გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა მეკარემ, ოლივერ კანმა, მუნდიალიდან ბუნდესნაკრების მორიგი სკანდალური გამოვარდნა მკაცრად შეაჯამა. კანი მიიჩნევს, რომ პრობლემა მწვრთნელებში ან ტალანტის ნაკლებობაში არ არის და კრიზისი ბევრად უფრო ღრმაა.
ლეგენდარულმა გერმანელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სამმა სხვადასხვა მწვრთნელმა - იოახიმ ლიოვმა, ჰანსი ფლიკმა და იულიან ნაგელსმანმა - ერთი და იგივე შედეგი აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახეების შეცვლა რეალურ პრობლემას ვერ აგვარებს. კანის თქმით, ნაკრების კრახი პენალტების სერიის დროს ერთმა კონკრეტულმა ეპიზოდმა იდეალურად ასახა:
„ერთი სცენა ამ გამოვარდნაზე იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე ნებისმიერი სტატისტიკა. როდესაც პენალტების სერია მეხუთე დამრტყმელს გასცდა, ჩანდა, როგორ ეძებდა კიმიხი მსურველებს. ჩემთვის ეს იყო ყველაზე მრავლისმეტყველი მომენტი. ტოპ გუნდი ასეთ დროს მოხალისეებს არ ეძებს - მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც თავად ითხოვენ ბურთს. გერმანიას ტალანტის პრობლემა არ აქვს, ამ გუნდში განსაკუთრებული მოთამაშეები არიან. მათ აკლიათ თავდაჯერებულობა, რომ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. ვინც ამას არ აკეთებს, შესაძლოა საკუთარ თავს მარცხისგან იცავს, მაგრამ ამავდროულად კარგავს შანსს, დაწეროს ისტორია.
ჩვენ ახლა იმაზე ვკამათობთ, ვინ უნდა წავიდეს და იმედებს შემდეგ მხსნელზე ვამყარებთ, ნაცვლად იმისა, რომ ვიკითხოთ, რატომ ვიმეორებთ ერთსა და იმავე შეცდომას წლების განმავლობაში. ვცვლით სახეებს და ამას ცვლილებას ვუწოდებთ, თუმცა გავურბივართ მთავარ კითხვას: კვლავ მზად ვართ გადავიხადოთ ის ფასი, რასაც ელიტარული დონის თამაში ყოველთვის მოითხოვდა? ტალანტს მსოფლიო ჩემპიონატზე მიჰყავხარ, ხოლო პასუხისმგებლობა განსაზღვრავს იმას, თუ რამდენ ხანს დარჩები იქ“ - განაცხადა კანმა.