მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა მეკარემ და ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმა, ვენსან კომპანის სათამაშო ფილოსოფიის სუსტ წერტილებზე ისაუბრა. კანის თქმით, ბოლო კვირებმა ნათლად აჩვენა, რომ კომპანის სისტემა უდიდეს რისკებს შეიცავს და როგორც კი გუნდი კონტროლს მცირედით მაინც კარგავს, მისი დაუცველობა მაშინვე თვალსაჩინო ხდება. სწორედ ეს მოხდა პსჟ-სთან მატჩშიც, სადაც გუნდმა წონასწორობა სულ რამდენიმე წუთში დაკარგა.
კანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველთვის შეუძლებელია ოთხი გოლის გატანა მაშინ, როცა საკუთარ კარში ორს ან სამს უშვებ. მისი აზრით, თანამედროვე ფეხბურთი არ ნიშნავს ერთი კონკრეტული სისტემისადმი ბრმა ერთგულებას.
„მთავარია გქონდეს გეგმა B და შეგეძლოს მოედანზე სხვადასხვა იდეების განხორციელება. როცა სისტემა კონტროლს კარგავს, გუნდი დაუცველი ხდება და პარიზელებთან ზუსტად ეს ვიხილეთ“ - განაცხადა კანმა. ლეგენდარული მეკარე მიიჩნევს, რომ ბაიერნს ტაქტიკური მოქნილობა აკლია, რაც გადამწყვეტ მომენტებში გუნდს ძვირად უჯდება.