მანჩესტერ სიტის თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ, თავისი ყოფილი კაპიტნის, ვინსენტ კომპანის მიერ ბაიერნში მიღწეულ წარმატებასა და მის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
პეპმა მიუნხენელებს ბუნდესლიგის მოგება მიულოცა და გუნდის სტილი შეაქო:
„რა თქმა უნდა, ვულოცავ ვინის და ბაიერნს. ისინი აჩვენებენ უმაღლესი ხარისხის და სანახაობრივ ფეხბურთს, ბევრი გოლითა და საინტერესო მომენტებით. ვიცი, რომ მიუნხენში ხალხი ბედნიერია - მათ ბუნდესლიგა კიდევ ერთხელ მოიგეს. ვულოცავ მთელ ორგანიზაციას და წარმატებებს ვუსურვებ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.“
გვარდიოლას ჰკითხეს, ხედავს თუ არა კომპანის თავის შემცვლელად ინგლისურ კლუბში. პეპმა დაადასტურა, რომ ამაზე ჯერ კიდევ მაშინ ფიქრობდა, როცა ბელგიელი ბერნლის წვრთნიდა:
„ეს დიდი ხნის წინ ვთქვი. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბერნლის წინააღმდეგ ვითამაშეთ, დავინახე მისი მუშაობა და ვთქვი, რომ ეს ბიჭი ადრე თუ გვიან ჩვენი მწვრთნელი გახდება. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და წინ მინიმუმ კიდევ ორი წელი აქვს მიუნხენში. თუმცა, მაქვს გრძნობა, რომ თუ ის და ბაიერნი ოდესმე დაშორებას გადაწყვეტენ და ვინი ინგლისში დაბრუნდება, მანჩესტერი მის გულსა და გონებაში იქნება. იმედი მაქვს, მათი გზები ოდესმე გადაიკვეთება.“