მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა და ჰარი კეინის ტრანსფერზე ისაუბრა. გერმანელმა სპეციალისტმა ღიად აღიარა, რომ ინგლისელი ფორვარდის მიუნხენში ჩაყვანა იოლი პროცესი არ ყოფილა და კლუბის შიგნით გარკვეული წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია. ტუხელის თქმით, ის დღემდე ბედნიერია, რომ საკუთარ პოზიციაზე მყარად დადგა და კეინის ტრანსფერი ბოლომდე მიიყვანა.
„როდესაც ბაიერნში ვიყავი, დღემდე მიხარია, რომ ბოლომდე ვიბრძოლე მისი მიუნხენის ბაიერნში მოსაყვანად, ზოგიერთი სხვა მოსაზრების წინააღმდეგ“ - განაცხადა ტუხელმა.
კეინი მიუნხენურ გრანდს 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა და გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. როგორც ტუხელის სიტყვებიდან ირკვევა, რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობაში ყველას არ სჯეროდა ამ ტრანსფერისა და მწვრთნელს საკმაოდ სერიოზული შიდა ბრძოლის გადატანა დასჭირდა მიზნის მისაღწევად.