ბოლო დღეებში ჩავი სიმონსის ტრანსფერი ყველაზე მეტად ლონდონის ჩელსის დაუკავშირეს, რომელიც სატრანსფერო ფანჯარაზე საოცრად აქტიურია და გამორჩეულ კოლექტივს უყრის თავს.
მიუხედავად ჩელსის სიახლოვისა ფეხბურთელთან, ჩავის ტრანსფერით მიუნხენის ბაიერნიცაა დაინტერესებული, რომელსაც ძალიან მოსწონს ის ფაქტი, რომ ნიდერლანდელს ბუნდესლიგაში თამაშის კარგი გამოცდილება აქვს და თავად ფეხბურთელის მონაცემებიც სრულად ერგება ჯამალ მუსიალას სათამაშო პოზიციას, რისი შევსებაც კლუბისთვის ახლა უმნიშვნელოვანესია.
მაგრამ რას აკეთებს ბაიერნი სიმონსის დასაინტერესებლად? - პრაქტიკულად, არც არაფერს. გერმანული მედია ირწმუნება, რომ ყველაფრის თავი და თავი მაქს ებერლია, რომელიც ტრანსფერზე ყოყმანობს და დამაჯერებელი ნაბიჯების გადადგმა უბრალოდ არ შეუძლია.
თავის მხრივ, ლაიფციგი მშვიდადაა და წნეხს სულ არ გრძნობს იმის გამო, რომ სიმონსი წასვლას აპირებს.
რაც შეეხება ფასს, კლუბი ფეხბურთელს დაახლოებით 70 მილიონ ევროს აფასებს, რაც, შესაძლოა, ებერლის სიყოყმანის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია.