მიუნხენის "ბაიერნის" სათადარიგო გოლკიპერი, სვენ ულრაიხი, გერმანიის ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს.
ევრო 2020-ს შესარჩევი ეტაპის მორიგი თამაშების წინ ლონდონის "არსენალის" მეკარემ, ბერნდ ლენომ, ტრავმა მიიღო.
ლენოს ნაცვლად კი "ბუნდესთიმის" სამწვრთნელო შტაბმა "რეკორდმაისტერის" მეორე გოლკიპერს უხმო.
30 წლის ულრაიხისთვის ეს პირველი გამოძახებაა ეროვნულ გუნდში. 2018/19 წლების სეზონში მას 12 მატჩის ჩატარება მოუწია.
სეზონის ბოლო რამდენიმე კვირა მანუელ ნოიერმა გამოტოვა და მანუს მაგივრად სწორედ ულრაიხი იცავდა "ბაიერნის" კარს.
გერმანიის ეროვნული გუნდი 8 ივნისს სტუმრად ბელარუსს შეხვდება, ხოლო სამ დღეში ესტონეთის ნაკრებს უმასპინძლებს.