მიუნხენის "ბაიერნი" ედუარდო კამავინგას შესაძენად თანხას აგროვებს.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერს" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენა გადაწყვეტილი აქვს და საამისოდ მუშაობაც დაწყებულია.
წყაროს ცნობით, უკვე გადაწყვეტილია, რომ კლუბს კორენტინ ტოლისო დატოვებს. ფეხბურთელის გაყიდვას ტრავმამდე 30 მილიონ ევროდ ვარაუდობდნენ, თუმცა, უცნობია მძიმე დაზიანების შემდეგ როგორ შეიცვლება მისი ფასი.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის გაყიდვასაც "ბაიერნი" აპირებს ნიკლას ზულეა. გერმანელ მცველს კლუბთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და მხარეები ახლის გაფორმებაზე ვერ თანხმდებიან. დიდი ალბათობით, მიუნხენელები მას ზაფხულში 25 მილიონ ევროდ შეელევიან.
შეგახსენებთ, რომ "რენი" კამავინგას 80 მილიონ ევროდ აფასებს და მისი შეძენა მადრიდის "რეალსაც" სურს.