"გადატარებები, ფინტები - ეს არ არის ფეხბურთი. ფეხბურთი არის ის, რასაც თომას მიულერი აკეთებს. ჩემი შვილი რომ ახლა თამაშობდეს, ვეტყოდი: "მაგალითი რიბერისა და მიულერისგან აიღე". და რას აკეთებენ რონალდუ და მესი...ისინი უბრალოდ ჯადოქრები არიან. არ ცადოთ მათი მიბაძვა. უკეთესია ითამაშოთ რიბერისა და მიულერის მსგავსად", - ეს სიტყვები ლეგენდარულ ფრანგ თავდამსხმელს, ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშეს, ტიერი ანრის, ეკუთვნის.
რა ხდის ფეხბურთელს განსაკუთრებულს ? მისი დრიბლინგი ? სისასტიკე მეტოქის კართან ? თამაშის ხედვა და ინტელექტი ? მისი ტემპი და სისწრაფე ? ამ კითხვის პასუხი თომას მიულერია!
თომასი ბავშვობიდან იმედისმომცემი და საკმაოდ პერსპექტიული მოთამაშე იყო. სერ ალექს ფერგიუსონმა აღიარა, რომ ახალგაზრდა მიულერის ვერ გადაბირებას ძალიან ნანობს.
"თომასი 10 წლის ბავშვი იყო, რომელიც მიუნხენიდან რამდენიმე მილში თამაშობდა. მას დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით, მაგრამ თომასმა გადაწყვიტა, რომ კარიერა "ბაიერნისთვის" მიეძღვნა", - იხსენებს ლეგენდარული შოტლანდიელი.
2007/08 წლების სეზონში თომასმა ნამდვილი გარღვევა განახორციელა და 26 თამაშში 18 გოლის გატანა მოახერხა. სწორედ ასე მიიქცია მან "ბაიერნის" მაშინდელი თავკაცის, იურგენ კლინსმანის, ყურადღება.
"როდესაც დამირეკა ყურმილი არ ავიღე, მაგრამ როდესაც ხმოვან შეტყობინებას მოვუსმინე დავრწმუნდი, რომ ის თვით იურგენ კლინსმანი იყო", - იხსენებს ახალგაზრდა თომასი.
ორი წლის შემდეგ "ბაიერნი" გენიალურმა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, ლუი ვან გაალმა, ჩაიბარა და ახალგაზრდა გერმანელის ტალანტი უმალ დაინახა. ლუიმ თომასს სრული ნდობა გამოუცხადა, გუნდის უცვლელ ფიგურად აქცია და სეზონის ყველა თამაშში მიაღებინა მონაწილეობა. ვან გაალისთვის მიულერისადმი სიყვარული და ნდობა სულაც არ იყო უჩვეულო. ვან გაალის ლეგენდარული "აიაქსი", რომელმაც ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობით მოიგო ჩემპიონთა ლიგა 1995 წელს, სწორედ სივრცის ათვისებით, ბურთის გარეშე გონივრული გადაადგილებით, თავდამსხმელების უკან დახმარებით გამოირჩეოდა. ჰოლანდიელისთვის დრიბლინგი ბურთის დაკარგვის საშიშროებას წარმოადგენდა, ამიტომაც თომასმა მისი იმედები სრულიად გაამართლა: 13 გოლი, 10 ასისტი, "ბაიერნმა" მოიგო ბუნდესლიგა და გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგაზე კი 9 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გავიდა ფინალში, იქ კი საკმაოდ ძლიერ მილანის "ინტერთან" დამარცხდა (0:2).
"თომას მიულერი ჩემს გუნდში ყოველთვის ითამაშებს", - ამბობდა ლუი ვან გაალი, რომელიც დღემდე მიულერის კარიერაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან მწვრთნელად რჩება.
20 წლის მიულერი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. იმავე წელს თომასმა სამხრეთ აფრიკის მუნდიალზეც გაიბრწყინა - გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე. გერმანიის ნაკრები 1/2 ფინალში მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან 0:1 დამარცხდა, თომასმა კი ტურნირი 5 გოლით, 3 ასისტით და საბოლოოდ, ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
მიულერის ეფექტი საკმაოდ მარტივია - სწრაფი გადაცემები წინ, ზუსტი ჩაწოდებები. და შეხება, დროული ჩარბენები და იდეალური დაგვირგვინება - ის მოედანზე შესაძლოა არ იყოს შესამჩნევი, მაგრამ ყველაზე საჭირო მომენტში გადამწყვეტი როლი შეასრულოს.
