ლივერპული  ბაიერნი ენფილდზე დიდი ბრძოლის მოლოდინში

ლივერპული ბაიერნი ენფილდზე დიდი ბრძოლის მოლოდინში

2 თვიანი ლოდინის შემდეგ დადგა ნანატრი დღეც - მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგაზე დიდ საღამოს გამართავს.


ნიკო კოვაჩის გუნდი მერვედფინალურ ეტაპზე ტურნირის მოქმედ ვიცე-ჩემპიონ "ლივერპულს" შეხვდება და პირველი მატჩი "ენფილდზე" გაიმართება.


ლივერპული - ბაიერნი


დასაწყისი: 00:00 საათი
მთავარი მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)


გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა


მერსესაიდულ გრანდს ბოლო 1 თვის განმავლობაში მძიმე პერიოდი ჰქონდა - იურგენ კლოპის გუნდი დამარცხდა უშუალო კონკურენტ "მანჩესტერ სიტისთან" (1:2), რასაც "ვულვერჰემპტონთან" მარცხი (1:2) და ასოციაციის თასიდან გამოვარდნა მოჰყვა. ამის შემდეგ "წითლებმა" პრემიერ ლიგაში "ბრაიტონი" (1:0) და "კრისტალ პალასი" (4:3) მძიმე ბრძოლებში დაამარცხეს, რასაც ზედიზედ ორი ფრე მოჰყვა "ლესტერთან" (1:1) და "ვესტ ჰემთან" (1:1). ეს წარუმატებელი სერია "წითლებმა" 9 თებერვალს შეწყვიტეს და სახლში "ბორნმუთი" 3:0 გაანადგურეს. "ლივერპული" 65 ქულით ინგლისის პრემიერ ლიგას "სიტისთან" ერთად ლიდერობს, მაგრამ ბურთების უარესი სხვაობის გამო მეორე პოზიციაზეა, უბრალოდ ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.



ჯგუფურ ეტაპზე იურგენ კლოპის გუნდს სერიოზული მეტოქეები ჰყავდა. "ლივერპულმა" "ცრვენა ზვეზდასთან", "ნაპოლისთან" და "პსჟ-სთან" სამივე გასვლითი მატჩი წააგო, მაგრამ 9 ქულით მეორე ადგილით ჯგუფიდან მაინც გავიდა და ახლა ეცდება გაიმეოროს შარშანდელი წარმატება. მერსესაიდულმა გრანდმა გადატვირთული გრაფიკის შემდეგ ბოლო ორი კვირა ცოტათი დაისვენა და "ბაიერნთან" უმნიშვნელოვანეს შეხვედრას განახლებული ძალებით ხვდება.


მიუნხენური კლუბი 2019 წელს ძალიან შედეგიანად თამაშობს, მაგრამ ეს იმის ფონზე, რომ თავადაც ბევრ გოლს უშვებს. ნიკო კოვაჩის გუნდმა მეორე წრის სტარტიდან მოყოლებული ყველა ტურნირზე ერთად 6 თამაში ჩაატარა და ყოველ შეხვედრაში მინიმუმ 4 ბურთი გავიდა, საერთო ჯამში - 27! "რეკორდმაისტერს" დაცვაში პრობლემები აქვს, მაგრამ შეტევითი ხაზი საკმაოდ კარგად მუშაობს. ახალი წელი მშვენიერ ფორმაში დაიწყეს ახალგაზრდა გერმანელმა ახალწვეულებმა - ლეონ გორეცკამ დ სერჟ გნაბრიმ. ნელ-ნელა კრეფს ოპტიმალურ ფორმას ხამეს როდრიგესიც, რომელსაც კოვაჩი ბოლო პერიოდში უფრო მეტად ენდობა.



ლევერკუზენის "ბაიერთან" მარცხის (1:3) შემდეგ "ბაიერნმა" გერმანიის თასზე სტუმრად ბერლინის "ჰერტა" დაამარცხა (3:2), სახლში გელზენკირხენის "შალკეს" 3:1 მოუგო, ხოლო წინა ტურში გასვლაზე "აუგსბურგი" დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბაიერნი" იოლ კვარტეტში მოხვდა. ნიკო კოვაჩის გუნდმა "ბენფიკასა" და "აეკს" ორივე შეხვედრა უპრობლემოდ მოუგო, სამაგიეროდ ძალიან გაუჭირდა ამსტერდამის "აიაქსთან" და ჰოლანდიურ კლუბს ვერცერთი თამაში ვერ მოუგო, მაგრამ ჯგუფი მაინც პირველ პოზიციაზე დაასრულა.


