მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა და გოლკიპერმა, მანუელ ნოიერმა, გუშინ დაანონსებული პრესკონფერენცია გამართა.
31 წლის გერმანელმა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სეზონის დარჩენილ ნაწილში გუნდის მიზნები განიხილა.
დაბრუნების ვადაზე: "ამ ეტაპზე რამის ვარაუდი ნაადრევია. რა თქმა უნდა, ჩემი მიზანია, რომ რაც შეიძლება მალე გამოვჯანმრთელდე. ვფიქრობ, "ლაიფციგთან" მატჩი ყველაზე რეალური სამიზნეა".
ტრავმაზე: "ფორტუნასთან" მატჩში მივხვდი, რომ კუნთი მაქვს დაჭიმული. მინდა, რომ სეზონის ბოლომდე დავბრუნდე, ვინაიდან ჩვენ ჩემპიონობისთვის ვიბრძვით და აგრეთვე გერმანიის თასის ფინალი გვაქვს სათამაშო".
დორტმუნდის "ბორუსიასთან" მატჩზე: "დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრაში პრინციპში არაფერი გამიკეთებია, თამაშში ჩართვის საშუალება არ მქონია. "ფორტუნასთან" მატჩის წინ სრული ვარჯიში არ ჩამიტარებია, მაგრამ პირველ ტაიმში თავს კარგად ვგრძნობდი. ასეთი რაღაცების წინასწარ მიხვედრა რთულია, ფეხბურთში ასეთები ხდება".
სვენ ულრაიხზე: "მისი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, თავის საქმეს კარგად გაართმევს თავს. მე კი ცხადია ყოველთვის გუნდთან ერთად ვიქნები".
მიმდინარე სეზონზე: "ამ სეზონში ბევრი ახალი რამ მოხდა. სატურნირო ცხრილს ვლიდერობთ, მაგრამ წინ რთული მატჩებია, თუმცა დორტმუნდის "ბორუსიასაც" არ აქვს იოლი შეხვედრები. სეზონის ბოლო თამაშებში მაქსიმალური კონცენტრაცია იქნება საჭირო".
მანუ ნოიერმა დუისელდორფის "ფორტუნასთან" ბოლო შეხვედრაში (4:1) ბარძაყის კუნთი დაიჭიმა და მოედანი მეორე ტაიმის დასაწყისში იძულებით დატოვა.