ბუნდესლიგაში საჩემპიონო ბრძოლა გრძელდება - მიუნხენის "ბაიერნმა" შინ დორტმუნდის "ბორუსიას" გადაურბინა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.
მიუნხენელებმა მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და სწრაფი გოლი გაიტანეს. მანამდე "ბორუსიას" ჰქონდა მომენტი, როდესაც მარკო როისის ჭკვიანური პასის შემდეგ მაჰმუდ დაუდმა ბურთი ძელს გაარტყა.
მე-10 წუთზე ტიაგო ალკანტარას კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მატს ჰუმელსმა თავით კარში გადაგზავნა და ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გატანილი ბურთი არ აღნიშნა - 1:0!
დაახლოებით 7 წუთში საშინელი შეცდომა დაუშვა დორტმუნდელების მცველმა, ზაგადუმ, რომელსაც რობერტ ლევანდოვსკიმ წაართვა ბურთი, კარიდან გამოსულ რომან ბიურკის ელეგანტურად გადაუგდო თავზე და აკრობატულ ნახტომში "ბაიერნი" ორი ბურთით დააწინაურა.
ორ წუთში კი "ბორუსიას" დაცვა კვლავ ჩავარდა და თომას მიულერის ჩაწოდების შემდეგ სერჟ გნაბრიმ თავისი მორიგი გოლი გაიტანა.
"ბაიერნმა" "დერ კლასიკერი" 5:0 მოიგო და ლიდერობა დაიბრუნა. ბუნდესლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მიუნხენელები 1 ქულით გავიდნენ წინ.