გუნდების საკადრო მდგომარეობა:


"ლივერპული" პირველ მერვედფინალურ შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდება. იურგენ კლოპს დისკვალიფიკაცირებული დაცვის ლიდერი ვირჯილ ვან დეიკი აკლია. გარდა ამისა გუნდს ჯო გომესი და დეიან ლოვრენიც ვერ ეხმარებიან, ამიტომ დაცვაში ჟოელ მატიპისა და ფაბინიოს ექსპერიმენტალური თანდემი იმოქმედებს.



გუშინ გახდა ცნობილი, რომ "წითლებს" ბრაზილიელი შემტევი რობერტო ფირმინოც არ ეყოლებათ. მას, სავარაუდოდ, ხერდან შაქირი შეცვლის. საეჭვო იყო ახალგაზრდა მარჯვენა მცველის, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის თამაშიც, მაგრამ ის მწყობრშია.


რაც შეეხება მიუნხენურ გრანდს, "ბაიერნს" კვლავ ვერ ეხმარებიან კორენტენ ტოლისო და არიენ რობენი. ფრანკ რიბერი გუნდს მოგვიანებით შეუერთდა, ხოლო ჟერომ ბოატენგს კუჭის პრობლემები აწუხებს.



კინგსლი კომანის მდგომარეობა კი ბოლო ინფორმაციით დამაიმედებელია და 22 წლის ფრანგი "ლივერპულის" წინააღმდეგ ძირითადში იქნება.


სავარაუდო შემადგენლობები:


ლივერპული: ალისონი - არნოლდი, მატიპი, ფაბინიო, რობერტსონი - ჰენდერსონი, მილნერი, ვიინალდუმი - შაქირი, სალაჰი, მანე.


ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - გორეცკა, ტიაგო - გნაბრი, ხამესი, კომანი - ლევანდოვსკი.


მთავარი საფრთხე - იურგენ კლოპი!



ამ ორმატჩიან დუელში მიუნხენური კლუბი აუტსაიდერად ითვლება და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნაწილობივ სწორედ იურგენ კლოპია - სპეციალისტი, რომელიც "რეკორდმაისტერსა" და გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალას შეტევაში, რობერტ ლევანდოვსკის, იდეალურად იცნობს. კლოპი წლების განმავლობაში მიუნხენური გრანდის მთავარი მოწინააღმდეგე იყო და ახლა "ბაიერნის" გამწარებას კიდევ ერთხელ, ამჯერად "ლივერპულის" თავკაცის ამპლუაში, შეეცდება.


2008 წელს კლოპმა ჩაიბარა დორტმუნდის "ბორუსია", რომელიც ფანტასტიკურად განავითარა და 2011 და 2012 წლებში "ბაიერნს" ზედიზედ ორჯერ წაართვა ვერცხლის სინი, 2012 წელს კი გერმანიის თასის ფინალში მიუნხენელები 5:2 გაანადგურა. სწორედ კლოპის უნიკალურმა შრომამ აიძულა "ბაიერნის" ხელმძღვანელობა, რომ გამოფხიზლებულიყო და დაეწყო ახალი წარმატებული ეპოქა.



კლოპისგან კიდევ ერთი საფრთხე მოდის იმ კუთხით, რომ რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც ჯგუფური ეტაპის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია, სწორედ მისი შექმნილია. ახალგაზრდა პოლონელი ბიჭუნა იურგენმა "ლეხიდან" 2010 წელს მიიწვია "ბორუსიაში" და მისგან მსოფლიო დონის ფორვარდი შექმნა.


"იურგენ კლოპის მუდმივად მადლობელი ვარ. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ ახლა აქ ვიმყოფები. მან ჩემში დაინახა პოტენციალი, რომელსაც მეც კი ვერ ვხედავდი. ჩემი მას უფრო სჯეროდა, ვიდრე თავად მე!", - აღნიშნა დღევანდელი თამაშის წინ რობერტ ლევანდოვსკიმ.


შეხვედრა ყოფილ ბავარიელთან



დღევანდელი თამაში განსაკუთრებული იქნება "ლივერპულის" 27 წლის შვეიცარიელი ლეგიონერისთვის, ხერდან შაქირისთვის, რომელიც თავის ყოფილ კლუბს უპირისპირდება. შაქირი "ბაიერნის" ღირსებას 2012-15 წლებში იცავდა და 81 შეხვედრაში 17 ბურთის გატანა მოახერხა.


შაქირი არ ყოფილა "ბაიერნის" ძირითადი ფიგურა, მაგრამ სათადარიგო სკამიდან თამაშში ყოველთვის აქტიურად ერთვებოდა და მოედანზე ყველაფერს დებდა. შაქირი ასევე სასარგებლოა კლოპისთვის - მიმდინარე სეზონში შვეიცარიელმა 24 თამაშში 6 გოლი გაიტანა და თუ "ბაიერნთან" მიეცემა შანსი საოცრად მოტივირებული იქნება.


