გერმანიის ნაკრების კაპიტანმა მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ მისი მიზანი 2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონობაა, ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი კი ბუნდესგუნდის მუნდიალზე ფავორიტობასთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი.
“გუნდის ხარისხის მხრივ ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ ჩემი აზრით, გერმანიის ნაკრებს არ ჰყავს სხვა ტოპ-ნაკრებებზე ბევრად უკეთესი გუნდი,” - განაცხადა კლოპმა RTL-თან ინტერვიუში.
ლივერპულის 54 წლის დამრიგებელს მიაჩნია, რომ გერმანიის ნაკრებს განსაკუთრებით თავდასხმაში უჭირს - უფრო კონკრეტულად კი, ცენტრფორვარდის პოზიციაზე:
“მაგალითად, ინგლისს მინიმუმ 7 ისეთი კლასიკური ცენტრფორვარდი ჰყავს, რომლებსაც ინგლისის ნაკრებში თამაში შეუძლიათ. ჩვენ რატომ არ გვყავს? ფაქტია, რომ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გვიჭირს. როგორმე ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. გვყავს რამდენიმე ბიჭი, რომლებიც ცუდად არ თამაშობენ და კარგად დარბიან - ესაა და ეს. კარგი იქნება, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში გვყავდეს რამდენიმე კლასიკური ცენტრფორვარდი.”
ხსენებულ ინტერვიუში კლოპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა ჯერჯერობით დაგეგმილი არ აქვს.