2 თვიანი ლოდინის შემდეგ დადგა ნანატრი დღეც - მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგაზე დიდ საღამოს გამართავს.
ნიკო კოვაჩის გუნდი მერვედფინალურ ეტაპზე ტურნირის მოქმედ ვიცე-ჩემპიონ "ლივერპულს" შეხვდება და პირველი მატჩი "ენფილდზე" გაიმართება.
ლივერპული - ბაიერნი
დასაწყისი: 00:00 საათი
მთავარი მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)
გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა
მერსესაიდულ გრანდს ბოლო 1 თვის განმავლობაში მძიმე პერიოდი ჰქონდა - იურგენ კლოპის გუნდი დამარცხდა უშუალო კონკურენტ "მანჩესტერ სიტისთან" (1:2), რასაც "ვულვერჰემპტონთან" მარცხი (1:2) და ასოციაციის თასიდან გამოვარდნა მოჰყვა. ამის შემდეგ "წითლებმა" პრემიერ ლიგაში "ბრაიტონი" (1:0) და "კრისტალ პალასი" (4:3) მძიმე ბრძოლებში დაამარცხეს, რასაც ზედიზედ ორი ფრე მოჰყვა "ლესტერთან" (1:1) და "ვესტ ჰემთან" (1:1). ეს წარუმატებელი სერია "წითლებმა" 9 თებერვალს შეწყვიტეს და სახლში "ბორნმუთი" 3:0 გაანადგურეს. "ლივერპული" 65 ქულით ინგლისის პრემიერ ლიგას "სიტისთან" ერთად ლიდერობს, მაგრამ ბურთების უარესი სხვაობის გამო მეორე პოზიციაზეა, უბრალოდ ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.
მიუნხენური კლუბი 2019 წელს ძალიან შედეგიანად თამაშობს, მაგრამ ეს იმის ფონზე, რომ თავადაც ბევრ გოლს უშვებს. ნიკო კოვაჩის გუნდმა მეორე წრის სტარტიდან მოყოლებული ყველა ტურნირზე ერთად 6 თამაში ჩაატარა და ყოველ შეხვედრაში მინიმუმ 4 ბურთი გავიდა, საერთო ჯამში - 27! "რეკორდმაისტერს" დაცვაში პრობლემები აქვს, მაგრამ შეტევითი ხაზი საკმაოდ კარგად მუშაობს. ახალი წელი მშვენიერ ფორმაში დაიწყეს ახალგაზრდა გერმანელმა ახალწვეულებმა - ლეონ გორეცკამ დ სერჟ გნაბრიმ. ნელ-ნელა კრეფს ოპტიმალურ ფორმას ხამეს როდრიგესიც, რომელსაც კოვაჩი ბოლო პერიოდში უფრო მეტად ენდობა.
გუნდების საკადრო მდგომარეობა:
"ლივერპული" პირველ მერვედფინალურ შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდება. იურგენ კლოპს დისკვალიფიკაცირებული დაცვის ლიდერი ვირჯილ ვან დეიკი აკლია. გარდა ამისა გუნდს ჯო გომესი და დეიან ლოვრენიც ვერ ეხმარებიან, ამიტომ დაცვაში ჟოელ მატიპისა და ფაბინიოს ექსპერიმენტალური თანდემი იმოქმედებს.
რაც შეეხება მიუნხენურ გრანდს, "ბაიერნს" კვლავ ვერ ეხმარებიან კორენტენ ტოლისო და არიენ რობენი. ფრანკ რიბერი გუნდს მოგვიანებით შეუერთდა, ხოლო ჟერომ ბოატენგს კუჭის პრობლემები აწუხებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
ლივერპული: ალისონი - არნოლდი, მატიპი, ფაბინიო, რობერტსონი - ჰენდერსონი, მილნერი, ვიინალდუმი - შაქირი, სალაჰი, მანე.
ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - გორეცკა, ტიაგო - გნაბრი, ხამესი, კომანი - ლევანდოვსკი.
მთავარი საფრთხე - იურგენ კლოპი!
2008 წელს კლოპმა ჩაიბარა დორტმუნდის "ბორუსია", რომელიც ფანტასტიკურად განავითარა და 2011 და 2012 წლებში "ბაიერნს" ზედიზედ ორჯერ წაართვა ვერცხლის სინი, 2012 წელს კი გერმანიის თასის ფინალში მიუნხენელები 5:2 გაანადგურა. სწორედ კლოპის უნიკალურმა შრომამ აიძულა "ბაიერნის" ხელმძღვანელობა, რომ გამოფხიზლებულიყო და დაეწყო ახალი წარმატებული ეპოქა.
"იურგენ კლოპის მუდმივად მადლობელი ვარ. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ ახლა აქ ვიმყოფები. მან ჩემში დაინახა პოტენციალი, რომელსაც მეც კი ვერ ვხედავდი. ჩემი მას უფრო სჯეროდა, ვიდრე თავად მე!", - აღნიშნა დღევანდელი თამაშის წინ რობერტ ლევანდოვსკიმ.
შეხვედრა ყოფილ ბავარიელთან
დღევანდელი თამაში განსაკუთრებული იქნება "ლივერპულის" 27 წლის შვეიცარიელი ლეგიონერისთვის, ხერდან შაქირისთვის, რომელიც თავის ყოფილ კლუბს უპირისპირდება. შაქირი "ბაიერნის" ღირსებას 2012-15 წლებში იცავდა და 81 შეხვედრაში 17 ბურთის გატანა მოახერხა.
შაქირი არ ყოფილა "ბაიერნის" ძირითადი ფიგურა, მაგრამ სათადარიგო სკამიდან თამაშში ყოველთვის აქტიურად ერთვებოდა და მოედანზე ყველაფერს დებდა. შაქირი ასევე სასარგებლოა კლოპისთვის - მიმდინარე სეზონში შვეიცარიელმა 24 თამაშში 6 გოლი გაიტანა და თუ "ბაიერნთან" მიეცემა შანსი საოცრად მოტივირებული იქნება.
პირველი დიდი ტესტი ნიკო კოვაჩისთვის
მიუნხენური კლუბის მინუსი "ლივერპულთან" მიმართებაში მთავარი მწვრთნელია - ნიკო კოვაჩი სიმპათიური ტიპია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ დაიმსახურა "ბაიერნის" ქომაგების სიმპათიები სპორტული თვალსაზრისით. 47 წლის ხორვატის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ კოვაჩი დიდ ფეხბურთში მაინც ახალი პერსონაა, შესაბამისად აკლია გამოცდილება და ისეთი საღამოები, რომელიც "ენფილდზე" დღეს გაიმართება.
ასე, რომ ეს კოვაჩის კარიერაში ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება და შესაძლოა მასზე ძალიან დიდი გავლენა იქონიოს. თუ ნიკო "ლივერპულის" ბარიერს გადალახავს ეს მისთვის უდიდესი წარმატება იქნება და კოვაჩის ფილოსოფიას რადიკალურად შეცვლის.
ფაქტები და სტატისტიკა: