მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველმა, ლეონ გორეცკამ, მატჩის პირველ ტაიმში კულიერაკისის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ თავის არეში ძლიერი დარტყმა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა ტაიმის ბოლომდე თამაში შეძლო, შესვენებაზე მისი შეცვლა გახდა საჭირო.
კრისტოფ ფროინდის განცხადებით, გორეცკამ გასახდელში თავბრუსხვევა იგრძნო: „საჯარიმოს დროს მან თავში ძალიან ძლიერი დარტყმა მიიღო. თავიდან თავს კარგად გრძნობდა, თუმცა შესვენებაზე თქვა, რომ თავბრუ ეხვეოდა და თავს ბოლომდე კარგად ვერ გრძნობდა. ამიტომ, სიფრთხილის მიზნით გადავწყვიტეთ, რომ ის გასახდელში დარჩენილიყო“, — აღნიშნა სპორტულმა დირექტორმა. ამ ეტაპზე ფეხბურთელი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშაა, რათა გამოირიცხოს ტვინის შერყევა.