მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა წარმატებული სეზონის საიდუმლო გაამხილა.
"წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი სამმა ფეხბურთელმა შეიტანა. პირველ რიგში ეს მანუელ ნოიერია, ჩვენი გუნდის კაპიტანი და უდაო ლიდერი. ასევე რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც თავდასხმის ხაზში ნამდვილი ცხოველივით მოქმედებდა. და ბოლოს თომას მიულერი, რომლის გამოცდილებამ და ლიდერულმა თვისებებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს."
"დაცვის ხაზში დიდი როლი ითამაშა დავიდ ალაბას ცენტრში გადაწევამ. ის ძალიან კომუნიკაბელურია და მატჩის მიმდინარეობის დროს ფეხბურთელებთან აქტიურად კონტაქტობს, შესაბამისად, ხშირად წარმართავს თამაშის მიმდინარეობასაც." - აცხადებს ფლიკი.
დეტალურად რომ მივყვეთ, ფლიკის მიერ დასახელებულმა სამივე ფეხბურთელმა მართლაც უდიდესი როლი ითამაშეს გამარჯვებაში.
მანუელ ნოიერი სეზონის გადამწყვეტ ფაზაში საოცრად მოქმედებდა. მან ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში და ფინალში გოლი არ გაუშვა და შეიძლება ითქვას, რომ ტიტულის მოპოვება მეტწილად მისი დამსახურებაა. რობერტ ლევანდოვსკის წვლილზე თავად ციფრებიც მეტყველებს. პოლონელი ყველა ტურნირზე საუკეთესო ბომბარდირი გახდა და France Football-ის გადაწყვეტილება რომ არა, დიდი ალბათობით, ოქროს ბურთსაც დაისაკუთრებდა.
რაც შეეხება თომას მიულერს. ეს არის ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე დიდი გარდასახვა მოახდინა ფლიკის ხელში. ნიკო კოვაჩისგან ათვალწუნებული თომასი უკვე ახალ კლუბში გადასვლას გეგმავდა, როდესაც ჰანსმა სასტარტო თერთმეტეულში დააბრუნა და გუნდის უცვლელ წევრად აქცია. როგორ შეიცვალა მიულერის როლი "ბაიერნში", შეგიძლიათ დეტალურად იხილოთ აქ.