...

პარიზული ტესტი - წინ პირველი დიდი თამაშია

2017/18 წლების სეზონი დაახლოებით 1 თვეა დაიწყო და მიუნხენის "ბაიერნს" ორ დღეში, 27 სექტემბერს, ამ ეტაპზე სეზონის ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი თამაში ელის - ვიზიტი პარიზში, ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, დიდებულ სტადიონზე და დაპირისპირება ამბიციურ "პარი სენ ჟერმენთან."

ისევე, როგორც გასული კამპანია, მიმდინარე სეზონიც კარლო ანჩელოტის გუნდმა არადამაჯერებლად დაიწყო და ეს შედეგებზეც აისახება. თუმცა ახლა მთელმა გუნდმა სრული კონცენტრაცია ჩემპიონთა ლიგის თამაშზე უნდა მოახდინოს, დაივიწყოს აწგასული 1 თვე და ოთხშაბათ საღამოს პარიზში საუკეთესო ფეხბურთი აჩვენოს.

პარიზულ კლუბთან თამაში მიუნხენის "ბაიერნისთვის" ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც სატურნირო, ისე ფსიქოლოგიური და პერსპექტიული თვალსაზრისით. "პსჟ-ს" დიდებული სტადიონი "პარკ დე ფრენსი" "რეკორდმაისტერისათვის" ერთგვარი სარკე იქნება, რომელშიც ანჩელოტი და მისი შეგირდები თავის რეალურ შესაძლებლობებს პირნათლად დაინახავენ.

დამაინც, შესაძლოა ბევრს გაუჩნდეს კითხვა თუ რატომ არის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის რიგითი ტურის შეხვედრა ასეთი მნიშვნელოვანი...რა თქმა უნდა, პარიზში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ბედი არ გადაწყდება, მაგრამ ფაქტია, რომ "ბაიერნისთვის" ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ტესტია.

პირველი დიდი თამაში


მიუნხენურმა გრანდმა ახალ სეზონში უკვე 9 ოფიციალური თამაში ჩაატარა, მაგრამ ისეთი კალიბრის გუნდს, როგორიც "პარი სენ ჟერმენია", ბუნებრივია ჯერ არ შეხვედრია. ერთია ბუნდესლიგის რიგითი მატჩი, რომელშიც "რეკორდმაისტერი" უკვე უპირობო ფავორიტად ითვლება და სულ სხვა ჩემპიონთა ლიგის განსაკუთრებული საღამო თანაბარი დონის მეტოქესთან, რომელიც ტურნირზე უშუალო კონკურენტია. "ვოლფსბურგთან" ქულების დაკარგვა და უღიმღამო თამაში შესაძლოა მოდუნებას, კონცენტრაციისა და სურვილის ნაკლებობას დაბრალდეს, მაგრამ პარიზული საღამოს შემდეგ ეს მიზეზები სასაცილოდაც არავის ეყოფა. "პსჟ-ს" წინააღმდეგ ჩვენ ამ ეტაპზე მიუნხენური გუნდის რეალურ სახეს დავინახავთ, "ბაიერნის", რომელიც ძალებს არცერთი წამით არ დაზოგავს, სრული კონცენტრაციითა და მონდომებით ითამაშებს.

პარიზში მიუნხენური გრანდს სეზონის პირველი დიდი მატჩი ელის, რომელსაც აუცილებლად დიდი ყურადღება მიექცევა. "ბაიერნისთვის" "პსჟ" საკმაოდ რეალური საზომია და საფრანგეთის დედაქალაქში წარმატებული თუ წარუმატებელი თამაში სერიოზულ ვერდიქტებს გამოიწვევს.