"ასეთი ტიპის მოთამაშეს ევროპაში ვერსად იპოვით!", - ამბობდა მიულერზე თვით ჰერ იუპ ჰაინკესი.
2013 წელს ტრიუმფალური "ბაიერნი" ესპანელმა სპეციალისტმა, პეპ გვარდიოლამ, ჩაიბარა და ყველა ელოდა, რომ თომასი ბურთის ფლობის "მანიაკ" და ტექნიკური მოთამაშეების მოტრფიალე გვარდიოლას მსხვერპლი გახდებოდა. ერთი შეხედვით, მიულერი გვარდიოლას სტილში არ ჯდება, მაგრამ ნურას უკაცრავად...გვარდიოლას თამაშისა და ფილოსოფიის მთავარი იარაღი დრიბლინგი და სისწრაფე სულაც არაა, მთავარი პოზიციური თამაშია, რაშიც მიულერი იდეალურია. თომას მიულერმა გვარდიოლას ეპოქაში თამაშების 90%-ში მიიღო მონაწილეობა, გუნდის წამყვანი ფიგურა იყო და ძალიან ბევრი გოლიც გაიტანა. ის თანაგუნდელებს პრესინგში ეხმარებოდა და საგოლე გადაცემებისთვის თავისუფალ სივრცეებს ათავისუფლებდა.
"ბოლო 2 წლის განმავლობაში "ბაიერნში" მიულერმა ყველაზე მეტჯერ დაკარგა ბურთი, ის არ გამოირჩევა დრიბლინგით, სისწრაფით და სამუშაო აქვს დარტყმებზე. მას უყვარს პრესინგი და ამას ხშირად აკეთებს. ყველაფრის მიუხედავად, თომასი არანორმალურად ნიჭიერი, გამორჩეული ფეხბურთელია", - ასე ახასიათებს თომასს პეპი.
გვარდიოლას "ბაიერნის" ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე სწორედ მიულერი იყო. შესაძლოა თომასს არ აქვს ინიესტას ინტელექტი და მესის ტექნიკა, მაგრამ მისი გადაადგილებები, თამაშის ხედვა და თანაგუნდელებისთვის სარგებელი უპირველესი იყო.
"თომასმა ყოველთვის იცოდა სად ვიმყოფებოდი, სად ვიმოძრავებდი და სად ვიქნებოდი. ჩვენ მოედანზე საუბარი არ გვჭირდება, ისედაც იდეალურად გვესმის ერთმანეთის", - აღნიშნა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელთანაც მიულერს ფენომენალური თანდემი ჰქონდა მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარში.
"ყოველთვის უნდა მოახდინო ადაპტაცია და ფეხბურთში იპოვო საკუთარი როლი. ყოველთვის ვიცოდი, რომ არასოდეს მაქვს შანსი სწრაფი მცველების წინააღმდეგ, ამიტომაც მოედანზე ასეთი სიტუაციები თავიდან უნდა ავირიდო. ყოველთვის უნდა ცადო, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდე", - აცხადებს თავად თომას მიულერი.
"სიტისა" და "ლიონის" თამაშმა დაამტკიცა, რომ მიულერი მართალია. "ველური, ველური დასავლეთი" - ამ სიტყვებით შეაფასა მიულერმა გვარდიოლას გუნდიდან წასვლა. ამის შემდეგ იყო კიდევ ერთი გენიოსი - იტალიელი კარლო ანჩელოტი, რომელიც მიულერს დიდ პატივს სცემდა, მაგრამ სწორედ კარლო გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც მიულერს ვერ გაუგო. იტალიელ სპეციალისტთან თომასმა ვერ გამონახა საერთო ენა, დაკარგა ადგილი ძირითად შემადგენლობაში და კარიერაში პირველად - ანჩელოტის სადებიუტო სეზონის შემდეგ მიულერი "ბაიერნიდან" წასვლაზე დაფიქრდა.
