ბოლო პერიოდში სატრანსფერო ფანჯარაზე მიუნხენის ბაიერნის სახელი გამოკვეთილად ორ ფეხბურთელს დაუკავშირდა, ესენი ნიკო უილიამსი და ნიკ ვოლტემადე არიან.
პირველი მათგანის შეძენა გაცილებით უფრო რთულ საკითხს წარმოადგენს, ვიდრე ეს ვოლტემადეს შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. საქმე ისაა, რომ უილიამსის სურვილი ბარსელონაში თამაშია, თუმცა ყველაფერი ასე იოლად არაა. ესპანელი ფეხბურთელი და მისი აგენტი კატალონიელებს სარეგისტრაციო გარანტიებს სთხოვენ, რათა პროცესი ისე არ გაჭიანურდეს, როგორც ეს დანი ოლმოს შემთხვევაში მოხდა.
თავის მხრივ, თუ ნიკო უილიამსი ბარსელონას პასუხს ძალიან დაუგვიანებს, მაშინ კლუბი ახალი ვარიანტების ძიებაზე გადაერთვება, რასაც ფაბრიციო რომანო ადასტურებს. სწორედ ეს არის სიტუაცია, სადაც ბაიერნს შეუძლია სარგებლობა, რომელიც მზადაა ნიკოს გამოსასყიდი 62 მილიონი ევრო უპრობლემოდ გადაიხადოს და ფეხბურთელს სრული გარანტიებიც მისცეს.
რაც შეეხება ნიკ ვოლტემადეს, ბოლო ინფორმაციით შტუტგარტმა მასში 100 მილიონი ევრო მოითხოვა, ბაიერნი კი მხოლოდ ნახევრის გადახდას თანხმდება. სხვათა შორის, ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი წერს, რომ შტუტგარტს ამხელა გადასახადი სინამდვილეში არ მოუთხოვია და ფასი გაზვიადებულია, რაც ბაიერნის შანსებს ერთიორად ზრდის.
მაშ ასე, ჩნდება კარგი შანსი, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე ბაიერნმა ნიკოს და ნიკის დუეტი ერთბაშად გაიფორმოს!