მიუნხენის "ბაიერნს" ახლა თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი უდგას - რევოლუციისა და შემადგენლობის განახლების ეტაპი.
"სუპერ-ბაიერნიდან", რომელმაც 2013 წელს ისტორიული ტრებლი გაიფორმა და ევროპის საუკეთესო გუნდი გახდა, სულ უფროდაუფრო ცოტა მოთამაშე რჩება, ზაფხულში კი ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის უნიკალური ეპოქაც დასრულდება.
კლუბის ხელმძღვანელობამ როგორც იქნა უარი თქვა მკაცრ სატრანსფერო პოლიტიკაზე, უკვე განახორციელა ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი (ლუკა ერნანდესი 80 მილიონ ევროდ) და ზაფხულში კიდევ უფრო მეტის დახარჯვას გეგმავს.
მოკლედ, მიუნხენური გრანდის ბოსები მიხვდნენ, რომ საჭიროა დიდი ინვესტიციები იმისათვის, რომ გუნდმა თაობათა ცვლა და განახლება ჯანსაღად, ღირსეულად გადაიტანოს. თუმცა ამას ახლა ემატება კიდევ ერთი თავისტკივილი - ღირს თუ არა ამ დიდი და საკმაოდ ფასეული პროექტის ნიკო კოვაჩისთვის ჩაბარება? ეს არის საკითხი, რომელზეც არათუ გულშემატკივრები, არამედ "ბაიერნის" ბოსებიც კი ვერ თანხმდებიან.
ერთ დღესაც კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა: "ჩვენ კლუბში მუშაობის გარანტიას ვერავის მივცემთ. ყველა უნდა განვითარდეს - ასეთია ჩვენი კლუბის პრინციპი. ამავდროულად, ყველას უნდა შეეძლოს ზეწოლის გამკლავება. თუ ამას ვერ აკეთებთ, მაშინ ეს თქვენთვის შესაფერისი კლუბი არაა".
რუმენიგესგან განსხვავებით, ული ჰიონესი ნიკო კოვაჩს მუდმივად იცავს. თუმცა კლუბის ერთ-ერთი ბოსი რატომ არ არის ნიკოში დარწმუნებული?
გავიხსენოთ რა მოხდა გასულ წელს. კალე რუმენიგე მთავარ კანდიდატად განიხილავდა თომას ტუხელს, რომელიც ული ჰიონესმა თავიდანვე უარჰყო. რამდენიმე დღეში ტუხელი "პსჟ-ს" თავკაცი გახდა. ულის ფავორიტი იყო ნიკო კოვაჩი, რომელიც მაშინ ფრანკფურტის "აინტრახტში" იმყოფებოდა. მწვრთნელი, რომელსაც არ აქვს გამოცდილება, მაგრამ კლუბის ყოფილი მოთამაშეა და აქვს "ბაიერნის" გენები. იმავე პრინციპით იქნა შერჩეული სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩიც.
ერთი რამ ცხადია - საშემოდგომო კრიზისის დროს კალე რუმენიგე მზად იყო კოვაჩის გასათავისუფლებლად, მაგრამ ჰიონესი არა. მოგვიანებით ბოსები ამ თემაზე მოთამაშეებს გაესაუბრნენ და "ბაიერნმა" ლისაბონის "ბენფიკა" ჩემპიონთა ლიგაზე გაანადგურა. ამავდროულად, არსენ ვენგერის კანდიდატურა ეგრევე უარყოფილი იქნა, ხოლო ამას ბუნდესლიგაში ზედიზედ 7 გამარჯვება მოჰყვა და ნიკომ სკამი შეინარჩუნა.
დამაინც, რა არ მოსწონს რუმენიგეს? ნიკოს ფილოსოფია და დაცვაზე ორიენტირება. კალე მიიჩნევს, რომ კოვაჩს არ აქვს გუნდის შეტევაში მოქმედების მკაფიო გეგმა. მისი მოლოდინი კი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გამართლა, როდესაც მიუნხენელები "ლივერპულთან" 1:3 დამარცხდნენ.
გენერალურ დირექტორს სურს სახელოვანი და გამოცდილი მწვრთნელი, რომელსაც უკვე აქვს წარმატებები საერთაშორისო დონეზე. რუმენიგემ მადლობა გადაუხადა ვან გაალს, ჰაინკესს, გვარდიოლასა და ანჩელოტის, მაგრამ არა კოვაჩს. ჰიონესს კი კოვაჩის გათავისუფლება იმ მიზეზითაც არ სურს, რომ ეს ერთგვარი შეცდომის აღიარება იქნება.
მოკლედ, "ბაიერნის" ბოსებიდან ერთ-ერთი უფრო ცივსისხლიანია და კლუბის მიზნებს უფრო მაღლა აყენებს, მაგრამ პრეზიდენტი ული ჰიონესი უფრო გულჩვილი და მომთმენია. ისიც აღიარებს, რომ კოვაჩი ახალგაზრდა და გამოუცდელი მწვრთნელია, მაგრამ მზად არის მას შანსი მისცეს.