გუშინ მიუნხენის "ბაიერნის" ისტორიაში ერთი დიდი ეპოქალური თავი დაიხურა - "რეკორდმაისტერმა" კლუბის ორი ლეგენდა, სიმბოლო და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერები გააცილა.
"ალიანს არენაზე" ბუნდესლიგის საჩემპიონო თამაშის დაწყებამდე გულშემატკივრებს, კლუბსა და თანაგუნდელებს არიენ რობენი და ფრანკ რიბერი დაემშვიდობნენ. დაიხურა ათწლიანი ეპოქა, რომელიც "ბაიერნის" ქომაგებს არასოდეს დაავიწყდებათ.
"რობერის" დუეტი ბუნდესლიგის თანამედროვე ისტორიაში უდავოდ ყველაზე გამორჩეული და ძლიერია - მათ ერთად უამრავი ტიტული მოიგეს, "ბაიერნს" არაერთი ულამაზესი მომენტი აჩუქეს და რაც მთავარია, 2013 წელს შექმნეს ჩემპიონთა ლიგის ისტორიული ტიტულის მომტანი გოლი.
ყველაფერი კი 12 წლის წინ დაიწყო...
რობენის ფანტასტიკური სოლო-გოლი "შალკესთან"
სადებიუტო სეზონში არიენმა ჩემპიონთა ლიგაზეც გაიბრწყინა. მან "ბაიერნი" ჯერ 1/8 ფინალში გააძვრინა "ფიორენტინასთან" გადამწყვეტი ფანტასტიკური გოლით და იგივე სცენარი განმეორდება 1/4 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედთან". პირველი მატჩი მიუნხენელებმა შინ 2:1 მოიგეს, ხოლოდ "ოლდ ტრაფორდზე" 3:0 აგებდნენ...
პირველი ტაიმის ბოლოს ივიცა ოლიჩმა ერთი ბურთი გაქვითა, მეორე ტაიმში ინგლისელები უმცირესობაში დარჩნენ, ხოლო ამას მოჰყვა "რობერის" კარიერაში ყველაზე დიდი და განუმეორებელი შედევრი: ფრანკ რიბერიმ კუთხურიდან ბურთი პირდაპირ არიენ რობენს ჩაუგდო და ჰოლანდიელმა ჰაერიდან ედვინ ვან დერ სარს შორეულ დაბალ კუთხეში ულამაზესად ჩაუსვა - "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდა, ხოლო რიბერიმ და რობენმა ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი მომენტი შექმნეს.
ლუი ვან გაალის გუნდმა ნახევარფინალში ლიონის "ოლიმპიკი" მარტივად გაიარა - მიუნხენში "ბაიერნს" რობენმა მოაგებინა (1:0), ხოლო საფრანგეთში ოლიჩმა გაიფორმა ჰეთ-თრიკი - 3:0.
2010 წლის მადრიდის ფინალი კი "ბაიერნმა" მილანის "ინტერთან" 0:2 დათმო. რობენი თანამემამულე უესლი სნეიდერს ულოცავს ჩემპიონობას, რიბერიმ კი ფინალური მატჩი უეფას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
ვან გაალისა და რობენის პირველი წარმატებული სეზონის შემდეგ დორტმუნდის "ბორუსიამ" შეაჩერა მიუნხენური გრანდი - იურგენ კლოპის გუნდმა 2011 წელს იზეიმა ჩემპიონობა და მომდევნო წელს ტიტული შეინარჩუნა.
2012 წელს "ბაიერნმა" "ბორუსიასთან" გერმანიის თასის ფინალშიც წააგო - მიუნხენური გრანდი 2:5 განადგურდა. ზედიზედ ორი წელი უტიტულოდ!
ყველაზე დიდი ტრაგედია ჩემპიონთა ლიგაზე დატრიალდა - იუპ ჰაინკესმა "ბაიერნი" მშობლიურ ფინალში გაიყვანა. "რეკორდმაისტერი" ლონდონის "ჩელსისთან" სრულიად დომინირებდა, ბოლოსკენ გოლიც გაიტანა, მაგრამ დიდიე დროგბამ ფინალი დამატებით დროში გადაიყვანა.
პირველი დამატებითი ტაიმის დროს "ბაიერნმა" მოიპოვა პენალტი, რომელიც არიენ რობენმა შეასრულა და სამწუხაროდ, მას პიტერ ჩეხმა აუღო. პენალტების სერიაში კი "ბაიერნი" 3:4 დამარცხდა და ისტორიაში უდიდესი შავი ლაქა შეიტანა - წაგებული ფინალი საკუთარ მოედანზე.
2013 წლის ლეგენდარული ფინალი
"რობერის" გაცილება