ინგლისისა და განის მოახლოებული მატჩის წინ, საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მოედანს მიღმა განვითარებულმა მისტიკურმა მოვლენებმა მიიპყრო. ცნობილმა განელმა შამანმა და ჯადოქარმა, ნანა კვეკუ ბონსამმა საჯაროდ განაცხადა, რომ სამშაბათის დაპირისპირების წინ ინგლისელთა კაპიტნის, ჰარი კეინის დაწყევლას გეგმავს.
ბონსამის მტკიცებით, მას უკვე მზად აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა შეზღუდოს მოედანზე ბაიერნის თავდამსხმელი. ჯადოქარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფეხბურთელისთვის მძიმე და სერიოზული დაზიანება არ ემეტება, თუმცა მის წინააღმდეგ მიმართული მაგია სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ კეინმა განის ნაკრებს პრობლემები ვერ შეუქმნას.
„ახლა ჰარი კეინზე ვმუშაობ. წარსულშიც დავამტკიცე, რისი გაკეთება შემიძლია და ზუსტად ვიცი, რა არის საჭირო მისი ეფექტურობის დასაკარგად. ჩემს საქმეს ბოლომდე შევასრულებ, რათა ჩემს სამშობლოს გამარჯვებაში დავეხმარო.” - ციტირებს შამანის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა Daily Star.