრინა "ფიორენტინასთან" გადამწყვეტი ფანტასტიკური გოლით და იგივე სცენარი განმეორდება 1/4 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედთან". პირველი მატჩი მიუნხენელებმა შინ 2:1 მოიგეს, ხოლოდ "ოლდ ტრაფორდზე" 3:0 აგებდნენ...

პირველი ტაიმის ბოლოს ივიცა ოლიჩმა ერთი ბურთი გაქვითა, მეორე ტაიმში ინგლისელები უმცირესობაში დარჩნენ, ხოლო ამას მოჰყვა "რობერის" კარიერაში ყველაზე დიდი და განუმეორებელი შედევრი: ფრანკ რიბერიმ კუთხურიდან ბურთი პირდაპირ არიენ რობენს ჩაუგდო და ჰოლანდიელმა ჰაერიდან ედვინ ვან დერ სარს შორეულ დაბალ კუთხეში ულამაზესად ჩაუსვა - "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდა, ხოლო რიბერიმ და რობენმა ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი მომენტი შექმნეს.


ლუი ვან გაალის გუნდმა ნახევარფინალში ლიონის "ოლიმპიკი" მარტივად გაიარა - მიუნხენში "ბაიერნს" რობენმა მოაგებინა (1:0), ხოლო საფრანგეთში ოლიჩმა გაიფორმა ჰეთ-თრიკი - 3:0. 

2010 წლის მადრიდის ფინალი კი "ბაიერნმა" მილანის "ინტერთან" 0:2 დათმო. რობენი თანამემამულე უესლი სნეიდერს ულოცავს ჩემპიონობას, რიბერიმ კი ფინალური მატჩი უეფას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

ვან გაალისა და რობენის პირველი წარმატებული სეზონის შემდეგ დორტმუნდის "ბორუსიამ" შეაჩერა მიუნხენური გრანდი - იურგენ კლოპის გუნდმა 2011 წელს იზეიმა ჩემპიონობა და მომდევნო წელს ტიტული შეინარჩუნა. 

2012 წელს "ბაიერნმა" "ბორუსიასთან" გერმანიის თასის ფინალშიც წააგო - მიუნხენური გრანდი 2:5 განადგურდა. ზედიზედ ორი წელი უტიტულოდ!

ყველაზე დიდი ტრაგედია ჩემპიონთა ლიგაზე დატრიალდა - იუპ ჰაინკესმა "ბაიერნი" მშობლიურ ფინალში გაიყვანა. "რეკორდმაისტერი" ლონდონის "ჩელსისთან" სრულიად დომინირებდა, ბოლოსკენ გოლიც გაიტანა, მაგრამ დიდიე დროგბამ ფინალი დამატებით დროში გადაიყვანა.

პირველი დამატებითი ტაიმის დროს "ბაიერნმა" მოიპოვა პენალტი, რომელიც არიენ რობენმა შეასრულა და სამწუხაროდ, მას პიტერ ჩეხმა აუღო. პენალტების სერიაში კი "ბაიერნი" 3:4 დამარცხდა და ისტორიაში უდიდესი შავი ლაქა შეიტანა - წაგებული ფინალი საკუთარ მოედანზე.

ამ ყველაფერმა მიუნხენურ კლუბს მოტივაცია მისცა და ჰაინკესმა ერთ წელიწადში ნამდვილი "მანქანა" შექმნა - "ბაიერნმა" გერმანული ფეხბურთის ისტორიაში პირველი ტრებლი გაიფორმა და "რობერიმ" საოცარი სეზონი ჩაატარა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორტმუნდის "ბორუსიასთან" გამარჯვების გოლი არიენ რობენმა ფრანკ რიბერის ქუსლით პასის შემდეგ გაიტანა.

მისტერ უემბლი: 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალების წაგების შემდეგ და საოცარი მომენტების განიავების გამო არიენ რობენმა ანტიგმირის ზედმეტსახელი მიიღო, მაგრამ "ბორუსიასთან" შერბენისა და გოლის შემდეგ ის ნამდვილ გმირად, "მისტერ უემბლიდ", იქცა - "მფრინავმა ჰოლანდიელმა" მიუნხენურ კლუბს მე-5 ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოაგებინა.

2013 წლის ლეგენდარული ფინალი


რობენი "მისტერ უემბლი", ხოლო ფრანკ რიბერი 2013 წელს ევროპის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ის აგრეთვე იყო ნომინირებული ოქროს ბურთისთვის, მაგრამ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩა.

