მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ, ოლივერ კანმა, თავისი მემკვიდრის, მანუელ ნოიერის კარიერულ მომავალზე ისაუბრა.
კანის აზრით, ნოიერი ახლა იმ წერტილშია, სადაც კარიერის დასრულება ყველაზე ლოგიკური და სწორი ნაბიჯი იქნებოდა. ტიტანის თქმით, ნოიერისთვის იდეალური სცენარი მიუნხენურ გრანდთან ერთად სეზონის ტრიუმფით დასრულება და წასვლაა:
„განა ახლა არ არის იდეალური დრო, რომ ბაიერნთან ერთად ბოლოჯერ მოიგო ყველა თასი და წახვიდე ყველაზე მაღალი წერტილიდან?“
მისი თქმით, თუ მანუელი ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგას მესამედ მოიგებს, ეს იქნება უმაღლესი მწვერვალი, რომლის შემდეგაც „მორჩა“-ს თქმა ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნება.
ოლივერ კანი დარწმუნებულია, რომ ნოიერი სწორედ ამ ფიქრებშია და დასძინა, რომ სპორტსმენისთვის ყველაზე დიდი ხელოვნება სწორედ საჭირო დროს წასვლაა.