პირველი დიდი ტესტი ნიკო კოვაჩისთვის



მიუნხენური კლუბის მინუსი "ლივერპულთან" მიმართებაში მთავარი მწვრთნელია - ნიკო კოვაჩი სიმპათიური ტიპია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ დაიმსახურა "ბაიერნის" ქომაგების სიმპათიები სპორტული თვალსაზრისით. 47 წლის ხორვატის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ კოვაჩი დიდ ფეხბურთში მაინც ახალი პერსონაა, შესაბამისად აკლია გამოცდილება და ისეთი საღამოები, რომელიც "ენფილდზე" დღეს გაიმართება.


ასე, რომ ეს კოვაჩის კარიერაში ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება და შესაძლოა მასზე ძალიან დიდი გავლენა იქონიოს. თუ ნიკო "ლივერპულის" ბარიერს გადალახავს ეს მისთვის უდიდესი წარმატება იქნება და კოვაჩის ფილოსოფიას რადიკალურად შეცვლის.


ფაქტები და სტატისტიკა:


"ლივერპული" და "ბაიერნი" ჩემპიონთა თასის/ლიგის 5 გზის მფლობელები არიან, მაგრამ 2001 წლის შემდეგ ერთმანეთს პირველად უპირისპირდებიან.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 18 წლის წინ უეფას სუპერთასზე შედგა - უეფას თასის გამარჯვებულმა "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონი "ბაიერნი" 2001 წლის ზაფხულში მონაკოში 3:2 დაამარცხა.
სუპერთასამდე, 1980/81 წლების სეზონში, მერსესაიდულმა გრანდმა "ბაიერნი" ჩემპიონთა თასის 1/2 ფინალში დაამარცხა - "ენფილდზე" უგოლო ფრის შემდეგ მიუნხენში შედეგიანი ფრის (1:1) წყალობით ფინალში ინგლისელები გავიდნენ და ტიტულიც მოიპოვეს.
"ბაიერნმა" კი წარმატება ამ გუნდების პირველ ურთიერთშეხვედრაში მოიპოვა 1971/72 წლების სეზონის თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში. მერსესაიდში უგოლო ფრის შემდეგ "ბაიერნმა" სახლში გერდ მიულერის დუბლითა და ული ჰიონესის გოლით 3:1 იმარჯვა.
მერსესაიდული გრანდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობს - 5 მოგება და 1 მარცხი. გამონაკლისი 2005/06 წლების სეზონში დაფიქსირდა, როდესაც მოქმედი ჩემპიონები გათამაშებას ლისაბონის "ბენფიკამ" გამოთიშა.
მერსესაიდულ გრანდს გერმანული კლუბების წინააღმდეგ ორმატჩიან დუელებში ფანტასტიკური მაჩვენებელი აქვს: 14 მოგება და მხოლოდ ორი მარცხი.
"ლივერპულს" გერმანულ გუნდებთან საკუთარ მოედანზე ზედიზედ 6 შეხვედრა აქვს მოგებული და 17 საშინაო მატჩიდან 14 გამარჯვებით აქვს დასრულებული.
"წითლებს" ბუნდესლიგის გუნდების წინააღმდეგ 8 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია (6 მოგება, 2 ფრე) აქვთ.
მიუნხენური გრანდი კი მერვედფინალურ ეტაპზე მე-15-დ ასპარეზობს, სტატისტიკა დადებითია: 11 მოგება, 3 წაგება.
"ბაიერნს" პრემიერ ლიგის გუნდების წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო სამ შეხვედრაში სულ 15 ბურთი აქვს გატანილი.
"რეკორდმაისტერი" ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ფლეი-ოფის სტადიაზე ასევე წარმატებით ასპარეზობს: 10 მოგება, 5 მარცხი. "ბაიერნს" პრემიერ ლიგის გუნდებთან ბოლო 5 ორთაბრძოლა აქვს მოგებული.
მიუნხენურ კლუბს ევროთასებზე 8 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს გასვლაზე - 6 მოგება, 2 ფრე. ამ პერიოდში "ბაიერნს" სტუმრად თამაშში მინიმუმ ორი ბურთი მაინც გააქვს.
იურგენ კლოპი 2001-08 წლებში "მაინცს", ხოლო 2008-15 წლებში დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელობდა. მისი საერთო სტატისტიკა "ბაიერნის" წინააღმდეგ ასეთია - 9 მოგება, 4 ფრე და 10 წაგება.
ხერდან შაქირი თავის ყოფილ კლუბს უპირისპირდება. 27 წლის შვეიცარიელი "ბაიერნის" ღირსებას 2012-15 წლებში იცავდა და 81 თამაშში 17 გოლის გატანა მოახერხა.


20-02-2019, 13:21
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0