2019/20 წლების სეზონი მიუნხენის "ბაიერნის" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა. გუნდმა ტრებლის გაფორმება მოახერხა. თუმცა, სეზონის სტარტზე ამას ძალიან ცოტა თუ წარმოიდგენდა.
ნიკო კოვაჩის ხელმძღვანელობით "რეკორდმაისტერი" უსახურ ფეხბურთს აჩვენებდა და შედეგებიც არასახარბიელო იყო. ცვლილებების დრო მოვიდა. "აინტრახტთან" განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ კლუბმა ხორვატი სპეციალისტი დაითხოვა და მის ნაცვლად თანაშემწე ჰანს ფლიკი დაინიშნა დროებით, თუმცა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, გრძელი ვადით.
ფლიკმა გუნდში გარდატეხა შეიტანა. მან დააბრუნა ძველი მიულერი, მისცა ახალგაზრდა მოთამაშეებს შანსი, დაუბრუნდა "ბაიერნს" რწმენა და ა.შ. გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, 55 წლის სპეციალისტის ასეთ წარმატებაში უდიდესი როლი იუპ ჰაინკესმა ითამაშა.
წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერის" ლეგენდარული დამრიგებელი გახლდათ პირველი, რომელმაც მესვეურებს ჰანს ფლიკის აყვანა ურჩია. იგი თავიდანვე ხედავდა ფლიკში დიდ პოტენციალს და შესაბამისად, ყველაფერი გააკეთა მის დასანიშნად.
გარდა ამისა, "დორტმუნდთან" თამაშამდე, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ფლიკის კარიერაში, ჰაინკესმა პირადად დაურეკა მას და ანერვიულებული ჰანსი დააწყნარა: "არ იდარდო, შენ 3:0 ან 4:0-ს მოიგებ, მე გიცნობ შენც და "ბაიერნსაც". - სწორედ ამ სიტყვებით მიმართა იუპმა ფლიკს. საბოლოოდ "რეკორდმაისტერმა" მართლაც 4:0 იმარჯვა, რაც უდიდესი გზის დასაწყისი გახდა.