მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ მიუნხენის "ბაიერნმა" ჰანს ფლიკმა 2023 წლამდე გაუფორმა კონტრაქტი. ამ შეთანხმებამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოკვეთა, მათ შორის სამომავლო ტრანსფერები.
იანვრიდან მოყოლებული აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ფლიკი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაახანგრძლივებდა კონტრაქტს, თუ მას სატრანსფერო ბაზარზე არჩევანის თავისუფლება ექნებოდა და როგორც ჩანს, "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა მის ამ სურვილს დათანხმდა.
შედეგად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მინიმუმ ორ ხმაურიან ტრანსფერს უნდა ველოდოთ ტიმო ვერნერისა და კაი ჰავერცის სახით.
ორივე ფეხბურთელი 55 წლის სპეციალისტის მთავარი სამიზნეა და მის დამატებას საკმაოდ დიდი ხანია ითხოვს. ორივე ფეხბურთელი იდეალურად ერგება ფლიკის ფილოსოფიას და გარდა ამისა, მათი საერთო სატრანსფერო ღირებულება 150 მილიონ ევროს არ აღემატება. ეს ყველაფერი კი მათი ტრანსფერის ალბათობას ზრდის.
რაც შეეხება ლეროი სანეს მიუნხენში გადმობარგებას. დიდი ალბათობით, ეს ტრანსფერი აღარ შედგება. 24 წლის გერმანელი დისციპლინის იდეალური დაცვით არ გამოირჩევა, მსგავსი ტიპის ფეხბურთელები კი ფლიკს არ მოსწონს. გარდა ამისა, როგორც უკვე ვახსენეთ მისი პრიორიტეტი ზემოხსენებული ორი ფეხბურთელის დამატებაა. ამ შემთხვევაში კი "ბაიერნს" დამატებით კიდევ 80-100 მილიონი ევროს გადახდა ძალიან გაუჭირდება.