გერმანული ფეხბურთის ფედერაცია თასის 1/2 ფინალურ შეხვედრაში, ბრემენის "ვერდერსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის, მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
ბრემენში, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, მატჩის მთავარმა მსაჯმა "ვერდერის" კარში საკამათო პენალტი დანიშნა და საინტერესოა, რომ ამ ეპიზოდის ეკრანზე გადამოწმება არ ისურვა.
თერთმეტმეტრიანი რობერტ ლევანდოვსკიმ გოლად აქცია და "ბაიერნი" ფინალში გაიყვანა, ხოლო ამ მომენტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა.
გერმანული ფეხბურთის ფედერაციამ კი აღიარა, რომ ამ შემთხვევაში მსაჯი არასწორად მოიქცა და პირველ რიგში, დაარღვია VAR-ს გამოყენების წესები, ვინაიდან არ დაამყარა კომუნიკაცია ასისტენტებთან.
გარდა ამისა, ფედერაციაში აღიარეს, რომ წესების მიხედვით, პენალტი დასადები არ იყო.