"ბოლო თამაშებში შეინიშნებოდა ტენდენცია, რომელიც ძალიან არ მომწონს. თუ სამწვრთნელო შტაბი მხოლოდ სათადარიგო მოთამაშედ მომიაზრებს, ამაზე უნდა დავფიქრდე. ამისათვის ზედმეტად ამბიციური ვარ. არავინ იმსახურებს კლუბში მხოლოდ იმიტომ ყოფნას, რომ პოპულარულია და გუნდს მარკეტინგულად ეხმარება. გუნდში საკუთარი ადგილი უნდა მოიპოვო. თუ ვიგრძნობ, რომ გუნდს აღარ ვჭირდები, ბიჭები ჩემს გარეშე უკეთ თამაშობენ, დროა წავიდე. ყველაზე მთავარი "ბაიერნის" წარმატება და გამარჯვებებია", - ამბობდა თომასი 2019 წლის ოქტომბერში, როდესაც "ბაიერნს" რთული პერიოდი ედგა.
აშკარა იყო, რომ გუნდს ნიკო კოვაჩი ან თომას მიულერი დატოვებდა. ხორვატი სპეციალისტი მას აღარ ენდობოდა და სათადარიგო სკამზე განამტკიცა. მიულერი კი "ბაიერნიდან" წასვლაზე სერიოზულად დაფიქრდა და "მანჩესტერ იუნაიტედთანაც" კი დაიწყო მოლაპარაკებები იანვრის ტრანსფერზე. ასეთი პერიოდები ნებისმიერი მოთამაშის კარიერაში დგება - როდესაც უბრალოდ გადატვირთვის დროა და თომას მიულერმა კიდევ ერთზელ დაამტკიცა, რომ მსოფლიო კლასის ფეხბურთელია. თომასმა მაინც გააუმჯობესა ფორმა, მოუმატა და მას შემდეგ, რაც "ბაიერნი" ჰანსი ფლიკმა ჩაიბარა, ყველაფერი დალაგდა - გერმანელმა სტრუქტურა შეცვალა და მიულერს საკუთარი თამაშის პოვნაში დაეხმარა. ფლიკის სადებიუტო თამაშშივე დორტმუნდის "ბორუსიასთან" (4:0) მიულერმა ორი ასისტი გააკეთა და მისი ხელმძღვანელობით საწყის 10 შეხვედრაში თომასმა გოლს+პასის სისტემით 13 ქულა დააგროვა.
საქმე იმაშია, რომ მიულერს კარგად ესმოდა - ის თავის ტექნიკურ და სწრაფ თანაგუნდელებს ვერ გაუწევდა კონკურენციას, ვერც აუბამდა მხარს, ამიტომ თავის თავში კვლავ უნდა გაეცოცხლებინა, როგორც თავად ამბობს, "რაუმდოიტერი" (სივრცეების მპოვნელი), ამიტომაც ყველა მწვრთნელს არ შეეძლო მისი სათანადოდ გამოყენება.
"მე რაუმდოიტერი ვარ. ჩემთვის იდეალური პოზიცია თავდამსხმელის უკან ადგილია. ფლანგებზე მოთამაშეებმა უფრო დისციპლინირებულად უნდა იმოძრაონ, აქ კი მანევრებისთვის საჭირო სივრცეები მაქვს. დიახ, ხშირად მიმართლებს, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე 5 გოლი გაგაქვს, ყველაფერს იღბალს ვერ მიაწერ", - განაცხადა მიულერმა.
2015/16 წლების სეზონი მიულერისთვის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო - გვარდიოლას ბოლო სეზონში მან 32 გოლი გაიტანა და 12 ასისტი გააკეთა. ანჩელოტი მიიჩნევდა, რომ ის არასაკმარისად კარგია ფლანგებზე და არ იცის თავდამსხმელის უკან მოქმედება. ნიკო კოვაჩმა კი ის საერთოდ სკამზე გადასვა. ახლა კი მიულერი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა, მაინც რაში მდგომარეობს ჰანსი ფლიკის საიდუმლო ?
"თუ მეუღლე მაღაზიაში სიით გიშვებთ ესეიგი ზუსტად იცით რა უნდა იყიდოთ. ხოლო როდესაც არ არის სია, უაზროდ დადიხარ დახლებს შორის და არ იცი რა უნდა დაამზადო", - ასე უპასუხა მიულერმა შეკითხვას თუ რა არის ფლიკის საიდუმლო.
