მას შემდგომ, რაც დადასტურდა, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გერმანიის ნაკრებს იოახიმ ლიოვი დატოვებს, არ წყდება საუბრები მის შემცვლელთან დაკავშირებით. ერთ-ერთ კანდიდატად ჰანს ფლიკი განიხილება.
როგორც ჩანს, მიუნხენის "ბაიერნს" მოვლენათა მსგავსი განვითარება უკვე წარმოდგენილი აქვს და შესაბამისად, კლუბში ფლიკის პოტენციური შემცვლელიც არჩეული ჰყავთ.
წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ 56 წლის სპეციალისტი "რეკორდმაისტერის" რიგებს დატოვებს და ბუნდესნაკრებს შეუერთდება, მის ნაცვლად კლუბში იულიან ნაგელსმანი მოვა.
ჰასან სალიჰამიჯიჩსა და ზოგადად კლუბს ახალგაზრდა მწვრთნელი უკვე დიდი ხანია, რაც მიზანში ჰყავთ ამოღებული.
ნაგელსმანს "ლაიფციგთან" ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წელს ეწურება და უცნობია, რამდენად დათანხმდება "ბაიერნის" წინადადებას.