მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობა მზად არის კატალონიის "ბარსელონას" ინტერესები სათავისოდ გამოიყენოს.
ბოლო დღეებში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ "ბლაუგრანამ" თვალი დაადგა "რეკორდმაისტერის" მარცხენა მცველ დავიდ ალაბას, რომელსაც ხორდი ალბას შემცვლელად განიხილავს.
ცნობილი ესპანური გამოცემა "Mundo Deportivo" იტყობინება, რომ "ბაიერნი" კატალონიური კლუბისთვის გარიგების შეთავაზებას აპირებს - დავიდ ალაბა უსმან დემბელეს სანაცვლოდ.
გერმანული გრანდი ლეგენდარული ვინგერების, არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის, ღირსეული შემცვლელების ძიებაშია და 22 წლის უნიჭიერესი ფრანგი შემტევი ერთ-ერთი ალტერნატივაა.
უსმან დემბელეს მოქმედი კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. 2018/19 წლების სეზონში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა 42 თამაშში 14 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.