"რობერის" თანდემი წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, ვითარდებოდა და სულ უფროდაუფრო დიდ სახელს იხვეჭდა. ევროპაში რიბერისა და რობენის დუეტი ერთ-ერთი გამორჩეული გახდა. 2015 წელს "ბაიერნის" ქომაგებმა ეს დაუვიწყარი, ორიგინალური "სუპერგმირების" ქორეოგრაფია შექმნეს - "Badman & Robben" ანუ "ცუდი კაცი და რობენი".

რიბერი უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ "ცუდი ტიპიც" - ფრანკი თამაშების დროს იოლად გამოდიოდა მწყობრიდან, იყო კოფნლიქტური, არ ერიდებოდა მეტოქესთან ფიზიკური კონტაქტი და დაპირისპირება.

"მფრინავი ჰოლანდიელი": მისი ეს ზედმეტსახელი ორაზროვანია. ერთის მხრივ, ის მართლაც დაფრინავდა მოედანზე, მეორეს მხრივ კი - სიმულირებდა ხოლმე. ამის გამო მას ბევრი აკრიტიკებდა და ბევრს ეზიზღებოდა.

ფრანკ რიბერიმ და არიენ რობენმა ბუნდესლიგაში ერთნაირად დიდი რაოდენობის გოლი შექმნეს: ფრანკ რიბერიმ 12 წელიწადში უკვე 273 თამაშში 86 გოლი გაიტანა და 121 ასისტი გააკეთა, ხოლო არიენ რობენმა 10 წელიწადში 201 თამაშში 99 გოლი გაიტანა და 65 ასისტი გააკეთა.

"რობერის" თანდემი ტრავმიანობის მხრივაც არ იშლებოდა. ორივეს ჰქონდა მიდრეკილება ტრამვებისკენ და ორივე მათგანმა არაერთი სერიოზული დაზიანება გადაიტანა. ახლა კი მათი გზის გამგრძელებლად კინგსლი კომანი და სერჟ გნაბრი მოიაზრებიან.

ფრანკ რიბერი ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი გახდა - მას უკვე 9 ვერცხლის სინი აქვს, რაც აბსოლუტური რეკორდია. მის აქტივში აგრეთვე ხუთი გერმანიის თასია და შესაძლოა სეზონის ბოლოს ექვსი გახდეს. არიენ რობენს 8 ბუნდესლიგა და 4 გერმანიის თასი აქვს.

მოვედით გაცილებამდე - გუშინ მიუნხენის "ბაიერნი" "რობერის" ლეგენდარულ თანდემს რაფინიასთან ერთად დაემშვიდობა. 2019 წელს ეს ათწლიანი ეპოქა დასრულდა.

"რობერის" გაცილება


კომენტარების რაოდენობა: 0

კომენტარის დამატება
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1

რობერტ ლევანდოვსკი

გოლი: 38
2

სერჟ გნაბრი

გოლი: 13
3

ლეონ გორეცკა

გოლი: 9
4

კინგსლი კომანი

გოლი: 9
5

ხამეს როდრიგესი

გოლი: 7
1

იოზუა კიმიხი

ასისტი: 15
2

თომას მიულერი

ასისტი: 11
3

რობერტ ლევანდოვსკი

ასისტი: 9
4

ტიაგო ალკანტარა

ასისტი: 6
5

სერჟ გნაბრი

ასისტი: 5
1

იოზუა კიმიხი

7 0
2

დავიდ ალაბა

4 0
3

ხავი მარტინესი

4 0
4

ტიაგო ალკანტარა

4 0
5

რენატუ სანჩეში

3 1

დანაკლისები

ტრავმები

მანუელ ნოიერი

ყვითელი/წითელი ბარათი

დისკვალიფიკაცირებული მოთამაშე არ მოიძებნა

ბუნდესლიგა

N კლუბი
1

ბაიერნი

34 78
2

დორტმუნდი

34 76
3

ლაიფციგი

34 66
4

ლევერკუზენი

34 58
5

გლადბახი

34 55
6

ვოლფსბურგი

34 55
7

აინტრახტი

34 54

გამოკითხვა

რომელი მოთამაშის დამატება გსურთ ერნანდესის შემდეგ?

ხმის მისაცემად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია!

ხმა მისცა: 30