გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრა მიუნხენის "ბაიერნსა" და "პადერბორნს" შორის ტრაგიკულმა ამბავმა გადაფარა.
უხვგოლიანი და დაძაბული შეხვედრის (3:2) შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე შეუძლოდ გახდა 14 თვის პატარა გოგონა, რომელიც უმალვე მიუნხენის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, ბავშვი გარდაიცვალა.
გოგონა "პადერბორნის" 25 წლის თავდამსხმელის, სტრელი მამბას, დისშვილი აღმოჩნდა.
მიუნხენური გრანდის ოფიციალური პრესსამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ: "გუშინ "ალიანს არენაზე" ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტი მოხდა - სტადიონზე 14 თვის გოგონა გარდაიცვალა.
სწრაფი დახმარების რამდენიმე მცდელობის შემდეგ გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. გოგონა "პადერბორნის" მოთამაშის, სტრელი მამბას, დისშვილი იყო.
სრულიად მიუნხენის "ბაიერნი" გამოთქვამს ღრმა მწუხარებას და უსამძიმრებს გოგონას ოჯახს".