ორი კულტურის დაპირისპირება


მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, "პსჟ-სთან" თამაშის წინ აღნიშნა, რომ ეს ორი განსხვავებული კულტურის დაპირისპირება იქნება, რაც საკმაოდ ჭკვიანური მოსაზრებაა. ერთ მხარეს არის გუნდი, რომელიც სატრანსფერო ბაზარზე არანაირ სტანდარტებს არ ემორჩილება და გიჟურ ტრანსფერებს ახორციელებს. პარიზულმა კლუბმა ამ ზაფხულს კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი 222 მილიონ ევროდ გადაიბირა, რითიც სრულიად მსოფლიო ფეხბურთი გააოცა. გარდა ამიას ფრანგებმა კილიან მბაპეც გაიფორმეს, მაგრამ მის წილ 180 მილიონ ევროს გაისად გადაიხდიან. "პსჟ-მ" ამ ზაფხულს თეორიულად 237 მილიონი ევრო დახარჯა, პრაქტიკულად კი 417 მილიონი ევრო, რაც "ბაიერნის" მიერ ამ ზაფხულს დახარჯულ თანხას 6-ჯერ აღემატება, ექვსჯერ! ეს სრული სიგიჟეა და მართლაც ორ განსხვავებულ სატრანსფერო პოლიტიკასთან გვაქვს საქმე.

"პსჟ" და მისი მილიარდელი მფლობელები მზად არიან მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებში კოლოსალური თანხები გადაიხადონ, ხოლო მიუნხენის "ბაიერნი" მსგავს მიდგომას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. უკვე წლებია "რეკორდმაისტერი" "გაგიჟებულ სატრანსფერო ბაზარზე" მონაწილეობას არ ღებულობს და საკუთარ პრინციპების ერთგული რჩება. მიუნხენელთა ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ფრანგი საყრდენი კორენტინ ტოლისოა, რომელიც "ბაიერნს" დაახლოებით 40 მილიონი ევრო დაუჯდა. ბოლო წლებში ტალანტების სიმცირის გამო "ბაიერნმა" აქცენტი ახალგაზრდა მოთამაშეების აღზრდა-აღმოჩენაზე გააკეთა და გუნდში რამდენიმე ნიჭიერი გერმანელი მიიწვია, მათ შორის ნიკოლას ზიულე და სერჟ გნაბრი.

მიუნხენური გრანდი ეცდება დაამტკიცოს, რომ ფეხბურთში მთავარი ფული არ არის და დაიცვას იმ გუნდების ღირსება, რომლებიც 100 და 200 მილიონს ერთი ფეხბურთელის სანაცვლოდ უბრალოდ ვერ გადაიხდიან. ული ჰიონესმა თამამად აღნიშნა, რომ "მანჩესტერ სიტი" და "პსჟ" მილიონებით წარმატებას ვერ მიაღწევენო და ვნახოთ ახლა რას იზამს მისი "ბაიერნი" სწორედ "მილიონიანი პროექტის" წინააღმდეგ, რომელიც საკმაოდ მძლავრია. საინტერესოა რომელი მხარე გაიმარჯვებს - მდიდარი "პარი სენ ჟერმენი" თუ უფრო მოკრძალებული და ტრადიციულ მიუნხენის "ბაიერნი".

ნეიმარის ფაქტორი


რა თქმა უნდა, "პსჟ" მხოლოდ ნეიმარი არ არის და ოთხშაბათს მიუნხენური კლუბი საკმაოდ ძლიერ გუნდს დაუპირისპირდება, მაგრამ ვერც იმ ფაქტს გავექცევით, რომ ბრაზილიელი ექსტრაორდინალური მოთამაშეა, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია არაფრისგან რაღაცის შექმნა. 25 წლის ბრაზილიელმა პარიზული კლუბი საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად აირჩია და მართლაც შთამბეჭდავი სტარტი აიღო. საფრანგეთის ჩემპიონატის საწყის ტურებში ნეიმ უკვე რამდენიმე დღესასწაული მოაწყო და ახლა იგივეს გაკეთებას "ბაიერნის" წინააღმდეგ, ძალიან მნიშვნელოვან თამაშში ეცდება. ეს შეხვედრა პარიზელებისთვისაც ერთგვარი საზომია, ამიტომ ნეიმარი ორმაგად მოტივირებული იქნება და ეცდება, რომ მიუნხენური გრანდი დაამწუხროს. მიუხედავად კავანისა და მბაპეს არსებობისა, "რეკორდმაისტერისთვის" მთავარი საფრთხე სწორედ ვირტუოზი ბრაზილიელი იქნება, რომელსაც "ბაიერნის" წინააღმდეგ გოლების გატანის გამოცდილება უკვე აქვს.

შესაძლოა ნეიმარი არ იყოს ყველაზე ღირსეული და სამაგალითო სპორტსმენი მსოფლიოში, მაგრამ ის ფანტასტიკური ფეხბურთელია, რომელსაც განზრახული აქვს, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელის სტატუსი მოიპოვოს. მიუნხენის "ბაიერნი" კი სწორედ ის მეტოქეა, რომლის წინააღმდეგაც მსოფლიოს უძლიერესი ფეხბურთელები ორმაგი მოტივაციით თამაშობენ, ამიტომ ნეის ფაქტორი უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და გერმანელებს მისი განეიტრალების სახით სერიოზული ამოცანა აქვთ. ნეიმარის 90 წუთით თამაშიდან გამოთიშვა შეუძლებელია, მაგრამ "ბაიერნმა" ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ბრაზილიელმა თავი არაკომფორტულად იგრძნოს. მისი არადამაჯერებელი თამაში კი "პსჟ-ზეც" აისახება, ვინაიდან ახლა გუნდის მთავარი ვარსკვლავი სწორედ ნეიმარია.

ბაიერნი უჩვეულო ამპლუაში


უკანასკნელი 5-7 წლის განმავლობაში მიუნხენის "ბაიერნი" მსოფლიოს ორ თუ არა სამ საუკეთესო კლუბს შორის აუცილებლად იმყოფებოდა და როგორც წესი, ჩემპიონთა ლიგის თამაშებში ნებისმიერ მეტოქესთან ფავორიტი იყო. თუმცა ახლა ცოტათი განსხვავებული და უჩვეულო სიტუაციაა, ვინაიდან ბევრი მიუნხენურ გრანდს არა ფავორიტად, არამედ აუტსაიდერად მიიჩნევს. ეს ერთი მხრივ, როგორც "პსჟ-ს" სიძლიერითა და გიჟური შედეგიანობით, აგრეთვე "ბაიერნის" არადამაჯერებელი თამაშითა და კლუბის შიგნით არსებული სიტუაციიდან გამომდინარეობს. აშკარაა, რომ "რეკორდმაისტერს" ახლა გარკვეული პრობლემები აქვს და ეს პრობლემები მოედნის ფარგლებს სცდება. რუმენიგეს სკანდალური გამოხმაურება ლევანდოვსკის ინტერვიუზე, რიბერისა და ანჩელოტის შორის მცირე უთანხმოება საერთო ჯამში არასასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის, რაც გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცუდად აისახება. მიუნხენელებმა გასულ სეზონშიც უღიმღამოდ დაიწყეს, მაგრამ ახლა სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე ერთი წლის წინ, ვინაიდან კარლო ანჩელოტი მდგომარეობას ვერ აკონტროლებს, რადგან პრობლემა უფრო ზევითაა.

მიხაელ ბალაკმა, პოლ ბრაიტნერმა და დიტმარ ჰამანმა ერთი საინტერესო დეტალი აღნიშნეს - მათ დღევანდელი "ბაიერნი" "ჰოვივუდ ბაიერნთან" ანუ 90-იანი წლების ჯოვანი ტრაპატონის გუნდთან გააიგივეს, რომელშიც დაახლოებით ასეთი არეული სიტუაციაა იყო. ამის შედეგად კი "პსჟ" ამ თამაშში ფავორიტად ითვლება, მაგრამ "ბაიერნმა" ამას არანაირი ყურადღება არ უნდა მიაქციოს.

წინ კიდევ ორი დღეა და მიუხედავად გუნდში არსებული რთული მდგომარეობისა, ჩვენ რა თმქა უნდა, გვჯერა! მიუნხენის "ბაიერნმა" კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს, რომ ეს კლუბი ერთი დიდი ოჯახია და პარიზში დიდებული სანახაობა მოაწყოს. გასაგებია, რომ ეს ძალიან, ძალიან და კიდე ერთხელ ძალიან რთული იქნება, მაგრამ მიუნხენური გრანდისათვის შეუძლებელი არაფერია! ეს პირველი დიდი თამაშია, რომელსაც ქომაგებისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება და იმედია "ბაიერნი" მინდორზე თავის მაქსიმუმს გააკეთებს. ორ დღეში პარიზში გამოჩნდება თუ რას უნდა ველოდეთ რეალურად ამ სეზონისგან, ამიტომ სრული სვლით წინ!

დავით მაღრაძე, სპეციალურად BAYERN.GE-სთვის
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბლოგი ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა