მიუნხენის ბაიერნისთვის ნახევარდაცვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჰერტას ახალგაზრდა ვარსკვლავი, კენეტ აიხჰორნია. თუმცა, მიუნხენელებს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ - მანჩესტერ სიტი ტრანსფერზე უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. საქმეში პირადად პეპ გვარდიოლაა ჩართული, რომელსაც გერმანელი ნახევარმცველის თავის გუნდში ხილვა სურს.
ინგლისური კლუბის გეგმა საკმაოდ საინტერესოა: მათ სურთ აიხჰორნის გამოსყიდვა და შემდეგ მისი იჯარით ლევერკუზენში გაშვება, რათა ფეხბურთელმა ბუნდესლიგაში სათამაშო პრაქტიკა მიიღოს. აიხჰორნის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა მხოლოდ 10-12 მილიონ ევროს შეადგენს, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ბაიერნის, სიტისა და ლევერკუზენის გარდა, მოთამაშეს დორტმუნდი და ლაიფციგიც აკვირდებიან. თავად ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.