დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში გერმანიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა:
"ესპანეთი სისტემური ნაკრებია, რომელიც თავისი ფილოსოფიით თამაშობს. ამის საპირისპიროდ, ჩვენ გვაქვს გეგმა და იმედი გვაქვს, რომ მათ დამარცხებას მოვახერხებთ. ლუის ენრიკეს ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, სადაც არაერთი უმაღლესი დონის მოთამაშეს ვხვდებით, ენრიკეს ძალიან ვაფასებ. ჩვენი ხვალინდელი მეტოქის საოცარ შემადგენლობაზე ისიც მეტყველებს, რომ მათ ტიაგო ალკანტარა მუნდიალის მიღმა დატოვეს. ესპანეთთან სუპერ მატჩს ველით, ეს ის შეხვედრა იქნება, რის გამოც ფეხბურთი გვიყვარს
ზუსტად ვიცით, თუ როგორ გვსურს ჩვენი ქვეყნის წარმოჩენა და თამაში. წინა შეხვედრაში ბევრი ექსტრემალური შეცდომა დავუშვით, რამაც შედეგზე ჩვენს საწინააღმდეგოდ იმოქმედა. რასაკვირველია, წინა ორ ტურნირზე კარგად ვერ ვითამაშეთ და არ გვინდა, რომ მსგავსად გავაგრძელოთ, ჩვენ სიტუაციის გამოსწორება გვსურს. ჩვენთვის, ხვალინდელი შეხვედრა ფინალის ტოლფასია", - განაცხადა ფლიკმა.