მადრიდის რეალთან გამართული მატჩის შემდეგ, სადაც მანუელ ნოიერმა ფენომენალური თამაში აჩვენა, გერმანულ ფეხბურთში კვლავ დაიწყო მსჯელობა მისი ნაკრებში დაბრუნების შესახებ. ლეგენდარული ლოთარ მათეუსი მიიჩნევს, რომ ნოიერი დღესაც საუკეთესოა, თუმცა იულიან ნაგელსმანთან არსებული ძველი კონფლიქტი ამ დაბრუნებას გამორიცხავს.
მათეუსმა ნოიერის ფორმა აღფრთოვანებით შეაფასა:
„ნოიერის ეს ვერსია მსოფლიო კლასისაა. ის ნამდვილად იმსახურებს ეროვნულ გუნდში ყოფნას. იმედი მაქვს, ნაგელსმანმა ამ თამაშს უყურა. ძალიან მინდა მანუელის ამ ფორმაში ნახვა მსოფლიო ჩემპიონატზე.“
„თუმცა ვიცი, რომ ეს არ მოხდება. იულიან ნაგელსმანი ამ კარს არ გახსნის. სწორედ ამიტომ, მანუელის სიტყვები ნაკრებიდან წასვლის შესახებ უცვლელი დარჩება.“
შეგახსენებთ, რომ ნაგელსმანსა და ნოიერს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ ბაიერნში დაიძაბა. მაშინ მწვრთნელმა გუნდიდან მეკარეების მწვრთნელი და ნოიერის ახლო მეგობარი, ტონი ტაპალოვიჩი დაითხოვა, რაც კაპიტანმა დიდ ღალატად აღიქვა. მას შემდეგ მათ შორის ცივი და დაძაბული ურთიერთობა ნარჩუნდება.