მიუნხენის ბაიერნისა და შტუტგარტის მატჩის დაწყებამდე, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. გულშემატკივრებს შორის მომხდარი მასობრივი დაპირისპირება ნამდვილ ქაოსში გადაიზარდა.
თვითმხილველების ცნობით, შტუტგარტის ნიღბიანმა გულშემატკივრებმა მეტროდან სტადიონისკენ გაირბინეს და მიზანმიმართულად დაესხნენ თავს ბაიერნის ულტრასების შეკრების ადგილს. ბავარიელთა ასობით ფანმა, რომელთა ნაწილი ასევე ნიღბიანი იყო, საპასუხო იერიში მიიტანა, რასაც სასტიკი ფიზიკური შეტაკებები მოჰყვა.
ვითარების განსამუხტავად სამართალდამცავებმა დიდი ძალების მობილიზება მოახდინეს. პოლიციამ გამოიყენა ხელკეტები და წიწაკის სპრეი. ასობით ოფიცერი იყო ჩართული პროცესში, რათა სიტუაცია კონტროლის ქვეშ დაებრუნებინათ. ამ დროისთვის გულშემატკივართა დიდი ჯგუფი პოლიციის ალყაშია მოქცეული.
პირველადი ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად რამდენიმე პოლიციელმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. სტადიონის გარშემო უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურ დონეზეა აყვანილი.