თომას მიულერი არ არის კლასიკური გამთამაშებელი, თავდამსხმელი ან ცრუ ცხრიანი. თამაშგარის ხაზის კონტროლი, ფლანგებზე გადაადგილება, სივრცეების ძიება, ცენტრალურ მცველებს შორის ზონების გაჩენა, მოკლე შეხებებით თამაში - აი ესაა გერმანელი შემტევის თამაშის აღწერა. სწორედ ამის წყალობით ახერხებს მიულერი არასაკმარისი სისწრაფის, ტექნიკისა და ფიზიკური შესაძლებლობების კომპენსირებას. იქ, სადაც ნებისმიერი თავდამსხმელი კარში ურტყამს, თომასი აკეთებს გადაცემას ან აწვდის, ვინაიდან იცის, რომ ასე უფრო მეტი შანსია წარმატების.
"თომასი არაა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ უდავოდ საუკეთესოა როლში, რომელიც თავისთვის შეიმუშავა", - ამბობდა თავის დროზე იუპ ჰაინკესი.
გასულ სეზონში მიულერმა ბუნდესლიგაში თამაშიდან 20 საგოლე გადაცემა გააკეთა და კევინ დე ბრუინის რეკორდი გააუმჯობესა. რა თქმა უნდა, ამაში წვლილი მიუძღვის რობერტ ლევანდოვსკისაც, მაგრამ მეორე მხრივ, სწორედ იმ სეზონში, როდესაც მიულერმა კვლავ იპოვნა საკუთარი თავი, აკრიფა ფანტასტიკური ფორმა და აჩვენა კარიერის საუკეთესო თამაში, პოლონელმა ყველაზე მეტი გოლის გატანა მოახერხა კარიერაში. შესაძლოა ნეიტრალური ქომაგებისათვის მიულერის თამაში არც ისე მიმზიდველი და უფრო მეტიც, გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ მიულერი "ბაიერნის" უცვლელი ფიგურაა, მისი როლი უდიდესი და ფასდაუდებელია მოედანზე.
"ხალხს ყოველთვის მარტივი ახსნა სურს. გოლი გაიტანე - ან გაგიმართლა ან სუპერტალანტი ხარ. რეალურად კი გოლი ყოველთვის რამდენიმე მოთამაშის ჭკვიანური მოქმედების შედეგია", - თომას მიულერი.
ახლა კი გადავხედოთ თომას მიულერის კარიერს ციფრებში:
ბუნდესლიგა: 351 მატჩი, 118 გოლი, 145 ასისტი.
ჩემპიონთა ლიგა: 115 მატჩი, 46 გოლი, 23 ასისტი.
მსოფლიო ჩემპიონატი: 16 მატჩი, 10 გოლი, 6 ასისტი.
გერმანიის ნაკრები: 100 მატჩი, 38 გოლი, 36 ასისტი.
9 გერმანიის ბუნდესლიგა
6 გერმანიის თასი
2 ჩემპიონთა ლიგა
მსოფლიო თასი
კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული
უეფას სუპერთასი
5 გერმანიის სუპერთასი
2 ტრებლი
ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფების ისტორიაში მესამე საუკეთესო ბომბარდირი - კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შემდეგ.ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველა დროის მე-10 ბომბარდირი.მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველა დროის მე-7 ბომბარდირი.ბუნდესლიგის რეკორდსმენი ერთ სეზონში გაკეთებული საგოლე გადაცემებით.მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს და ვერცხლის ბუცების მფლობელი.დაბოლოს, ყველაზე მთავარი ისაა, რომ თომას მიულერი ნამდვილი "ბავარიელია" - ის მიუნხენურ გრანდს ეკუთვნუდა, ეკუთვნის და მიეკუთვნება კიდეც. თუ ანჩელოტისა და კოვაჩს არ ჩავთვლით, მიულერი ნებისმიერი მწვრთნელის ეპოქაში გუნდის საკვანძო ფიგურა იყო და ჰანსი ფლიკთან ერთად ის და "ბაიერნი" თავიდან დაიბადნენ. ასე და ამგვარად - 2020 წლის დაწყებას მიულერი სულაც არ აპირებდა მიუნხენურ კლუბში, საბოლოოდ კი კარიერაში მეორე დიდი ტრიუმფი იზეიმა - ტრებლი და ჩემპიონთა ლიგა!