მიუნხენურმა გრანდმა ორწლიანი შესვენების შემდეგ გერმანიის თასის ტიტული დაიბრუნა და ნიკო კოვაჩმა სადებიუტო სეზონში დუბლი დადო.
გერმანიის თასის ფინალში "რეკორდმაისტერმა" ბერლინში "ლაიფციგი" 3:0 გაანადგურა და მორიგი ტურნირი მოიგო.
მიუნხენელებს თავიდან თამაში არ წაუვიდათ, "ლაიფციგმა" მჭიდრო და აქტიური პრესინგით "ბაიერნს" ბურთის გათამაშების საშუალება არ მისცა.
პირველი საგოლე მომენტიც "ხარებმა" შექმნეს - კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავით იუსუფ პოულსენი შეწვდა და "ბაიერნი" რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა მანუელ ნოიერმა ფანტასტიკური რეაქციით გადაარჩინა.
"რეკორდმაისტერმა" კი თავისი პირველივე შანსი გამოიყენა - კომანმა მარცხენა ფრთაზე დავიდ ალაბას გაუყოლა, ხოლო ავსტრიელის ჩაწოდების შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ ფანტასტიკური თავური დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0.
პირველი ტაიმი მიუნხენელებმა 1:0 მოიგეს, მეორე ნახევრის სტარტზე კი მანუ ნოიერს კვლავ მოუწია სუპერ-სეივის განხორციელება. ემილ ფორსბერგი მანუსთან პირისპირ დარჩა, მაგრამ კაპიტანმა "ბაიერნი" კვლავ იხსნა.
თავისი მომენტები ჰქონდათ მიუნხენელებსაც და პეტერ გულაჩის რამდენიმეჯერ მოუწია თამაშში ჩართვა. შეხვედრის 65-ე წუთზე კი 8 თვიანი შესვენების შემდეგ მოედანს კორენტენ ტოლისო დაუბრუნდა - ფრანგმა ცენტრმა ხავი მარტინესი შეცვალა.
რამდენიმე წუთში კი იოზუა კიმიხის დიდებული გადაცემის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ აკრიფა სისწრაფე, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ოსტატურად გადაუგდო ბურთი - 3:0.
შეხვედრის ბოლო წუთზე არიენ რობენს იდეალური შანსი მიეცა, მაგრამ ჰოლანდიელმა მარჯვენა ფეხით ცარიელ კარს გადააცილა ბურთი.
ნიკო კოვაჩმა გერმანიის თასის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო, ხოლო "ბაიერნმა" ეს ტურნირი ისტორიაში მე-19-ედ მოიგო.