მიუნხენის "ბაიერნმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი სეზონიდან საფრანგეთის ეროვნული ნაკრების უნივერსალური მცველი, ლუკა ერნანდესი, "რეკორდმაისტერის" ღირსებას დაიცავს.
გერმანული გრანდის ოფიციალური ვებ-საიტის უწყებით, ლუკა მიუნხენურ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო მის სანაცვლოდ მადრიდის "ატლეტიკოს" 80 მილიონ ევროს გადაუხდის.
"ძალიან ბედნიერი ვარ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველის დამატებით. ლუკა მსოფლიო ჩემპიონია.
მას ორ პოზიციაზე შეუძლია მოქმედება: დაცვის ცენტრსა და მარცხენა ფრთაზე. ლუკა ჩვენს გუნდში ფრანგი ფეხბურთელების წარმატებული გამოსვლის ტრადიციას გააგრძელებს და გუნდს განავითარებს", - განაცხადა "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა.
23 წლის ლუკა ერნანდესი მადრიდის "ატლეტიკოს" აღზრდილია და პირველ გუნდში 2014 წლიდან ირიცხება.
ერნანდესმა "როხიბლანკოს" მაისურით სულ 110 თამაში ჩაატარა და 1 ბურთის გატანა მოახერხა.
ერნანდესი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების ძირითადი მარცხენა მცველი იყო და მსოფლიო თასის ტიტულიც მოიპოვა.