გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურის ცენტრალურ მატჩში მიუნხენის "ბაიერნი" გლადბახის "ბორუსიას" ესტუმრება. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს აღნიშნული დაპირისპირებიდან.
გუნდები აქამდე ბუნდესლიგის ეგიდით 104-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს საიდანაც 50 გამარჯვება "რეკორდმაისტერს" დარჩა, 25 კი ბორუსიელებს. ბურთების სხვაობაც მიუნხენელთა სასარგებლოდაა, 198 131-ის წინააღმდეგ.
ბოლო 3 სეზონის განმავლობაში "გლადბახმა" ყველა პირველი წრის მატჩში დაამარცხა მიუნხენური გრანდი. მეორე წრის შეხვედრები კი სულ "ბაიერნის" სასარგებლოდ სრულდება.
რობერტ ლევანდოვსკი ზედიზედ სამი მატჩია რაც დუბლს ასრულებს. თუ ის ამ შედეგს დღესაც გაიმეორებს, ლოთარ ემერიხის (1967 წელი) და ტომისლავ მარიჩის (2001 წელი) რეკორდს გაუთანაბრდება.
ბორუსიელებმა პირველი 14 ტურიდან 12 მატჩში შეძლეს პირველი გოლის გატანა, თავის მხრივ "ბაიერნი" ბოლო ზედიზედ 8 მატჩია რაც პირველი უშვებს გოლს.
მიუნხენელები სტანდარტულ სიტუაციებსაც უნდა უფრთხოდნენ. "გლადბახმა" მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი, 11 გოლი სწორედ მსგავსი მომენტების შედეგად გაიტანა.
"ბაიერნს" მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 44 გოლი აქვთ გატანილი. ამაზე უკეთესი შედეგი ისტორიაში კვლავ მხოლოდ "ბაიერნს" აქვს, 1967/68 წლების სეზონში.